ბაზარის ღვთისმშობლის ეკლესია
ბაზარის ღვთისმშობლის ეკლესია, ბახთალას ღვთისმშობლის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია საინგილოში, საქართველოს ისტორიულ პროვინცია ჰერეთში (ახლანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალის რაიონში, სოფელ ალიაბადის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე). დგას გაღმამხარის უძველესი სავაჭრო ქალაქის, გვიანდელი ფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ცენტრის — ბაზარის, იგივე ძეგამის (სპარსულ-თურქული წყაროებით — ზაგემის) ნაქალაქარზე,[1] იქ სადაც ამჟამად არის სოფელი ბახთალო. ხშირად მას ფალდახლოს ტაძარსაც უწოდებენ. ადგილობრივი „ლეკები ამ ეკლესიას ფერიყალას ეძახიან, რაც თამარის ციხესა ნიშნავს“.
ბაზარის ღვთისმშობლის ეკლესია | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მუნიციპალიტეტი | ზაქათალა |
ადგილმდებარეობა | ბაზარის (ზაგემის) ნაქალაქარი. |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | გუმბათოვანი |
თარიღდება | ~XVI სკ. |
მცირეფართობიანი მაღალი, გუმბათოვანი ეკლესია ნაშენია კარგად გამომწვარი ქართული აგურით იმ ყაიდაზე, როგორც ეს ახასიათებს კახეთის ამ სახის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. კარნიზებისა და ფასადის ზედა ნაწილებისათვის გამოყენებულია შირიმი, შირიმითვე იყო ამოყვანილი გუმბათის ყელი (1971 წლიდან გუმბათი აღარ არსებობს და ძეგლიც ძლიერ დაზიანდა). გუმბათი ეყრდნობოდა საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის კუთხეებსა და ორ ბურჯს. კუთხის ოთხივე სათავსის გადახურვა აფრულ-გუმბათოვანია. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ჰქონდა. შენობის ფასადები სადაა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე გამოყოფილია შუა ფრონტონები. გუმბათის ყელის სარკმლები და ნიშები გაფორმებული იყო შეისრულთაღიანი ზედანებით. ჩრდილოეთ ფასადის ზედა ნაწილს ამკობს აგურის ფიგურული წყობით გამოყვანილი ზოლი, ასევე იყო დეკორირებული გუმბათის ყელის ზედა ნაწილიც. კონქის ქვეშ გამოსახულია რვა მედალიონი, რომლებშიც ჩახატულია ნახევარფიგურები.[1]
ერთი მოსაზრებით, ტაძარში მხოლოდ საკურთხევლის აფსიდი იყო მოხატული,[1] მეორის თანახმად კი ეკლესიის კედლები მდიდრულად ყოფილა მოხატული, მაგრამ იმდენად დაზიანებულია, რომ უმეტესი ნაწილი ჩამოფხეკილია და გამქრალი. ზოგიერთი გადარჩენილი ფრაგმენტი ძალზე დასახიჩრებულია. გახუნებულ ფრესკებსაც კი „თვალები დანის წვერითა აქვთ ამოჩიჩქნილი, მაგრამ მაინც ეტყობა მირქმა ქრისტესი, მიძინება ღვთისმშობლისა“. ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია და მისი დასახიჩრება-განადგურება უპატრონობისა და მოუვლელობის გამო გრძელდება.
მიწის თხრის დროს, 1858 წელს, ინგილოებს აქ უპოვნიათ ზარი, რომელსაც ჰქონია ქართული მხედრული წარწერა. ამ წარწერიდან ირკვევა, რომ ზარი ბაზარის ღვთისმშობლის ეკლესიისათვის შეუწირავს კახთა მეფეს ლეონს, რომელიც მეფობდა 1520-1574 წლებში, ამიტომ ამ ძეგლის მშენებლობასაც ლეონს მიაწერენ და ტაძარს XVI საუკუნით ათარიღებენ. რა თქმა უნდა, ძეგლის დათარიღებისათვის ეს სრულიად არ არის საკმარისი საბუთი, რადგანაც ზარზე არსებული წარწერა ძეგლის ეპიგრაფიკულ, რაიმე სამშენებლო ხასიათის უშუალო ამსახველ მასალას არ წარმოადგენს. პირველი ცნობები და ფოტოგრაფიული სურათი ამ ძეგლის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნებულია ა. ხახანაშვილის მიერ 1898 წელს.
1970 წელს საბჭოთა პერიოდში გუმბათის ყელი ააფეთქეს.
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
ეკლესია დანგრევამდე
-
ეკლესიის ნანგრევები
-
ეკლესიის ნანგრევები
-
ეკლესიის ნანგრევები
ლიტერატურა
რედაქტირება- ადამია ი.,„ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 19 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1969 წელი. — გვ. 47-59
- ადამია ი., ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, წგნ. 3 – საინგილო, თბ., 1979;
- ჭილაშვილი ლ., კახეთის ქალაქები (XIV – XVII სს.), თბ., 1980;
- Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მარჯანიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 381–382.