პავლე გილაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან გილაშვილი, პავლე)

პავლე გიორგის ძე გილაშვილი (დ. 2 მაისი, 1918, თბილისი ― გ. 1 ოქტომბერი, 1994, იქვე) — ქართველი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის წევრი 1939 წლიდან.

1956 წელს დაამთავრა სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა. 1934-1937 წლებში თბილისის სტალინის სახელობის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში მუშაობდა ზეინკლად. 1937-იდან კომკავშირულ სამუშაოზეა, 1939-იდან — წითელ არმიაში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.

დემობილიზაციის შემდეგ ისევ პარტიულ სამუშაოს უბრუნდება: საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის ლენინის სახელობის რაიკომის მეორე, შემდეგ პირველი მდივანი, ცხინვალის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე, რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, სკკპ ცკ-ის ინსტრუქტორი. 1967-იდან აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1972-იდან საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1976-1989 — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო საქართველოს სსრ-ის IV, X, XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აგრეთვე სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე, სკკპ ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრი, სსრკ VIII-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ოქტომბრის რევოლუციის, წითელი ვარსკვლავის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 154.
  • ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 617, თბ., 1997

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება