გალეაცო მარია სფორცა

გალეაცო მარია სფორცა (იტალ. Galeazzo Maria Sforza; დ. 24 იანვარი, 1444 — გ. 26 დეკემბერი, 1476) — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და ბიანკა მარია ვისკონტის უფროსი ვაჟი. მილანის ჰერცოგი 1466-76 წლებში. საღვთო რომის იმპერატრიცა ბიანკა მარიასა და ფორლის გრაფინია კატერინა სფორცას მამა, პოლონეთ-ლიტვის დედოფალ ბონა სფორცას ბაბუა.

გალეაცო მარია სფორცა
მილანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 8 მარტი, 1466
მმართ. დასასრული: 26 დეკემბერი, 1476
წინამორბედი: ფრანჩესკო I სფორცა
მემკვიდრე: ჯან გალეაცო სფორცა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 იანვარი, 1444
დაბ. ადგილი: ფერმო, პაპის ოლქი
გარდ. თარიღი: 26 დეკემბერი, 1476, (32 წლის)
გარდ. ადგილი: მილანი, მილანის საჰერცოგო
მეუღლე: დოროთეა გონძაგა
(ქ. 1466 - გარდ. 1467)
ბონა სავოიელი
(ქ. 1468)
შვილები: ჯან გალეაცო, მილანის ჰერცოგი
ჰერმეს მარია, ტორტონას მარკიზი
ბიანკა მარია, საღვთო რომის იმპერატრიცა
ანა, ფერარას ჰერცოგინია
უკანონოები:
კარლო
კატერინა, ფორლის გრაფინია
ოტავიანო, კარდინალი
ჩიარა
დინასტია: სფორცები
მამა: ფრანჩესკო I, მილანის ჰერცოგი
დედა: ბიანკა მარია ვისკონტი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გალეაცო მარია დაიბადა 1444 წლის 24 იანვარს. იგი იყო მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და მისი ცოლის, ბიანკა მარია ვისკონტის პირველი შვილი. მამამისმა თავიდან მისთვის თავისი სიმამრის, ჰერცოგ ფილიპო მარიას პატივსაცემად დააპირა სახელის დარქმევა, თუმცა თავად ფილიპო მარიამ ამაზე უარი თქვა და მას თავისი მამის სახელი დაარქვა: გალეაცო.

მამამისის გარდაცვალებისას, 1466 წლის 8 მარტს, გალეაცო მარია სფორცა საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც იგი მეფე ლუი XI-ს ეხმარებოდა აჯანყებული დიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მისი ბიძაშვილის, ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ გულადის მეთაურობით მიმდინარეობდა. როდესაც დედამისმა ახალი ამბავი შეატყობინა, მან დაუყოვნებლივ შეწყვიტა ბრძოლა და თავისი ხალხით მილანისკენ დაიძრა. იგი ქალაქში 20 მარტს ჩავიდა, სადაც მილანელები დიდი პატივით დახვდნენ. ეს დახვედრა დედამისის, ბიანკა მარია ვისკონტის ორგანიზებული იყო, რომელიც გააფთრებით იცავდა თავისი ვაჟის ტახტს.

თავიდან ბიანკა მარია ცდილობდა მონაწილეობა მიეღო ქვეყნის მართვაში, მაგრამ მასა და გალეაცოს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ პოლიტიკაზე, რის გამოც მას მილანის დატოვება მოუწია.

1474 წელს მოჭრეს ახალი მონეტა გალეაცოს გამოსახულებით, რომელსაც ტესტო დაარქვეს და რომელიც 9.5 გრამს იწონიდა. იმ დროისათვის ტესტო მთელს ევროპაში თუ არა, იტალიაში ყველაზე ძლიერი ფულის ერთეული იყო და მასზე გალეაცოს გამოსახვა დიდი პატივი.

ცნობილია, რომ გალეაცო მარია სფორცას ძალიან უყვარდა წიგნები. სწორედ ამიტომ, მილანში მდებარე დიკლის ბიბლიოთეკა მის დროს ძლიერ გამდიდრდა, მან თავისი წვლილი შეიტანა ტოპოგრაფიის განვითარებაშიც. ასევე ძალიან უყვარდა მუსიკა და სიმღერა, რის გამოც ფლანდრიიდან საუკეთესო მომღერლები ჩამოაყვანინა და მათგან ორკესტრი ჩამოაყალიბა. იგი მომღერლებს ნებას რთავდა, სრულიად უფასოდ, რამდენი სასმელიც სურდათ იმდენი დაელიათ, თუმცა არა გამოსვლების დღეს.

