ბასკეტის ბაღები
ბასკეტის ბაღები | |
---|---|
მდებარეობა | |
35°51′41″ ჩ. გ. 14°23′56″ ა. გ. / 35.86139° ჩ. გ. 14.39889° ა. გ. | |
ქვეყანა | მალტა |
ძირითადი ინფორმაცია | |
დაარსების წელი | XVI საუკუნე |
ფართობი | 473,694.5 მ2 |
malta.com/en/attraction/ | |
ბასკეტის ბაღები (ინგლ. Buskett Gardens ; იტალ. Boschetto ) — მალტის რამდენიმე ტყიანი ადგილიდან,ერთ-ერთია, რომელიც მდებარეობს სიგევის ნაყოფიერ ვიდ ილ ლუკის ხეობაში. გადაჭიმულია 30 ჰექტარ ფართობზე სიჯევის დასავლეთით (Citta Ferdinand) და დინგლის ოდნავ აღმოსავლეთით. ბაღის ნაპირში მდებარეობს მალტის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია ვერდალას სასახლე.
ისტორია
რედაქტირებამალტის ტერიტორია ძველ დროში დაფარული იყო ბუნებრივი ტყეებით, მაგრამ მე-16 და მე-17 საუკუნეებში ხეები დაჭრეს გემთმშენებლობის ( გალეონის წარმოების) მიზნით და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის. ამჟამინდელი ბასკეტის ბაღების ტერიტორია შემოინახეს მალტის ორდენის ჰოსპიტალიერმა რაინდებმა სანადირო ნაკრძალის სახით. [1]
1557 წლის ივნისში, ჰოსპიტალიერების ორდენის დიდი მაგისტრის — კლოდ დე ლა სანგლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, ამიტომ იგი ბასკეტში გადავიდა. კლოდ დე ლა სანგლი გარდაიცვალა მალტის ქალაქ (ყოფილი დედაქალაქი) მდინაში ორი თვის შემდეგ. [2]
აღწერა
რედაქტირებაბასკეტის ბაღები შედგება სხვადასხვა ტყის მასივისგან, რომლებიც წარმოქმნილია ენდემური სახეობის ფართოფოთლოვანი ხეების, წიწვოვანი მცენარეების და ხმელთაშუა ზღვის მარადმწვანე ბუჩქების გარიგასა და მაკიასგან . ტერიტორიაზე ასევე მრავლადაა ხეხილის კორომები. [3]
ბაღები დიდი პოპულარობით სარგებლობს მალტელებში, რომლებიც აქ ხშირად სეირნობენ ან პიკნიკებს აწყობენ ხეების ჩრდილში. 29 ივნისს, იმნარჯის (პეტრე-პავლეს) დღესასწაულზე ბაღებში ფიესტა იმართება. ასობით ადამიანი იკრიბება იქ წინა საღამოს, რათა მიირთვან ღვინოში მოხარშული ტრადიციული მალტური ჩაშუშული კურდღელი, მოუსმინონ ტრადიციულ ხალხურ მუსიკას და სიმღერას, ხოლო დილით მხიარულად გაატარონ დრო ყოველწლიურ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე .[4]
ვერდალას სასახლე
რედაქტირებავერდალას სასახლე მდებარეობს ბორცვზე, რომელიც გადაჰყურებს ბასკეტის ბაღებს. იგი ააგო მალტელმა არქიტექტორმა ჯიროლამო კასარომ ჰოსპიტალიერების ორდენის დიდi მაგისტრის უგო დე ვერდალას ბრძანებით 1588 წელს. მანამდე, 1557 წელს, დიდმა მაგისტრმა ჟან დე ლა ვალეტმა აქ ააშენა პატარა სანადირო სახლი და სასახლის ასაგებად ადგილი სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ რაინდები ნადირობით იყვნენ გატაცებულნი. მას შემდეგ, რაც კუნძული 1800 წელს ბრიტანელებმა დაიპყრეს ( ორი წლით ადრე კუნძული ფრანგებმა დაიკავეს), სასახლე გამოიყენებოდა როგორც ციხე ფრანგი სამხედრო ტყვეებისთვის. ბრიტანელების მმართველობის დროს სასახლე ჯერ აბრეშუმის ქარხანის ფუნქციას ასრულებდა, შემდეგ მიატოვეს და დაიწყო სასახლის ნგრევის პროცესი, მაგრამ საუკუნის შუა წლებში იგი აღადგინეს და 1858 წელს იგი გახდა ბრიტანეთის გუბერნატორების ოფიციალური საზაფხულო რეზიდენცია. 1982 წელს დაიწყო სასახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1987 წლიდან შენობა მალტის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენს. სასახლე არ არის ღია საზოგადოებისთვის, გარდა აგვისტოს ყოველწლიური მთვარის დღესასწაულისა.
მნიშვნელოვანი ორინტოლოგიური ტერიტორია
რედაქტირებაბასკეტის ბაღები კლასიფიცირებულია BirdLife International-ის მიერ, როგორც მნიშვნელოვანი ორინტოლოგიური ტერიტორია (Important Bird Area, IBAI), რადგან აქ ბინადრობს დიდი რაოდენობით ფრინველი. ასევე წარმოადგენს თავშესაფარს მალტის არქიპელაგის გავლით გაზაფხულზე და შემოდგომაზე გადამფრენი ფრინველებისთვის. ყოველწლიური მიგრაციის დროს ამ ადგილებში ჩერდებიან Pernis apivorus, Circus aeruginosus , კესტრები ( Falco tinnunculus ), მარჯანი ( Falco subbuteo ) და ელეონორის ფალკონები ( Falco eleonorae ) [3] .
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Buskett, the lungs of Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-07. ციტირების თარიღი: 2014-09-07.
- ↑ Abela, Joe. Claude de la Sengle (1494 - 1557). Senglea Local Council. ციტირების თარიღი: 2014-12-03.
- ↑ 3.0 3.1 Buskett and Wied il-Luq. Important Bird Areas factsheet. BirdLife International (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-10. ციტირების თარიღი: 2013-08-05.
- ↑ Praca zbiorowa: Podróże marzeń MALTA. Warszawa: Mediaprofit Sp. z o.o., 2006, s. 234—235. ISBN 83-60174-18-0.