ბარაზბოდი„მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით, ქართლისა და ჰერეთის პიტიახში V საუკუნის პირველ ნახევარში. იმავე პერიოდის ამბების თხრობისას, ჯუანშერის თხზულება იხსენიებს ბარზაბოდს, რანის ან ბარდაველ სპარს ერისთავს, რომელსაც ვახტანგ გორგასლის პაპად მიიჩნევს. ბარაზბოდი/ბარზაბოდი უნდა ყოფილიყო სასანიანთა მიერ დანიშნული ხელისუფალი, რომელსაც ქართლი (იბერია) და ჰერეთი (ალვანეთის დასავლეთ ნაწილი) ექვემდებარებოდა. კირილ თუმანოვის მოსაზრებით, ბარაზბოდი გარდმანის მიჰრანიან მთავართა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო.[1]

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ თანახმად, ბარაზბოდი ქართლის მეფე მირდატის (დაახლ. 435–447) თანამედროვე იყო. მასვე მთავარეპისკოპოსი გლონოქორი ქართლისა და ჰერეთის ერისთავად დაუნიშნავს.[2] საფიქრებელია, რომ ბარაზბოდმა გლონოქორს გარკვეული საერო ფუნქციები დააკისრა. ჯუანშერის მიხედვით, ბარზაბოდს მტრული ურთიერთობა ჰქონდა ქართლის მეფე არჩილთან. საბოლოოდ, მან თავისი ქალიშვილი, საგდუხტი მირდატ არჩილის ძეს მიათხოვა. ამ ქორწინებიდან დაიბადა ვახტანგ გორგასალი, რომლის მცირეწლოვანების ჟამს დაქვრივებული საგდუხტი ქვეყანას მამის მფარველობის ქვეშ მართავდა.[3] ჯუანშერი იხსენიებს ასევე ბარაზბოდის საგვარეულოს წარმომადგენელ ვარზმანს („ნათესავი სპარსთა ერის-თავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა“), რომელსაც ვახტანგის შთამომავალმა არჩილმა თავისი ძმისშვილი მიათხოვა და საგამგებლოდ მისცა ტერიტორია „კოტმანითგან ქურდის-ჴევამდე“.[3]

  1. Toumanoff, Cyril (1963) Studies in Christian Caucasian history. Washington: Georgetown University Press, გვ. 479–481. 
  2. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, თბ., 1963. ელ. ვერსია (titus.uni-frankfurt.de)
  3. 3.0 3.1 ჯუანშერი, „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ („ქართლის ცხოვრება“). ელ. ვერსია (orthodoxy.ge)