ბარიონი
ბარიონი (ბერძ. βαρύς [barys] — „მძიმე“) — ჯგუფი მძიმე ელემენტარული ნაწილაკებისა, რომლებსაც კენტი რიცხვის ნახევრის ტოლი სპინი და პროტონზე არანაკლები მასა აქვს. ბარიონებს განეკუთვნება პროტონი და ნეიტრონი (ატომის ბირთვის შემადგენელი ნაწილაკები), ჰიპერონები და აგრეთვე ბარიონული რეზონანსები. სახელწოდება „ბარიონი“ მიიღო იმის გამო, რომ მათგან ყველაზე მსუბუქი — პროტონი 1836-ჯერ მძიმეა ელექტრონზე.
ერთადერთი მდგრადი ბარიონია პროტონი. ყველა დანარჩენი — არამდგრადია და თანმიმდევრული დაშლის შედეგად გარდაიქმნება პროტონად და მსუბუქ ნაწილაკებად (ნეიტრონი თავისუფალ მდგომარეობაში არამდგრადია, ატომის ბირთვში ბმულ მდგომარეობაში კი — მდგრადი). ბარიონები მონაწილეობენ თითქმის ყველა ცნობილ ელემენტარულ ურთიერთქმედებაში: ძლიერში, ელექტრომაგნიტურში, სუსტსა და გრავიტაციულში. ვინაიდან ბარიონებს ახასიათებს ძლიერი ურთიერთქმედება, ამიტომ ისინი აქტიურად ურთიერთქმედებენ ატომის ბირთვებთან.
ნებისმიერ ბირთვულ რეაქციებში ბარიონების ურთიერთქმედებისას მათი საერთო რიცხვი არ იცვლება. მაგალითად ბეტა-დაშლის პროცესში ნეიტრონებსა და პროტონებს ბირთვში შეუძლიათ ურთიერთგარდაქმნა (ელექტრონებისა და ნეიტრინოს ან მათი ანტინაწილაკების გამოსხივებით), მაგრამ მათი ჯამური რიცხვი ყოველთვის ერთი და იგივეა. ბარიონის დაშლის შედეგად აუცილებლად ისევ ბარიონი წარმოიქმნება. არასოდეს არ ყოფილა შემჩნეული ისეთი პროცესი, რომელშიც ბარიონი უფრო მეტად მსუბუქ ნაწილაკებად გარდაქმნილიყო ბარიონის გამოუსხივებლად. ასეთი პროცესების არსებობა მიგვიყვანდა ნივთიერების არამდგრადობამდე. შემჩნეული კანონზომიერებანი ფორმულირებული იყო ბარიონული მუხტის მუდმივობის კანონის სახით.
გამოთქმულია ჰიპოთეზა ელექტრული და ბარიონული მუხტების ღრმა მსგავსების შესახებ. როგორც ელექტრული მუხტი წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ველის წყაროს, ისე ბარიონული მუხტი შეიძლება განვიხილოთ ძლიერი ურთიერთქმედების ველის წყარო. დამუხტული ნაწილაკების ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება ხდება მათ შორის დაუმუხტავი ნაწილაკების — ფოტონების გაცვლით. ანალოგიურად, ბარიონების (მაგალიტად პროტონებისა და ნეიტრონების) ძლიერი ურთიერთქმედება განპირობებულია მათ შორის ბარიონულ მუხტს მოკლებული ნაწილაკების — მეზონების გაცვლით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 209-210.