გიორგი გაგლოევი (დ. 7 ნოემბერი, 1883, ჭარები, გორის მაზრა — გ. 10 ნოემბერი, 1937) — პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

გიორგი გაგლოევი
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი, 1883(1883-11-07)
დაბ. ადგილი ჭარები
გარდ. თარიღი 10 ნოემბერი, 1937(1937-11-10) (54 წლის)
საქმიანობა პოლიტიკოსი
ალმა-მატერი University of Mannheim

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი ალექსის ძე გაგლოევი დაიბადა 1883 წლის 7 ნოემბერს, გორის მაზრის სოფელ ჭარებში.

დაწყებითი განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში. სწავლობდა ტფილისის სასულიერო სემინარიაში. 1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრსი. 1903 წლიდან გაგლოშვილის გვარით მუშაობდა სოფელ ვანათის სამრევლო სკოლის მასწავლებლად. 1905 წლიდან მშაობდა რსდმპ-ის "მენშევიკების" ფრაქციაში. რეაქციის დაწყების შემდეგ 1906 წლიდან მუშაობდა მოსკოვისა და თერგ-დაღესტნის პარტიულ ორგანიზაციებში, საიდანაც 1907 წელს აირჩიეს დელეგატად რსდმპ ლონდონის ყრილობაზე. 1908–1912 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ - გერმანიასა და შვეიცარიაში, მუშაობდა მანჰაიმის და დავოსის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში. ელექტროტექნიკოსის სპეციალობით დაამთავრა გერმანიის მანჰეიმის უმაღლესი საინჟინრო სასწავლებლის კურსი.

1912 წლიდან დაბრუნდა რუსეთის იმპერიაში და პარტიულ მუშაობას ეწეოდა ჩრდილო კავკასიაში - არმავირში. 1917 წლიდან არჩეული იყო ოსეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების დროს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ყუბანისა და შავი ზღვის საარჩევნო ოლქში. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გზათა კომისიის წევრი.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა. დაგმო 1924 წლის აგვისტოს აჯანყება.[1] 1930 წელს გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს გიორგი გაგლოევი დააპატიმრეს ჯაშუშობის, მავნებლობისა და სხვა ბრალდებებით. 1937 წლის 9 ნოემბერს გიორგი გაგლოევს დახვრეტა მიუსაჯეს. დახვრიტეს 10 ნოემბრის ღამეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 182-183.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ყოფილი მენშევიკები უკანასკნელ ავანტიურის შესახებ“, გაზ. „წითელარმიელი“, №591, 6 სექტემბერი, 1924, – გვ. 4.