ბაბილაშენის ნასახლარი
ბაბილაშენის ნასახლარი — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, რომელიც ხეობის მფლობელთა ზურაბიშვილთა რეზიდენციას წარმოადგენდა
ნასახლარი გაშლილია ჩრდილო-სამხრეთის ხაზზე ორ ტერასად: დასავლეთით, ზედა ტერასაზე საცხოვრებელი ნაგებობებია, ხოლო აღმოსავლეთით, ქვედა ტერასაზე ეკლესია დგას. საერო დანიშნულების ნაგებობები ექვსია, ერთი აგურისა და ნატეხი ქვითაა ნაგები, დანარჩენები კი - ნატეხი ქვით. ნაგებობებიდან ორი სასახლეა. ერთი სასახლე ორსართულიანი ყოფილა და მინიმუმ სამი დარბაზისგან შედგებოდა. დასავლეთით პირველი სართული შემჯდარი იყო მიწაში სადაც მარანი ან სატრაპეზო უნდა ყოფილიყო. კედლებში ჩართულია ოთხკუთხა ნიშები და ბუხრები. სენაკი ფართო თაღოვანი ღიობით აღმოსავლეთის დარბაზს უკავშირდებოდა. ამ დარბაზისგან მხოლოდ დასავლეთის კედელი სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების დასავლეთის კიდეები შემორჩა თაღოვანი თაღჩებით. ასევე არაფრის თქმა არ შეგვიძლია მეორე სართულის შესახებ, რომელზეც ასასვლელი კიბე სასახლეს ჩრდილოეთიდან ქონია მიდგმული. მეორე სასახლე ორსართულიანი სასახლის ჩრდილოეთით დგას. ის აგურითა და ქვითაა ნაგები და ანფილადურ ნაგებობას წარმოადგენს. სულ ოთხი ოთახია, რომელთა კედლებში აგურითვე გამოყვანილი სწორკუთხა ნიშები და ბუხრებია გაკეთებული. ოთახებს ქონიათ აგურის იატაკი. სასახლეთა გარდა ნასახლარში ოთხი ორსენაკიანი ნაგებობა დგას, რომლებიდანაც ერთი სასახლეებს შორისაა, დანარჩენი კი ორსართულიანი სასახლის სამხრეთით. ამ შემთხვევაშიც, ნაგებობები დასავლეთიდან მიწაშია შემჯდარი და კედლებში ნიშა-თახჩები და ბუხრებია დატანებული. ერთში შემორჩენილია ქვევრები, ხოლო მის დასავლეთით დიდი ზომის ჭაა ამოჭრილი. ეკლესია, რომელიც ღვთაების სახელობის ყოფილა, 1697 წელსაა აგებული რევაზ ზურაბიშვილისა და მისი მეუღლის მიერ. დარბაზულია, ნატეხი ქვით ნაგები დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სარკმლებიდან ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთის სარკმლის არსებობა დგინდება. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი. აფსიდის კედლებში ორი სწორკუთხა ნიშია გაკეთებული. ასეთივე ნიშაა ჩრდილოეთ კედელში, მხართან. XIX საუკუნის ბოლოს ეკლესიის შესასვლელის არქიტრავზე ჯერ კიდევ ყოფილა მხედრული წარწერა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, გვამცნობდა, რომ ტაძარი 1697 წელი აუგიათ რევაზ ზურაბიშვილსა და მის მეუღლე თამარ ფალავანდიშვილს:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39376