ბოიგარ რაზიკაშვილი

ბოიგარ (ბერო) რაზიკაშვილი – ცნობილი ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის, ვაჟა-ფშაველას ბიძა. ბოიგარს, ასევე, უწოდებდნენ ბეროსაც, თავისი პაპის სახელს. ის ჩარგლის ზემოთ მდებარე სოფელ ბოწახში ცხოვრობდა (დღეს იქ უკვე ნასოფლარია) და ადგილობრივებში იცნობდნენ, როგორც „სამი აზარის ამთავებელი ბერო“. ბოიგარი უიშვიათესი და უძველესი სახელია და მის შესახებ ინფორმაცია 1886 წლის „ივერიის“ თებერვლის თვის ნომერში[1] მოიპოვება.

ვაჟა-ფშაველას ძმისშვილები კალოზე ცეკვის დროს. ვაჟა-ფშაველას ძმის, თედო რაზიკაშვილის ქალიშვილის ჯვრისწერის აღსანიშნავი ზეიმი სოფელ ხელთუბანში.
ვაჟა-ფშაველა თავის ნათესავ-მეგობრებთან ერთად გორში, ლევან რაზიკაშვილის ქორწილში.
თედო რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველას ძმის) ქალიშვილის, გულქანის ჯვრისწერის მეორე დღე. ფოტოზე გულქანი მეუღლესთან ერთად ცენტრში ზის.

ბიოგრაფიული და ლიტერატურული ცნობები

რედაქტირება

ბოიგარ რაზიკაშვილი ფშავში ფიზიკური სიძლიერით იყო განთქმული. ის ვაჟა-ფშაველას მამის, პავლე რაზიკაშვილის ძმა იყო. რაზიკაშვილების წინაპრები ხევიდან, კერძოდ კი სნოდან იყვნენ წარმოშობით, საიდანაც მტერთან გარიდების მიზნით, ფშავში, ცაბაურთა თემში დასახლდნენ. თავიდან ამ გვარზე გადავიდნენ, ხოლო, შემდგომ, გვარში დაწინაურებული კაცის, რაზიკას პატივსაცემად, რაზიკაშვილების გვარზე გადასულან.

რაზიკას შვილი იყო ქუმსი, ქუმსის შვილი იყო იმედა, იმედას შვილი იყო ბერო, ბეროს შვილი იყო გივი, რომელსაც ჰყავდა სამი ვაჟი: ბოიგარი, ნადირა და პავლე.

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში

რედაქტირება

ვაჟას „მოგონებაში“ [2] ბიძის პერსონაჟი ნინიას სახელით გვხვდება:

 
ბიძაჩემი ნინია განთქმული მონადირე იყო და იმისი მოსვლა ერთიათად მიმატებდა სიხარულს: ბევრს რასმე მიამბობდა ნადირობისას.
(ვაჟა-ფშაველა, მოგონება)

ამავე ნაწარმოებში [2] აღწერილია ბიძის პერსონით აღფრთოვანებული ძმისშვილი, რომელიც მუდამ აღტაცებით უსმენს ბიძის მოყოლილ ისტორიებს და დიდი სურვილი აქვს, მას დაემსგავსოს:

 
ნეტა, ძიავ, მეც შენისთანა მონადირე ვიყო-მეთქი, – ვუთხარი ბიძაჩემს.
– ჰა, ჰა, ჰააა, – ჩაიცინა ბიძაჩემმა მწარედ: – შენ უფრო კაი მონადირე ხარ, თუ ჭკუას მოიხმარებ, შვილო. სწავლას ეხლანდელს დროში აღარაფერი შაედრება. მე ცოდვის მეტი არაფერი მომცა ნადირობამ. რამოდენა ნადირსა ვღუპავ, მაგრამ სულ ტყუილად მიდის, იმისი მე არაფერი მრჩება. ნადირობა მე პირველ სასახელო საქმედ მიმაჩნდა და გამიკვირდა ბიძაჩემის სიტყვა. დიაღ, გამიკვირდა და მეწყინა, თუმცა კი პირში არ მითქვამს ჩემი აზრი და არ ავხირებივარ.
(ვაჟა-ფშაველა, მოგონება)

აკა მორჩილაძის შემოქმედებაში

რედაქტირება

ვაჟა-ფშაველას ფიზიკურად სწორედ ბოიგარს ამსგავსებდნენ. ამას ფშავში ვაჟას თანამედროვე მოხუცებიც ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ სიარულიც კი ბიძამისის მსგავსი ჰქონდა. ამ მსგავსებაზე ლაპარაკობდა ვაჟას მამა, პავლე რაზიკაშვილიც:

 
ლამაზიაო [ვაჟა], სულ ასე ამბობდაო, ბოიგარს ჰგავს, ჩემს ძმასაო

ბოიგარის ფიზიკურობის გარდა, აკა მორჩილაძე თავის წიგნში „ლუკა და ძმები“ მის ხასიათზეც საუბრობს:[3]

