ბერეკაშვილები
ბერეკაშვილები — ქართველი მშენებელი ოსტატები, ქუთაისის მახლობლად მდებარე სოფ. კურსებიდან. ცნობილნი არიან: ლევან, მოსე, ისიდორე, კალისტრატე და იოსებ ბერეკაშვილები.
მათ XIX საუკუნის 60-იან წლებიდან რამდენიმე ეკლესია ააგეს დასავლეთ საქართველოში: 1867, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის დავალებით, სოფ. ბახვში (ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; ლევან და მოსე ბერეკაშვილები), 1873 სოფ. გოდოგანში (ისიდორე ბერეკაშვილი), 1883 სოფ. ნაგარევში (იოსებ ბერეკაშვილი, ორივე თერჯოლის რაიონი), 1905 სოფ. კოკაში (ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი; იოსებ და კალისტრატე ბერეკაშვილები). ბერეკაშვილების აშენებული ეკლესიები ყურადღებას იპყრობს ტექნიკური შესრულების მაღალი დონით. კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვით. ბერეკაშვილები ცდილობდნენ გაეგრძელებინათ ეროვნული ტრადიციები და იყენებდნენ ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცალკეულ დეტალებს (დეკორაციულ თაღებსა და ლილვებს, ბურთულებიან სამკაულებს და სხვა).
ამ მხრივ ბერეკაშვილების ნაგები ეკლესიები თვალსაჩინოდ განსხვავდება იმ ეკლესიებისაგან, რომლებსაც XIX საუკუნის მანძილზე საქართველოში მომუშავე ბერძენი ოსტატები აშენებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 316.