მიუხედავად მისი ასეთი დიდი სიყვარულისა განათლებისა და ხელოვნებისადმი, მის შესახებ მაინც საშინელი ჭორები დადიოდა მთელს ევროპაში, რაც მისი სადისტური ხასიათიდან გამომდინარეობდა, რომელიც ყველაფერ დანარჩენს აბათილებდა. მის შესახებ, უცნობი მემატიანეები ასეთ რამეებს წერდნენ:„სფორცა, ისტორიის ყველაზე საშინელი ტირანი“, „მას ძალიან უყვარდა ადამიანების დაკრძალვები“ და ა.შ. ამ ყოველივეს შედეგად, მილანელი დიდებულები მას აუმხედრდნენ, თუმცა არა აშკარად, რადგან იცოდნენ, რომ თუ აჯანყება ჩაიშლებოდა, უმწარესად დაისჯებოდნენ, რის გამოც შეთქმულება მოაწყვეს. 1476 წლის 26 დეკემბერს, შობის მეორე დღეს ჰერცოგი, როგორც ყოველთვის სამ მეგობართან ერთად წმინდა სტეფანეს ტაძარში იყო, რის შემდეგაც ხალხში უნდა გამოსულიყო და მიელოცა. შეთქმულებმა ეს შესანიშნავად იცოდნენ, ამიტომაც ისინი ჯიროლამო ორგიატისა და ჯოვანი ლამპუნის მეთაურობით ტაძრის გარშემო დემონსტრირდნენ. მეტიც, ლამპუნი ქალის კაბაში გადაცმულიყო, რათა ვერავის ეცნო. ეკლესიიდან გამოსულ გალეაცო მარიასთან იგი სწორედ ასე, ქალის სამოსით მივიდა, თავზე თავსაბურავი ეკეთა, ამიტომაც ვერავინ მიხვდა, რომ კაცი იყო. იგი ჰერცოგს ხელზე ემთხვია, რა დროსაც უეცრად წამოიჭრა და მუცელში დანა რამდენჯერმე გაუყარა. ამ დროს დანარჩენი შეთქმულებიც გააქტიურდნენ, რომლებმაც მას ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენეს. გალეაცო მარია იმდენად სძულდა, რომ ხალხს მის მკვლელობაში ხელი არ შეუშლია და შემდგომში მკვლელებმა გაქცევაც თავისუფლად მოახერხეს. იგი ადგილზევე გარდაიცვალა, 32 წლის ასაკში.

მეორე დღეს, სფორცების ოჯახმა იპოვნა, დააპატიმრა და უსასტიკესად აწამა ყველა შეთქმული, გარდა ერთისა, რომლის ვინაობაც დღემდე არაა ცნობილი. გალეაცო მარიას შემდეგ, ტახტზე მისი ვაჟი ჯან გალეაცო სფორცა ადის.

ლეგიტიმური შვილები, გალეაცო მარიას მხოლოდ თავის მეორე ცოლთან, ბონა სავოიელთან ჰყავდა:

  1. ჯან გალეაცო (1469-1494), მილანის ჰერცოგი, იქორწინა იზაბელა არაგონელზე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის პოლონეთის დედოფალი ბონა სფორცა;
  2. ჰერმეს მარია (1470-1503), ტორტონას მარკიზი;
  3. ბიანკა მარია (1472-1510), პირველად იქორწინა სავოიის ჰერცოგ ფილიბერტო I-ზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი უკვე დაქვრივებულ და ცოლ-განაცილებ საღვთო რომის იმპერატორსა და ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ზე, თუმცა შვილები არცერთ ქმართან არ ჰყოლია;
  4. ანა (1476-1497), ცოლად გაჰყვა ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგ ალფონსო I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;

თავის საყვარელ ლუკრეცია ლანდრიანთან, მას რამდენიმე არალეგიტიმური შვილი ჰყავდა:

  1. კარლო (1461), დაიღუპა ჩვილი;
  2. კატერინა (1462-1509), მეტსახელად „ფორლელი ვეფხვი“, ფორლის გრაფინია, იქორწინა სამჯერ და შეეძინა უამრავი შვილი, მისი შვილიშვილი იყო ტოსკანის დიდი ჰერცოგი კოზიმო I და ზოგადად, მედიჩების დინასტიის უმცროსი შტოს ყველა წარმომადგენელი;
  3. ალესანდრო (1465-1523), ცოლად შეირთო ბარბარა დეი ბალბიანი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  4. ჩიარა (1467-1531), პირველად იქორწინა სანჯინეტოს გრაფ პიეროზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი ფრეგოსინო ფრეგოსოზე, ნოვის სენიორზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია;

თავის საყვარელ ლუჩია მარლიანთან ჰყავდა ორი არალეგიტიმური ვაჟი:

  1. გალეაცო (?-?), მელცოს გრაფი;
  2. ოტავიანო მარია (1475-1545), ლოდის ვიკონტი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • James Hogg: Sforza, Galeazzo Maria. In: Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL). Band 9, Bautz, Herzberg 1995, ISBN 3-88309-058-1, Sp. 1579–1583.
  • Gregory Lubkin: A Renaissance court. Milan under Galeazzo Maria Sforza. University of California Press, Berkeley/Los Angeles/London 1994, ISBN 0-520-08146-3.
  • Galeacius maria hertzog zu Mayland in der Schedelschen Weltchronik von 1493
  • Tobias Daniels, Umanesimo, congiure e propaganda politica. Cola Montano e l’Oratio ad Lucenses, Rom 2015 (RR inedita 63. saggi).