ბარბარე გამრეკელი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გამრეკელი.

ბარბარე (ბაბო) ალექსანდრეს ასული (დ. 3 ივნისი, 1893, ქუთაისი — გ. 15 ოქტომბერი, 1970, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი. ქართველი მომღერლის დავით გამრეკელისა და რეჟისორ ბორის გამრეკელის და.

ბარბარე გამრეკელი
დაბადების სახელი ბარბარე გამრეკელი
დაბადების თარიღი 3 ივნისი, 1893
გარდაცვალების თარიღი 15 ოქტომბერი, 1970 (77 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მან სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1913 წელს მოსკოვში კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ე. წ. „თავისუფალ თეატრში“ 1916 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობდა ქუთაისისა და თბილისის თეატრებში.

ბაბო გამრეკელის თეატრალური ცხოვრება შემთხვევით არ დაწყებულა. ეფემია მესხი იყო ბაბოს დეიდა და მისდამი განსაკუთრებულმა სიყვარულმა განაპირობა ქალიშვილის მომავალი. მოსკოვამდე ბაბოს ოჯახი ცხოვრობდა ბაქოში და ჯერ კიდევ ბავშვი, მონაწილეობდა იქაური ქართული თეატრის წარმოდგენებში. საქართველოში დაბრუნებული ნიჭიერი ახალგაზრდა თეატრალურ მოღვაწეობასთან ერთად, მეცადინეობს თბილისის კონსერვატორიაში ვოკალურ განყოფილებაზე. 1916 წელს საფრანგეთიდან ჩამოვიდა რეჟისორი გიორგი ჯაბადარი, რომელმაც თბილისში საფუძველი ჩაუყარა დრამატულ სტუდიას. აქ სწავლობდნენ ვერიკო ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, აკაკი ვასაძე და მასთან ერთად ბარბარე გამრეკელი. 1920 წლიდან იგი სახელმწიფო დრამის თეატრის (ყოფილი არტისტული საზოგადოების თეატრი, რომელსაც 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა შოთა რუსთაველის სახელი) მსახიობია. დაახლოებით 6 წლის განმავლობაში მას უხდებოდა კოტე მარჯანიშვილთან მოღვაწეობა. 1928 წლიდან წელიწადნახევარი ბაბო გამრეკელი მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრშია. შემდეგ იგი ისევ კოტე მარჯანიშვილის თეატრს უბრუნდება, სადაც სულ 42 წელი იღვაწა. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე თეატრის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის გამგე.

ქართულ თეატრში ბაბო გამრეკელმა შექმნა დაუვიწყარი სახები: ელენე (მარიკა ბარათაშვილი „მარინე“), ელისაბედი (ვასო პატარაიას „სანაპიროზე“), ხლოპოვის ცოლი (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ჰორტეზია (კარლო გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“), გრაფინია ალმავივა (პიერ ბომარშე „ფიგაროს ქორწინება“), მარეხი (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), აგრაფინა (შალვა დადიანის „გუშინდელნი“), ისახარ (ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინის „ღალატი“) და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 542.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 95, თბ., 1994

რესურსები ინტერენტში

რედაქტირება