ბუბისწყალი
ბუბისწყალი, ბუმბურა[1] — მდინარე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ბუბის მყინვარზე, ზღვის დონიდან 2970 მ სიმაღლეზე. სიგრძე 9,97 კმ, აუზის ფართობი 41,3 კმ². ერთვის მდინარე ჭანჭახს მარჯვენა მხრიდან. აქვს სამხრეთ-დასავლური მიმართულება. ზემო დინებაში ერთვის რამდენიმე მდინარე, რომელთა შორის გამოიყოფა მდინარე თბილისა. ხეობა რთული რელიეფით ხასიათდება, რომლის ფარგლებში გამომუშავებულია ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვის მძლავრი მასალა.[2]
ბუბისწყალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ონის მუნიციპალიტეტი |
მარცხენა შენაკადები | თბილისა |
სათავე |
რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი 42°44′45″ ჩ. გ. 43°44′54″ ა. გ. / 42.745972° ჩ. გ. 43.748472° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2970 მ |
შესართავი |
ჭანჭახი 42°42′01″ ჩ. გ. 43°40′35″ ა. გ. / 42.700528° ჩ. გ. 43.676611° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 1520 მ |
სიგრძე | 9,97 კმ |
აუზის ფართობი | 41,3 კმ² |
— სათავე, — შესართავი |
ბუბისწყლის ხეობაში არის რამდენიმე მცირე და დიდი ზომის ხეობის ტიპის მყინვარი, რომელთა შორის გამოიყოფა თბილისა და ბუბა. გეომორფოლოგიური თვალსაზრისით, ბუბისწყლის ხეობის ზემო წელი მიეკუთვნება ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიანი რელიეფის ზონის ჰორსტ-ანტიკლინურ ღერძულ ქვეზონას, ხოლო ხეობის შუა და ქვემო წელი საშუალო და მაღალმთიანი რელიეფის სუბგანედური მიმართულების შეფარდებითი დაძირვის ქვეზონას.[2]
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის გლაციალური ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.[2]
აუზში ხარობს ფიჭვი, ნაძვი, არყი და სხვა. ბუბისწყლისა და მდინარე ჭანჭახის შეერთების ადგილას მდებარეობს კურორტი შოვი. ბუბისწყლის ხეობაში მდებარეობდა სოფელი ბუბა.[3]