ბერმუდის სამკუთხედი

ბერმუდის სამკუთხედი, ეშმაკის სამკუთხედი (ინგლ. Bermuda Triangle) — ქალაქური ლეგენდა, რომელიც ფოკუსირებულია ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის დასავლეთ ნაწილზე არსებულ არამკაფიოდ განსაზღვრულ რეგიონზე, სადაც როგორც ამბობენ, იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაუჩინარდა 50-ზე მეტი გემი და 20 საფრენი აპარატი. წარმოდგენა ბერმუდის სამკუთხედზე შეიქმნა XX საუკუნეში, მაგრამ ავტორიტეტული გამოცემების უმრავლესობა უარყოფს აქ რაიმე სახით არსებულ იდუმალებას.

ბერმუდის სამკუთხედი
ბერმუდის სამკუთხედის კლასიკური საზღვრები
კლასიფიკაცია
აღწერა
სხვა სახელწოდება:ეშმაკის სამკუთხედი
კოორდინატები:26°37′45″ ჩ. გ. 70°53′01″ დ. გ. / 26.62917° ჩ. გ. 70.88361° დ. გ. / 26.62917; -70.88361
ქვეყანა:ღია ზღვა
ბაჰამის კუნძულები
მდგომარეობა:ქალაქური ლეგენდა

ბერმუდის სამკუთხედში არის მრავალი პატარა კუნძული, რის შედეგადაც აქ ინტენსიურად არის განვითარებული მცირე კაბოტაჟური ნაოსნობა, ხოლო კლიმატური პირობები ტურისტული ბიზნესის გაფურჩქვნის ხელშემწყობი ფაქტორია. სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქვე ახლოს იპოვეს ფრანგული აფრიანი გემი „როზალი“. იქ ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ არ იყო ეკიპაჟის არც ერთი წევრი.

ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან დაწყებული უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებამდე დამთავრებული. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ყოველივე ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ის სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.

აშშ-ის გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭოს თანახმად, ბერმუდის სამკუთხედი როგორც სახელწოდება არ არის აღიარებული და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიხედვით, სამკუთხედი არ არსებობს. 2013 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა მოახდინა 10 ყველაზე სახიფათო წყლის იდენტიფიცირება, რომელთა შორის ბერმუდის სამკუთხედი არ მოხვედრილა.

ქრისტეფორე კოლუმბი იყო პირველი მოგზაური, რომელმაც გაიარა სარგასის ზღვა და ბერმუდის სამკუთხედი 1492 წელს. მისი გემის — სანტა-მარიას ჟურნალი მოგვითხრობს კომპასის ისრის უცნაურ ქცევაზე, ცისა და ზღვის უჩვეულო ნათებაზე. ყოველი გაუგებარი მოვლენა მეზღვაურთა შორის იწვევდა შიშს. ამ უჩვეულო მოვლენების შესახებ ჭორი მალევე გავრცელდა მეზღვაურთა შორის და სულ მალე ატლანტიკის ამ რაიონმა შეიძინა უჩვეულო და საიდუმლო რეპუტაცია.

ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ვინსენტ გადისი მიიჩნევა. მან 1964 წელს სპირიტიზმისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“. XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.

1974 წელს, ჩარლზ ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები იყო შესული. წიგნი ბესტსელერი გახდა და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორიამ ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

1975 წელს, ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა“, რომელშიც ის შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტებისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა გამოავლინეს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში.

თეორიის მომხრეები უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო ხომალდის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა. შ. კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევებათაგან ზოგიერთი ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა მოხდა. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა.

ევენჯერების რგოლი (გაფრენა № 19)

რედაქტირება

ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს „ევენჯერის“ ტიპის ხუთი ბომბდაშენ-ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდა). ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ჯერაც ვერ იპოვეს. ბერლიცის თანახმად, 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები თითქოს-და საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ — „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით“.

კუშეს ვერსიით, სინამდვილეში ეს რგოლი შედგებოდა კურსანტებისგან, რომლებიც ასრულებდნენ საწვრთნელ ფრენას. გამოცდილი პილოტი იყო მხოლოდ მათი ინსტრუქტორი, ლეიტენანტი ტეილორი, მაგრამ ის სულ ახლახან გადმოიყვანეს ფორტ-ლოდერდეილში, რის გამოც იგი ჯერ კარგად არ იცნობდა საფრენ რაიონს. დაფიქსირებულ რადიოგადალაპარაკებებში არაფერია ნათქვამი რაიმე საიდუმლო მოვლენების შესახებ. ლეიტენანტმა ტეილორმა განაცხადა, რომ მან ორიენტირება დაკარგა და ორივე კომპასი გაუფუჭდა. საკუთარი ადგილმდებარეობის დადგენის მცდელობისას მან შეცდომით იფიქრა, რომ რგოლი ფლორიდა-კისის კუნძულების თავზე, ფლორიდისგან სამხრეთით იმყოფებოდა, ამიტომაც მას შესთავაზეს ორიენტაციის მოხდენა მზის მიხედვით და გაფრენა ჩრდილოეთის მხარეს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ, შესაძლოა თვითმფრინავები იმყოფებოდნენ ბევრად აღმოსავლეთისკენ და, ეჭირათ რა ჩრდილოეთის კურსი, მოძრაობდნენ სანაპიროს პარალელურად.

რადიოკავშირის ცუდი პირობები (დაბრკოლებები სხვა რადიოსადგურებიდან) ხელს უშლიდნენ ესკადრილიის ზუსტი მდგომარეობის დადგენაში. რამდენიმე ხანში ტეილორმა გაფრენა დასავლეთის მხარეს გადაწყვიტა, მაგრამ სანაპიროს ვერ მიაღწია, რადგან თვითმფრინავებში საწვავი თავდებოდა. ევენჯერთა ეკიპაჟები იძულებულნი გახდნენ წყალზე ეცადათ დასხდომა. ამ დროისთვის უკვე დაბნელდა, ხოლო ზღვა, იმ რაიონში იმდროს მყოფი გემების თქმით, ძალზედ აბობოქრებული იყო. ევენჯერთა გაუჩინარების შემდეგ მათ საძებნად სხვა თვითმფრინავები გაგზავნეს და ერთ-ერთი მათგანი — ჰიდროთვითმფრინავი „მარტინ მარინერი“ — ასევე უკვალოდ გაუჩინარდა. კუშეს მოსაზრებით, ასეთი ტიპის თვითმფრინავებს გარკვეული ნაკლოვანება გააჩნიათ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საწვავის ორთქლი კაბინაში აღწევს და საკმარისია ერთი ნაპერწკალი იმისთვის, რათა აფეთქება მოხდეს.

„გეინე მილსის“ (Gaines Mills) ტანკერის კაპიტანმა განაცხადა, რომ იგი აფეთქებას და ნამსხვრევებს თვალს ადევდნებდა, შემდეგ კი ზღვის ზედაპირზე ზეთის ლაქა აღმოაჩინა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება