გახეიბრება
გახეიბრება — დასახიჩრება, ადამიანის სხეულის შემთხვევით ან განზრახ დაზიანება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გარეგნობის ცვლილება ან ფუნქციების დარღვევა, ზოგჯერ ადამიანის სიკვდილიც; წარსულში — ერთ-ერთი გავრცელებული სასჯელი.
ძველაღმოსავლურ სამართალში გამახეიბრებელი, დამასახიჩრებელი სასჯელი დამნაშავეს შეეფარდებოდა ტალიონის პრინციპის მიხედვით („თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“). ხამურაბის კანონები გახეიბრებისას ითვალისწინებდა დაზარალებულისა და დამნაშავის სოციალურ მდგომარეობას. თუ დაზარალებული ღარიბი იყო, წარჩინებული ფენის წარმომადგენელ დამნაშავეს გახეიბრების ნაცვლად ფულად ჯარიმას ახდევინებდნენ. დამასახიჩრებელ სასჯელებს ხშირად იყენებდნენ ბიზანტიურ სამართალში. იუსტინიანეს კანონმდებლობისგან განსხვავებით, ეკლოგის სასჯელთა სისტემაში შეამცირეს სასიკვდილო სასჯელის შემთხვევები და უპირატესობა მიანიჭეს გამახაიბრებელ სასჯელებს.
ძველ საქართველოში გამახეიბრებელი სასჯელებიდან იყენებდნენ დასაჭურისებას, ასოთა (ხელის, ფეხის, თითების) მოკვეთას, ენის ამოკვეთას და დაბრმავებას. მონასტრებში იყენებდნენ მტკივნეულ სხეულებრივ სასჯელს ასოთა მოუკვეთლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნადარეიშვილი გ., საჯარო სასჯელები გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში, «საბჭოთა სამართალი», 1967, № 1.
- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).
- ნადარეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 26.
- ნადარეიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.