სიმონ დე ბოვუარი
სიმონ დე ბოვუარი (ნამდვილი სახელი ჟანა მარი ბერტრან დე ბოვუარი, დ. 9 იანვარი, 1908, პარიზი — გ. 14 აპრილი, 1986, პარიზი) — ფრანგი მწერალი, ინტელექტუალი, ეგზისტენციალისტი ფილისოფოსი, პოლიტიკური აქტივისტი, ფემინისტი და სოციალური თეორიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ თავს ფილოსოფოსად არ მიიჩნევდა, მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, როგორც ფემინისტურ თეორიაზე, აგრეთვე ფემინისტურ ეგზისტენციალიზმზე.[14]
ბოვუარის შემოქმედება ფილოსოფიური, პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ რომანებს, ესეებს, ბიოგრაფიებს, ავტობიოგრაფიებსა და მონოგრაფიებს მოიცავს. მისი ყველაზე გახმაურებული ნაშრომია 1949 წლის წიგნი „მეორე სქესი“, რომელიც ისტორიის მანძილზე ქალთა შევიწროების დეტალურ ანალიზს წარმოადგენს და თანამედროვე ფემინიზმის დამფუძნებელ ტრაქტატად მიიჩნევა. ბოვუარის ლიტერატურულ წვლილში უდიდესი ნაწილი უკავია მის მემუარებს, რომელთა შორის აღსანიშნავია პირველი ნაწილი, „ზრდილი ქალიშვილის მოგონებანი“ (1958).[15] 1954 წელს ბოვუარმა გონკურის პრემია მოიპოვა, 1975 წელს იერუსალიმის პრემია მიიღო, ხოლო 1978 წელს მას ევროპულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ავსტრიის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ბოვუარი ცნობილი იყო ჟან-პოლ სარტრთან ღია ურთიერთობით. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე სარტრის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე იყო.
ბიოგრაფია
რედაქტირებაახალგაზრდობა
რედაქტირებასიმონის მამა, ჟორჟ დე ბოვუარი უბრალო ადვოკატი და მოყვარული მსახიობი იყო. დედა კი, ფრანსუაზა ბრასერი, ვერდენის ბურჟუაზიულ ოჯახს ეკუთვნოდა.
სიმონა დე ბოვუარი რასპაის ბულვარზე მდებარე ბინაში დაიბადა. 5 წლის ასაკში შეიყვანეს კეთილშობილი ოჯახებიდან გამოსული ქალიშვილებისთვის სპეციალურ სასწავლებელში. ორი წლის შემდეგ მისი უმცროსი და, ელენიც (ზედმეტსახელად პუპეტი) იმავე სასწავლებელში შეიყვანეს. მცირე ასაკიდან სიმონი უკვე გამოირჩეოდა თავისი ინტელექტუალური უნარით და ყოველ წელს, თავის კლასელთან, ელიზაბეტ ლაკოენთან, იგივე ზაზასთან ერთად იმარჯვებდა სასწავლებელში გამართულ კონკურსებში. მალე სიმონი და ზაზა საუკეთესო მეგობრები გახდნენ.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სიმონის ბაბუა (დედის მხრიდან), ბანკის პრეზიდენტი, გუსტავ ბრასერი გაბანკროტდა, რაც ფინანსურად მთელ ოჯახზე აისახა. სიმონის მშობლები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ რასპაის ბულვარში მდებარე ბინა და მეზობლად, მეექვსე სართულზე მდებარე ბნელ და მომცრო ბინაში გადასულიყვნენ. ჟორჟ დე ბოვუარს, რომელსაც მოგვიანებით სიმონი აღწერდა როგორც „არისტოკრატიასა და ბურჟიაზიას შორის მყოფს“, იმედი ჰქონდა, რომ მთელი ცხოვრება მეუღლის ქონებაზე იცხოვრებდნენ. აქედან გამომდინარე მწერლის დედა თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ ქმარს იმედები გაუცრუა. მეუღლეებს შორის ურთიერთობა თანდათან დაიძაბა.
ბავშვობაში, სიმონი ზაფხულის არდადეგებს ატარებდა ბაბუამისის, ერნესტ დე ბოვუარის მიერ 1880 წელს დაარსებულ მეირინიაკის პარკში, სენტ-იბარში. ეს მამული ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იყიდა მისმა დიდმა ბაბუამ, ნარსის ბერტრან დე ბოვუარმა. პარკში გატარებული ბედნიერი დროისა და თავის დასთან, ელენთან ერთად სეირნობების შესახებ მოგონებები ხშირად გვხვდება დარბაისელი გოგონას მემუარებში. ბუნებასთან ამგვარი კონტაქტიდან და სოფლად ხეტიალიდან ჩამოყალიბდა მასში „განსხვავებული“ ცხოვრების სურვილი.
