გაუჩო
გაუჩო (ესპ. Gaucho; პორტ. gaúcho) — ტერმინი, რომლითაც მოიხსენიებენ სამხრეთ ამერიკის პამპასებში, გრან-ჩაკოსა და პატაგონიის ველებზე მაცხოვრებლებს. ისინი ძირითადად განაწილებულნი არიან სამხრეთ ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაის, პარაგვაის, აღმოსავლეთ და სამხრეთ ბოლივიისა და სამხრეთ ჩილეს ტერიტორიებზე. ბრაზილიაში, გაუჩოები რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატის ძირითად გენეტიკურ შტოს წარმოადგენენ.
გაუჩო ჩრდილოამერიკული კოვბოის დაახლოებით ეკვივალენტურია. სიტყვა „კოვბოის“ მსგავსად, ჩილეურ ტერმინ უასოს, კუბურ გუახიროს, ვენესუელურ და კოლუმბიურ ლიანეროს ან მექსიკურ ჩაროს უფრო მეტი დატვირთვა XIX საუკუნეში ჰქონდა, ვიდრე დღეს. გაუჩოები ძირითადად სასოფლო არეალების მოსახლეები არიან, რომლებიც საქონელს უვლიან და ნადირობენ, რაც მათი ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა.
ტერმინის წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე კონფლიქტური ჰიპოთეზა არსებობს. ის შესაძლოა მომდინარეობდეს მაპუჩეს სიტყვა კაუჩოსგან (მაწანწალა)[1] ან კეჩუას სიტყვა უაჩუსგან (ობოლი), რომელმაც ამერიკულ ესპანურსა და ბრაზილიურ პორტუგალიურში განსხვავებული სიტყვა გაუჩო წარმოშვა. ტერმინის გამოყენება წერილობით წყაროებში პირველად არგენტინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების წლებშია (1816) დაფიქსირებული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ესპანური) Tierra de Gauchos, Land of gauchos დაარქივებული 2022-05-05 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) Confederacion Gaucha Argentina დაარქივებული 2012-12-28 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) Folklore del Norte Argentino
- (პორტუგალიური) Movimento Tradicionalista Gaúcho დაარქივებული 2007-09-18 საიტზე Wayback Machine.
- (პორტუგალიური) Página do Gaúcho