გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია
გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის დასავლეთით, მდინარე ტანის ხეობაში, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,7 მ), ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თახჩებია, ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელსაც შეკეთების კვალი ეტყობა. საკურთხევლის წინ დგას XIX საუკუნის ხის კანკელი, რომელზეც შემორჩენილია ზეთის საღებავით შესრულებული მოხატულობის ფრაგმენტები. ჩრდილოეთ კედელზე შინდისფერი მელნით შესრულებული წარწერის კვალი ჩანს, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით XII საუკუნეს შეიძლება მიეკუთვნებოდეს. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის სათაურზე გამოსახულია მარტივი ტოლმკლავა ჯვარი, მის ორივე მხარეს - თითო ფრინველი. ნაგებობას წრეთარგისა და ლილვისაგან შედგენილი გლუვი ლავგარდანი აქვს. ეკლესიის სამხრეთით მოზრდილი მინაშენისგან შემორჩენილია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები. აქვე, მასიური ქვის ბაზისებზე დადგმულ თლილი ქვის ფილაზე ასომთავრული წარწერის კვალია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.