თხუთმეტი წლის ასაკში სიმონი დე ბოვუარს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მწერალი გამხდარიყო. მან მრავალი დიპლომი მიიღო: ლიტერატურაში, ბერძნულ და ლათინურ ენებში, ფილოსოფიასა და მათემატიკაში. აქედან ყველაზე დიდი ინტერესი ფილოსოფიის მიმართ აღმოაჩნდა და სწავლა განაგრძო პარიზის უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე. აქ გაიცნო ჟან-პოლ სარტრი, რომელსაც გენიოსს უწოდებდა. მათ შორის თითქმის მითური კავშირი დამყარდა, რომელიც სიკვდილამდე გაგრძელდა. სიმონი იყო სარტრისთვის „აუცილებელი სიყვარული“, განსხვავებით მრავალი სხვა „შემთხვევითი სიყვარულისგან“, რაც ორივეს ცხოვრებაში მრავლად იყო. ამ პერიოდში სიმონ დე ბოვუარმა ფილოსოფიის მასწავლებლის ლიცენზია მიიღო.
იმავე წელს ზაზას სიკვდილმა მძიმე ტრავმა მიაყენა. ღვთისმოშიში დედის მიერ აღზრდილმა სიმონმა თოთხმეტი წლის ასაკიდან დაკარგა რწმენა (დარბაისელი გოგონას მემუარების მიხედვით) და ამგვარად დაიწყო მისი დაშორება ოჯახისგან.
მასწავლებლობის წლები
რედაქტირება1929 წლიდან ბოვუარი ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. იგი სამუშაოდ მარსელში მიიწვიეს. სარტრი კი ამ პერიოდში ჰავრში გააგზავნეს სამუშაოდ, რასაც სიმონი ძალზე მტკივნეულად განიცდიდა. ჟან-პოლმა მას ცოლობა შესთავაზა იმ მიზნით, რომ ერთ ლიცეუმში იმუშავებდნენ, მაგრამ ქალმა, მიუხედავად სარტრის მიმართ მისი გრძნობებისა, უარი განაცხადა (ეს ეპიზოდი აღწერილია ასაკის ძალაში). მომავალ წელს სიმონი რუანში გადადის სამუშაოდ და ამგვარად შედარებით უახლოვდება სარტრს. აქ იგი გაიცნობს კოლეტა ოდრის, რომელიც იმავე ლიცეუმში ასწავლიდა. სიმონი დაუახლოვდა რამდენიმე თავის მოსწავლეს, მათ შორის ოლგა კოზაკიევიჩსა და ბიანკა ლამბლენს, რომელთანაც ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. იგი ასევე დაუახლოვდა ოლგას მომავალ მეუღლესა და სარტრის მოსწავლეს, ჟაკ-ლორან ბოსტს, რომელიც მისი ერთ-ერთი „შემთხვევითი სიყვარული“ აღმოჩნდა. ამავე პერიოდში ოლგა სარტრის საყვარელი გახდა. საერთო ჯამში სარტრსა და სიმონს შორის არსებული „შეთანხმება“ არ ზღუდავდა მათ „შემთხვევითი“ ურთიერთობებისგან. მეგობართა ეს წრე, რომელსაც ხშირად „პატარა ოჯახს“ ეძახდნენ, ცალკეული კონფლიქტების მიუხედავად, მყარი მეგობრობით გამოირჩეოდა, რაც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სარტრისა და ბოვუარის წყვილი პარიზში გადავიდა. ბოვუარის პირველი რომანის, სპირიტუალურის პირველობის გამოცემაზე უარი განაცხადა გალიმარმა და გრასემ. 1943 წელს გამოიცა სტუმარი, სადაც ავტორი წარმოსახულ პერსონაჟებს მიღმა მისი, სარტრისა და ოლგას ურთიერთობას აღწერს, თან განავითარებს ფილოსოფიურ შეხედულებას ცნობიერებებსა და სიახლოვის შესაძლებლობებს შორის ბრძოლის შესახებ. ნაწარმოებს დიდი წარმატება ხვდა წილად.
