გიორგიწმინდის ღვთისმშობლის მესამე ეკლესია
გიორგიწმინდის ღვთისმშობლის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. აქვე მდგარ ღვთისმშობლის ეკლესიის გვერდით. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (5X3,4 მეტრზე), უაფსიდოა. ნაგებია რიყის წვრილი ქვითა და აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვითაა, რომლებშიც ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა მხარეს დახრილი ქვებით გამოყვანილი რიგები. კედლების ზედაპირი კი დუღაბითაა გასწორებული. კამარა და შესასვლელი ღიობი გამოყვანილია აგურით. კუთხეებში აგურისა და მოზრდილი, რიყის ქვის შერეული წყობაა (მონაცვლეობით). ფასადებისაგან განსხვავებით შიგნით კედლების წყობის ხარისხი რამდენამდე დაბალია.
ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: ჩამოშლილია სახურავის საფარი, მონგრეულია ჩრდილოეთ ფასადის ზედა ნახევარი, ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხე (მთელ სიმაღლეზე) და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილი, ჩამოქცევის პირასაა მისული კამარა.
შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში რიყის მოზრდილი ქვით ნაწყობი, თითქმის პარალელურწირთხლებიანი სარკმელია, რომელსაც ძირი თარაზული აქვს და გარეთკენ საფეხურებად დაბლდება იმდენად, რომ სარკმლის გარეთა ღიობი ფორმით კვადრატს უახლოვდება. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო, პატარა სწორკუთხა ნიშაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 91.