მირზა გელოვანი
მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი (დ. 2 მარტი, 1917, ნაქალაქარი, ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი ― გ. ივლისი, 1944, ვიტებსკის ოლქი, ბელორუსიის სსრ) — ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ).
მირზა გელოვანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 მარტი, 1917 |
დაბადების ადგილი | თიანეთი |
გარდაცვალების თარიღი | 26 ივნისი, 1944[1] [2] (27 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Biešankovičy District, ბელორუსიის სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | სანიკი და Q89042722? |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ჟანრი | ლირიკა |
ჯილდოები | რუსთაველის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებამირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი). 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში“, „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა ჟურნალში „ჩვენი თაობა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ-მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: „თუშის ქალი წყაროზე“, „ცხრაკარა“, „შავლეგო“, „მელოდე“, „მთაწმინდიდან სმოლენსკამდე“, „იჯექი წყნარად“, „მთვარე“, „შემოღამება საბადურზე“, „მახსოვს“, „ხრეშად დაცვივდა სიტყვები“; ასევე აღსანიშნავია ბალადა „აონი“, პოემა „შავნაბადა“ და სხვა. მირზა გელოვანმა სულ სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა:
„წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან
აელვებული იდგა თბილისი“.
გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: „ლექსები“ (1954), „შავნაბადა“ (1956), „ცხრაკარა“ (1960), „უბის წიგნაკიდან“ (1964), „თეთრი მიწა“ (1972), „ფრონტული ლექსები“ (1975).
მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია (1973). თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი.
მირზა გელოვანი გარდაიცვალა ომის მიწურულს, 1944 წლის ივლისში, როდესაც უკანგაქცეულ მტერს დადევნებული დასავლეთ დვინის სამდინარო დაბრკოლებაზე გადადიოდა. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- აგიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 39.
- აგიაშვილი ნ. ჭაბუკები დარჩნენ მარად, თბილისი, 1971