ანგაჟირებული მწერალი
რედაქტირებასარტრთან, რეიმონ არონთან, მიშელ ლეირისთან, მორის მერლო-პონტისთან, ბორის ვიანთან და კიდევ რამდენიმე მემარცხენე ინტელექტუალთან ერთად ბოვუარმა დააარსა გაზეთი Les temps modernes, რომლის მიზანი იყო თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით გაევრცელებინა ეგზისტენციალიზმის თეორია.
ბოვუარმა ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, სადაც გაიცნო ფიდელ კასტრო, ჩე გევარა, მაო ძედუნი და სხვა ცნობილი კომუნისტი მოღვაწეები. აშშ-ში მას რომანი ჰქონდა ამერიკელ მწერალთან, ნელსონ ალგრენთან, რომელსაც 300-ზე მეტი წერილი მიწერა.
1949 წელს სიმონ დე ბოვუარს დიდი წარმატება მოუტანა მეორე სქესის გამოქვეყნებამ. წიგნი 22 000 ეგზემპლარად გაიყიდა პირველივე კვირაში. ნაწარმოები იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ ვატიკანმა გაკიცხა კიდეც. თანამედროვე საზოგადოებაში ქალის დაჩაგრული მდგომარეობის აღწერით ბოვუარი გახდა ფემინიზმის მთავარი ფიგურა. ქალის მდგომარეობის მისეულმა ანალიზმა, რომელიც მითების, ცივილიზაციების, რელიგიების, ანატომიისა თუ ტრადიციების საფუძველზე კეთდებოდა, ბევრში აღშფოთება გამოიწვია. ყველაზე დიდი სკანდალი მოყვა დედობისა და აბორტის შესახებ მისეულ მსჯელობას. ქორწინება კი ბოვუარს მიაჩნდა საზიზღარ ბურჟუაზიულ ინსტიტუტად, რომელიც ქალს ქმრის დომინაციის ქვეშ აყენებს.
1954 წელს მან გონკურის პრემია მიიღო მანდარინებისთვის, სადაც მსოფიო ომის შემდგომი პერიოდის ფონზე, წარმოსახული პერსონაჟების მიღმა ავტორისა და ნელსონ ალგრენის ურთიერთობაა წარმოდგენილი. ალგენი ვრ ურიგდებდა ბოვუარის ურთიერთობას სარტრთან, ქალს კი არ სურდა ამ ურთიერთობის გაწყვეტა, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
1964 წელს ბოვუარმა გამოაქვეყნა ტკბილი სიკვდილი, სადაც დედამისის გარდაცვალებას აღწერს. სარტრის აზრით ეს მისი საუკეთესო ნამუშევარია. ავტორი ეხება ისეთ თემებს, როგორცაა ევთანაზია და ა.შ. ამ ტრაგიკულ წუთებში მას მხარში ედგა ახალგაზრდა სტუდენტი და ფილოსოფოსი, სილვია ლე ბონი. ბუდნოვანია თუ რა ურთერთობა აკავშირებდა ამ ორ ქალს: დედა-შვილური, მეგობრული თუ სასიყვარულო. საბოლოოდ სილვია მისი შვილობილი და მთელი მისი ლიტერატურული და მატერიალური ქონების მემკვიდრე გახდა.
ბოვუარმა დიდი როლი ითამაშა ქალებისთის აბორტის უფლების აღიარებაში. მასვე ეკუთვნის 343-ის მანიფესტი.
1980 წელს სარტრის გარდაცვალების შემდეგ მან გამოაქვეყნა დამშვიდობებათა ცერემონია სადაც დეტალურად აღწერა თავის კომპანიონის უკანასკნელი ორი წელიწადი.
სიმონ დე ბოვუარი გარდაიცვალა 1986 წელს, პარიზში. დაკრძალვა ისეთივე გრანდიოზული იყო, როგორც სარტრის, განსაკუთრებული პატივი მიაგეს მთელი მსოფლიოს ქალებმა. იგი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში, ჟან-პოლ სარტრის გვერდით. დაკრძალვისას სიმონ დე ბოვუარს თითზე ნელსონ ალგრენის ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა.
თეორია
რედაქტირებასიმონ დე ბოვუარი, როგორც ეგზისტენციალიზმის მხურვალე დამცველი მთელი თავის ცხოვრებისა და შემოქმედების მანძილზე ცდილობს ცხოვრების აზრის პოვნას აბსურდულ სამყაროში, რომელშიც ადამიანი საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად დაიბადა.
