ბილანიშვილების კოშკი
ბილანიშვილების კოშკი, ბუტულაანთ კოშკი, — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბილანიშვილების უბანში. განეკუთვნება XVIII საუკუნეს. ეკუთვნოდა ბილანიშვილების (ბუტულაშვილების) საგვარეულოს.
არქიტექტურა
რედაქტირებაკოშკი ცილინდრულია, ხუთსართულიანი (გარე დიამეტრი ფუძის დონეზე - 8,1 მეტრი). მეხუთე სართული ქონგურებიანი ბანია. ნაგებია რიყის ქვით. კედლის ზედაპირი ნალესობითაა მოსწორებული. პირველი, მეორე და მესამე სართულების გუმბათები აგურისაა. ერთადერთი შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილო მხარეს. კარი სწორკუთხაა.
პირველი სართული, სამეურნეო დანიშნულების. გეგმით წრიული, ყრუ სათავსია. მასში მოხვედრა მხოლოდ მეორე სართულიდან, კედლის სისქეში მოწყობილი კიბითაა შესაძლებელი. სართულის ცენტრში ჭა ყოფილა (ამოვსებულია). სართული გადახურულია აგურის ნახევარსფერული გუმბათით, რომელშიც კამარის ქუსლის დონეზე, ერთი სარკმელია გაჭრილი. კოშკის მეორე სართული შვიდწახნაგაა. ერთ-ერთ (ჩრდილო) წახნაგში, კოშკში შემოსასვლელი კარია, რომლის აღმოსავლეთ წირთხლში პირველ სართულზე ჩასასვლელი კიბე იწყება. კარის პირდაპირ გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი ბუხარია, კარის მარჯვნივ კი - ზედა სართულთან დამაკავშირებელი კიბის უჯრედში შესასვლელი და ერთი პატარა სათოფური. კარის მარცხნივ (აღმოსავლეთით) პატარა ნიშია - ცალმაგი სათოფურით. დანარჩენ სამ წახნაგში შეწყვილებული სათოფურით აღჭურვილი, თითო დიდი ზომის, ღრმა ნიშია. სართული გადახურულია აგურით ნაწყობი, ნახევარსფერული კამარით, რომლის ქუსლის დონეზე, აღმოსავლეთით, სარკმელია გაჭრილი.
მესამე სართულიც გეგმით წრიულია. ამ სართულზეც, შესასვლელი კარის პირდაპირ, გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი ბუხარია. კედელში ოთხი ოთხკუთხა ნიშია, რომლებშიც ორმაგი სათოფურებია მოწყობილი. მთლიანი შენობის ერთ-ერთი ნიშა იატაკის დონიდან იწყება. მასში ორმაგი სათოფურის გარდა, ერთი ცალმაგი, დახრილი სათოფურიცაა. სართული გადახურულია ნახევარსფერული კამარით, რომელშიც სარკმელია მოწყობილი. ერთი პატარა სარკმელი სართულზე ამოსასვლელი კიბის ბაქნის დონეზეა. მეოთხე სართული ქონგურებიანი ბანია. კედელში სიმეტრიულად განლაგებულია ხუთი ნისკარტა სალოდე, რომელთა შორის ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია მოწყობილი. სათოფურებია ზოგიერთი სალოდის გვერდის კედლებშიც და ქვემოთაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 180-181.