 
საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ჩვევა იყო ასეთი, რომ ქართველს ულვაში უნდა ჰქონოდა გრძელი და აუცილებლად ჩამოცილებული წვერს და ბოიგარს იმხელა ულვაში ჰქონდა, რომ მკერდზე ეფინა ორივე ნაკუწიო. მეცხვარე ყოფილა ეს ბოიგარი და მონადირე. ძალიან დასამახსოვრებელი სიარული ჰქონია და მედიდურიც ყოფილა. ვაჟა ჰგვანებია სიარულში. მონადირე ყოფილა ძალიან ცნობილი. ასე გვეტყოდა ხოლმეო, რომ თოფი სამჯერა მაქვს დამარხულიო. ასეთი რიტუალია, 100 ნადირს რომ მოკლავ, თოფი სამი დღით მიწაში უნდა დამარხო, მერე ამოთხრი ამ თოფსა და მიდიხარ მეორე ასზე. მეორენაირად რომ ვთქვათ, როგორც ბიძაჩვენი ბოიგარი იტყოდა, სამი აზარი მაქ ასრულებულიო - ე.ი. სამი ასიანი”.
(აკა მორჩილაძე, ლუკა და ძმები)

გერონტი ქიქოძის შემოქმედებაში

რედაქტირება

ბოიგარ რაზიკაშვილს გერონტი ქიქოძე თავის ლიტერატურულ წერილებში „რჩეული თხზულებანი“ ახსენებს: [4]

 
ვაჟას შინაურ მასწავლებელთა გალერეას ამთავრებს ვაჟას მესამე აღმზრდელი, მისი მამის უმცროსი ძმა ბოიგარი, მძლავრი ბრგე ვაჟკაცი და სახელოვანი მონადირე, რომლის პორტრეტი ვაჟამ თავის „მოგონებაში“ დაგვიხატა. იქვე ვგებულობთ, რომ სწორედ ბიძამ ჩაუნერგა მას ბუნებისა და ნადირობის სიყვარული
(გერონტი ქიქოძე, რჩეული თხზულებანი)

გიორგი შატბერაშვილის შემოქმედებაში

რედაქტირება

ბოიგარ რაზიკაშვილზე ისტორიას გიორგი შატბერაშვილიც წერს: [5]

 
[პავლემ] ერთხელ თავის ძმას ბეროს, რომელსაც „საკაცო კაცს“ ეძახდა და დიდ პატივს სცემდა, გაჯავრებულმა შეუღრინა და საცემრად მიიწია, საცემრად მიიწია ჯანიან გოლიათზე, რომელსაც აზარი სამჯერ ჰქონია "ათავებული" და თოფიც სამჯერ ჰქონია მიწაში დამარხული. აზარის ათავება კი ასი ნადირის მოკვლას ნიშნავს. "ვინც ას ნადირს მოკლავდა, თოფი მიწაში უნდა დაემარხა სამი დღის განმავლობაში, ვითომც ცოდვების გასაწმენდად.
(გიორგი შატბერაშვილი, ვახსენოთ, ვუთხრათ ქება)
 
„„სამი აზარის ამთავებელ" ბეროს, რომელსაც მეორე წარმართული სახელიც ერქვა - ბოიგარი, ჭირვეული ძმის მორჯულება ვერ მოუხერხებია, მისი რიდი მუდამ ჰქონია. მას პავლეს მომჩივანებისათვის ასე უთქვამს: „ჩემთანაც ეგეთი არის, შიშით ხმა ვერ ამომიღიავო. იმ დღესაც ერთს პატარა საქმეზედ, ბატკნის წოვებაში, ბატკანს ფეხები დასტაცა და იმითი მცემავო“.“
( გიორგი შატბერაშვილი, ვახსენოთ, ვუთხრათ ქება)
  1. ივერიის თებერვლის ნომერი
  2. 2.0 2.1 მოგონება, ვაჟა-ფშაველა
  3. 3.0 3.1 ლუკა და ძმები // ქართულის რვეულები : XIX საუკუნის სურათები / აკა მორჩილაძე. - თბილისი, 2013. - ISBN 978-9941-15-790-5. - გვ. 103-129
  4. რჩეული თხზულებანი // გერონტი ქიქოძე ; [სარედ. კოლ.: შალვა აფხაიძე, აკაკი გაწერელია, ვლადიმერ ზამბახიძე]. ტ. 1 : ლიტერატურული წერილები და პორტრეტები. - 1963
  5. (ვახსენოთ, ვუთხრათ ქება: : [რაზიკაშვილების საგვარეულოს შესახებ] / გ. შატბერაშვილი // კომუნიზმის გზა. - დუშეთი, 1988. - 30 ივლისი):