ბრეიგელის მთვარე — თამაზ ჭილაძის 2007 წლის რომანი. მიეკუთვნება მაგიური რეალიზმის ჟანრს, ფსიქოლოგიური რომანისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით.

„ბრეიგელის მთვარე“

რომანის პირველი ინგლისური გამოცემის ყდა
ავტორი თამაზ ჭილაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი ფსიქოლოგიური რომანი
მაგიური რეალიზმი
სამეცნიერო ფანტასტიკა
გამოცემის თარიღი 2007
გვერდი 156, 96 (ინგლისური)
ISBN 1628970936

შინაარსი

რედაქტირება

შუახნის ფსიქიატრის — ლევანის ცხოვრებაში კრიზისული ხანა დგება: მას ტოვებს მეუღლე — ია, რომელიც პატარა ქალიშვილთან ერთად საქართველოდან აშშ-ში გადადის საცხოვრებლად. ოჯახის დანგრევა და შვილთან განშორება ლევანზე მძიმედ მოქმედებს. იგი დეპრესიაში ვარდება და ერთხანს ალკოჰოლს ეძალება, მაგრამ, მალე მისი ცხოვრება ისევ რადიკალურად იცვლება, მოულოდნელად გამოჩენილი ორი ადამიანის გამო. ერთი მათგანი შუახნის ქალბატონი ნუნუა, რომელსაც ლევანი, იმ დროს ჯერ კიდევ დამწყები ექიმი, 27 წლის წინ მკურნალობდა, მეორე კი — ერთ-ერთი უცხო ქვეყნის ელჩის ახალგაზრდა მეუღლე — ანა-მარია, რომელსაც ექიმი ჯერ ისე ეცნობა, როგორც საელჩოში გამართული მიღების მასპინძელს, შემდეგ კი — უკვე როგორც პაციენტს. უცნაური დამთხვევების წყალობით, ექიმი მიდის დასკვნამდე, რომ ანა-მარიას პირადი განცდების გასაღები, შესაძლოა, ქალბატონ ნუნუს ჩანაწერებში იმალებოდეს…

სახელწოდება

რედაქტირება

რომანის სახელწოდება უკავშირდება შუა საუკუნეების ნიდერლანდელი მხატვრის, პიტერ ბრეიგელის ცნობილი ტილოს, „ნიდერლანდური ანდაზების“ ერთ-ერთ ფრაგმენტს, სადაც მამაკაცი მთვარეს აშარდავს. ანდაზა (ნიდ. Tegen de maan pissen) გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს „ფუჭად გარჯას“.[1]

თარგმანები

რედაქტირება

ინგლისურ ენაზე რომანი 2015 წელს თარგმნა მაია ყიასაშვილმა და გამოსცა Dalkey Archive Press-მა. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჟურნალი Word Literature Today ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით წერდა: „სტალინის შემდგომი ეპოქის იმ მწერალთა შორის, ვინც ქართულ ლიტერატურას ახალი, თანამედროვე მიმართულება მისცა, თამაზ ჭილაძეს გამორჩეული ადგილი უჭირავს“. გამომცემლობა Dalkey Archive Press, თავის მხრივ, ასე წარუდგენდა მკითხველს ქართველ მწერალს: „თამაზ ჭილაძემ ლექსების პირველი კრებული 1956 წელს გამოსცა. მართალია, დღეს ის უფრო ცნობილია როგორც დრამატურგი, თუმცა მისი მოთხრობები და რომანები ქართული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა“.[2][3]

წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, რომანი ითარგმნა და გამოიცა ალბანურ (გამომცემლობა Fan Noli) და არაბულ (ეგვიპტური გამომცემლობა – Sefsafa Publishing) ენებზეც.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება