გარეჯის სალბი (ლათ. Salvia garedjii) — ნახევრად ბუჩქია. 20-40 სმ სიმაღლისაა, ძირიდანვე დატოტვილი. ღეროს ქვედა ნაწილი მოფენილია სქელი, ზედა – შედარებით თხელი ბეწვებით. ფოთოლი რთულია – 2-4 წყვილი ფოთოლაკისგან შედგება; მოკლეყუნწიანია, აგრეთვე შებუსული, 5-6 სმ სიგრძისა. ყვავილები შეკრებილია გრძელ – 10-15 სმ სიგრძის – ყვავილედებად. თითოეულ ყვავილედში 5-6, ერთმანეთისაგან 1.5-2.5 სმ-ით დაშორებული ჩხროა, ჩხროებში რამდენიმე ყვავილია. გვირგვინის ფურცელი კაშკაშა მეწამულია, ჯამის ფოთოლაკები, ძარღვთა გაყოლებასა და კიდეებზე – მუქი მეწამული, სქლად შებუსული. ნაყოფი (კაკლუჭი) უკუკვერცხირებრი ფორმისაა, მურა, წვრილი ძარღვების ბადით დაფარული, 4 მმ-მდე სიგრძისა. ყვავილობს და ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის ენდემია. საქართველოში გავრცელებულია გარეჯის ველზე, ზ.დ. 600-800 მ-ის ფარგლებში. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნსა (1982 წ.) და წითელ ნუსხაში (2006 წ.). მისი პოპულაციები დაცულია ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში.
- დავით ქიქოძე, მაია თავართქილაძე, თეიმურაზ სვანიძე., საქართველოს მცენარეები. საველე მეგზური, თბ., 2007. — გვ. 102.