მეორე სქესში იგი ამტკიცებს: ქალად არ იბადებიან, ქალად ხდებიან. ქალთა უფლებების დამცველ და ფემინიზმის იდეებისთვის მებრძოლ ბოვუარს ბევრი კიცხავდა კიდეც, მათ შორის ფრანსუა მორიაკი.
ნაწარმოებები
რედაქტირება- L'Invitée, 1943
- Pyrrhus et Cineas, 1944
- Le Sang des autres, 1945
- Les Bouches inutiles, 1945
- Pour une morale de l'ambiguïté, 1947
- L'Amérique au jour le jour, 1948
- Le Deuxième Sexe, 1949
- Les Mandarins, 1954
- Privilèges, 1955
- La Longue Marche, 1957
- Mémoires d'une jeune fille rangée, 1958
- La Force de l'âge, 1960
- La Force des choses, 1963
- Une mort très douce, 1964
- Les Belles Images, 1966
- La Femme rompue, 1968
- La Vieillesse, 1970
- Tout compte fait, 1974
- Quand prime le spirituel, 1979
- La Cérémonie de adieux, 1981
გარდაცვალების შემდგომი გამოცემები
რედაქტირებაბოვუარის ნაწარმოებთა უმეტესობა თარგმნა და გამოაქვეყნა მისმა შვილობილმა, სილვია ლე ბონმა. მანვე გამოაქვეყნა მწერლის წერილები სარტრთან, ბოსტსა და ალგრენთან, სადაც ფარდა ეხდება ბოვუარის ინტიმურ ცხოვრებას და მის ბისექსუალობას.
- წერილები სარტრს, ტომი I: 1930-1939, 1990
- წერილები სარტრს, ტომი II: 1940-1963, 1990
- ომის დღიური, სექტემბერი 1939 - იანვარი 1941, 1990
- წერილები ნელსონ ალგრენს, 1997
- ჟაკ-ლორან ბოსტთან მიმოწერა, 2004
- ახლგაზრდობის ჩანაწერები, 1926-1930, 2008
ფილმოგრაფია
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The International Simone de Beauvoir Society დაარქივებული 2008-11-24 საიტზე Wayback Machine.
- Biblioweb დაარქივებული 2006-02-19 საიტზე Wayback Machine. , ბიოგრაფია, ბიბლიოგრაფია.
- კლოდინ მონტეის საიტი.l დაარქივებული 2008-09-16 საიტზე Wayback Machine. , მწერალი, საფრანგეთში ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი და სიმონ დე ბოვუარის საერთაშორისო დონის სპეციალისტი.
- Radio-Canada-ს არქივები[მკვდარი ბმული], 19 წელს ჩაწერილი ეს შეხვედრა აკრძალული იყო იმ პერიოდში.
- ტელეარქივები სიმონ დე ბოვუარის შესახებ დაარქივებული 2008-05-04 საიტზე Wayback Machine. INA ტელეარქივები
- გენეალოგია[მკვდარი ბმული]
- კრიტიკა
- ლესბოსელი მეორე სქესში, მარი-ჟო ბონე, ისტორიკოსი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118507877 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Search: simone bertrand de beauvoir // Fichier des personnes décédées
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Catalog of the German National Library
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ 7.0 7.1 7.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 74.
- ↑ 8.0 8.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Union List of Artist Names — 2018.
- ↑ http://www.nytimes.com/roomfordebate/2011/05/18/are-french-women-more-tolerant/still-a-long-way-to-go
- ↑ Österreichischer Staatspreis für Europäische Literatur — Bundesministerium für Kunst, Kultur, öffentlichen Dienst und Sport.
- ↑ 12.0 12.1 Collinson D. Biographical Dictionary of Twentieth-Century Philosophers — 1996. — ISBN 978-0-415-06043-1
- ↑ 13.0 13.1 Bouriau C. Alfred Adler et la philosophie — გვ. 103. — ISBN 978-2-406-11001-9
- ↑ Bergoffen, Debra, "Simone de Beauvoir", The Stanford Encyclopedia of Philosophy, Edward N. Zalta (ed.), URL = <http://plato.stanford.edu/archives/fall2010/entries/beauvoir/>.
- ↑ Norwich, John Julius (1985–1993). Oxford illustrated encyclopedia, Judge, Harry George., Toyne, Anthony., Oxford [England]: Oxford University Press, გვ. 40. ISBN 0-19-869129-7. OCLC 11814265.