ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი

(გადამისამართდა გვერდიდან ბოდგან ხმელნიცკის ქუჩა)

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი); გაბრიელ სალოსის მოედნიდან თბილავიამშენამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
წინა სახელები სასაკლაოს ქუჩა, ყარაიის დიდი გზა, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა; სალდათის ქუჩა, რეიტერის ქუჩა, გერმანელების ქუჩა, 5 დეკემბრის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა

ერთ მონაკვეთს (ახლანდ. გაბრიელ სალოსის II შესახვევამდე) თავდაპირველად ერქვა სალდათის ქუჩა, რადგან აქ ძირითადად სახლდებოდნენ გადამდგარი და ზევადიანი ჯარისკაცები. ქუჩა დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. XX საუკუნის დასაწყისში ქუჩაზე დასახლდა თბილისის კომენდანტი გენერალ-ლეიტენანტი ივანე ნიკოლოზის ძე რეიტერი და ქუჩას რეიტერის ქუჩა დაერქვა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილი ქუჩების სიაში. 1922 წელს დაერქვა გერმანელების, 1939 წელს კი – 5 დეკემბრის ქუჩა, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის (1936) მიღების დღესთან დაკავშირებით. 1991 წელს ქუჩას ეწოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი.[1]

თბილისის 1934 წლის გეგმაზე დანარჩენი მონაკვეთის ადგილას დატანილია 2 ქუჩა: სასაკლაოს ქუჩა (შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში) და ყარაიის დიდი გზა. ამ ქუჩების შეერთებით წარმოქმნილ ქუჩას 1954 წელს ბოგდან ხმელნიცკის სახელი ეწოდა. შემდგომში გაგრძელდა გარდაბნის გზატკეცილამდე.[2]

2014 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას, მასთან არსებულ ორ შესახვევს, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ სამ შესახვევს და ერთ ჩიხს ბერი გაბრიელ სალოსის სახელი ეწოდა.[3]

ქუჩაზეა საქართველოს თვითმფრინავმშენებლობის მსხვილი ცენტრი „თბილავიამშენი“ (სს), XIX საუკუნის წმინდა ბარბარეს ზემო ეკლესია. აქვს 7 შესახვევი და 6 ჩიხი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ენციკლოპედია „თბილისი“, 2008, გვ. 194
  2. ენციკლოპედია „თბილისი“, 2008, გვ. 210
  3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №152. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (27 ოქტომბერი, 2014). ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023