ბეჟან კილანავა
ბეჟან ილიას ძე კილანავა (დ. 23 აპრილი, 1940, გალის რაიონი, სოფელი რეფო-შეშელეთი — გ. 13 აპრილი, 1995, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
ბეჟან კილანავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 აპრილი, 1940 |
დაბ. ადგილი | აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 13 აპრილი, 1995 (54 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ფილოლოგი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სკოლა და ცხოვრება |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბეჟან კილანავა დაიბადა 1940 წლის 23 აპრილს გალის რაიონ სოფელ რეფო-შეშელეთში. 1947 წელს შევიდა და 1958 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა. 1959-1960 წლებში სწავლობდა ვილნიუსის სამხედრო საავიაციო სკოლაში, ხოლო 1960-1962 წლებში მსახურობდა ჯერ რჟევის, შემდეგ — სმოლენსკის სამხედრო ნაწილებში. 1962 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი წარჩინებით დაამთავრა 1967 წელს. 1964-67 წლებში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა ექვსი მოხსენება, მათგან ორი — როსტოვისა და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ოთხმა საკონფერენციო თემამ სიგელები დაიმსახურა, ორმა კი — პირველი ხარისხის დიპლომები და ფულადი პრემიები. 1967 წელსვე სტუდენტთა სამეცნიერო შრომების რესპუბლიკურ კონკურსში ბეჟანის ნაშრომმა − „ილარიონ ქართველის ცხოვრების ავტორობის საკითხი“ − უმაღლესი შეფასება და ფულადი პრემია დაიმსახურა.
1965-67 წლებში კილანავა იყო სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 1966-1967 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის კომკავშირის რაიკომის შტატგარეშე ლექტორად; შოთა რუსთაველსა და მის „ვეფხისტყაოსანზე“ კითხულობდა ლექციებს. გარკვეულ პერიოდში მუშაობდა სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში, იყო ჟურნალ „სკოლა და ცხოვრების“ განყოფილების გამგე, აქვე შემოიღო საგანგებო რუბრიკა ახალგაზრდა შემოქმედთათვის, რომელსაც წარუმძღვარა პოეტის სიტყვები — „ჰეი, ვინ მოდის მანდ, მომავლიდან“. ბეჟანმა 1973 წლის 30 ნოემბერს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „შუშანიკის წამების“ პრობლემატიკაზე და ერთხმად მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1984 წლის 21 მარტს გახდა დოცენტი. ბეჟანი ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
1990 წელს გამოვიდა კილანავას მონოგრაფია „ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან“, გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. აი, რას წერდა პროფესორი ლევან მენაბდე ბეჟანზე: „მან ახლებურად გააშუქა ქართული ფილოლოგიის მრავალი ფუძემდებლური პრობლემა. თავის უეცარ გარდაცვალებამდე დაასრულა მუშაობა ორ სქელტანიან მონოგრაფიაზე ქართული ენისა და ლიტერატურის, ტოპონიმიკისა და ფოლკლორის, ქართველთა ეთნოგენეზისის მრავალ ისეთ საკითხზე, რომლებიც კავკასიოლოგიაში დღემდე არ დასმულა“. ბეჟანის რამდენიმე წერილი დაიბეჭდა პოლონურ და აზერბაიჯანულ ჟურნალებში, ხოლო გამოკვლევა — „შუშანიკის წამების“ ქართული და სომხური რედაქციების ურთიერთმიმართების საკითხისათვის“ — გამოქვეყნდა იტალიურ ენაზე 1996 წელს.
კილანავას გარადაცვალების შემდეგ გამოიცა „900 მეგრული სიტყვა“. 2009 წელს კი მისი გამოკვლევებისა და შრომების სამტომეული — „რჩეული შრომები“, ხოლო 2010 წელს ცალკე კრებულად გამოიცა მოგონებები ბეჟან კილანავაზე — „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბეჟან კილანავა, რჩეული შრომები,ტ.1, თბილისი, 2009
- მოგონებები ბეჟან კილანავაზე, „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“, თბილისი, 2010