ბოდბისა და ბოდბისხევის გლეხთა აჯანყებანი
ბოდბისა და ბოდბისხევის გლეხთა აჯანყებანი 1699, 1711-1716 — გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლები ბოდბელი ეპისკოპოსის საყმო სოფლებში.
აჯანყებულთა საბაბი გახდა "რიგის ძროხის" გამოსაღები ("ძროხა ("ზროხა") ზოგადად მსხვილი რქოსანი საქონელსაც აღნიშნავდა, ხოლო "რიგის ძროხა" - ამ განწესებით ანუ "რიგით" განსაზღვრულ გადასახადს). კომლის გაყრის შემთხვევაში ბოდბელი ეპისკოპოსისათვის უნდა მიერთმიათ ერთი ხარი, ასისთავისთვის 1 წლის მოზვერი, ხოლო ქევხისათვის - ცხვარი.
ამ მძიმე გადასახადის გაუქმების მიზნით სოფ.ბოდბისა და ბოდბისხევის გლეხები პირველად აჯანყდნენ 1699 წელს. ბოდბელი ეპისკოპოსი ევდემოს დიასამიძე იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა გლეხები "რიგის ძროხის" ვალდებულებისაგან და სათანადო საბუთებიც მისცა აჯანყებულებს. მაგრამ შემდეგ საქმეში ჩაერია ქართლის მეფე ერეკლე I, რომელსაც შაჰისაგან სამმართველოდ მიცემული ჰქონდა კახეთის ნაწილი ქიზიყითურთ. მან ჩაახშო გლეხების ეს აჯანყება, სათანადოდ დასაჯა მისი მონაწილეები, განსაკუთრებით მეთაურები ("ჯანღის თავები") და ახალი დოკუმენტით კვლავ დაადასტურა ყმა გლეხთა მიერ "რიგის ძროხის" გადახდის ვალდებულება.
მეორედ გლეხები აჯანყდნენ დაახლოებით 1711-1716 წლებში, როდესაც ირანში გაწვეული კახეთის მეფე დავით II-ის მაგივრად კახეთს განაგებდნენ თეიმურაზ ბატონიშვილი და დედამისი, დედოფალი ანა. აჯანყებულებმა დაარბიეს ბოდბელი ეპისკოპოსის მოხელეები, თან იმუქრებოდნენ, რომ თუ "რიგის ძროხის" გადასახადს არ ამოუკვეთდნენ, აიზრებოდნენ და სხვაგან გადასახლდებოდნენ. ბოდბელმა ეპისკოპოსმა ზაქარია ანდრონიკაშვილმა დახმარებისათვის თეიმურაზ ბატონიშვილს მიმართა, რომელმაც ეპისკოპოსს ურჩია დროებით დაეთმო და გლეხები აღნიშნული ვალდებულებისაგან გაეთავისუფლებინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ასათიანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 440.