ახმეტის წმინდა გიორგის ეკლესია (უტო)

ახმეტის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას უტოს უბანში, ბაზართან. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,8 X 5,5 მ), შეიცავს ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ სამშენებლო ფენას. კედლების ქვედა ნაწილები (2,8-3,9 მ სიმაღლეზე) მთლიანად რიყის ქვისაა. ზედა ნაწილები კი შირიმის კარგად გათლილი ქვითაა ნაგები. კარ-სარკმლების წირთხლები და თაღები აგურისაა. ინტერიერში შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდის ნალესობის ორი ფენა.

შესასვლელი დასავლეთიდანაა. თაღოვანი კარი შიგნით სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთით სხმული კონქით გადახურული ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. კონქი აფსიდის კედელს არ ერწყმის და მათ საზღვარზე მცირე საფეხური იქმნება. კონქის ჩრდილოეთ ნაწილში, ქუსლის დონეზე, მცირე სამალავია მოწყობილი. საკურთხეველში ერთი ვიწრო, შეისრული სარკმელი და ორი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის შუაში შემორჩენილია ტრაპეზის ნაშთი. კანკელი ხის ყოფილა (შემორჩენილია ძელების ბუდეები). დარბაზის გრძივ კედლების აღმოსავლეთ კიდესთან და დასავლეთ კედელში თითო ვიწრო შეისრული სარკმელია.

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის სათაური შედგება მუქი წითელი საღებავით დაფერილი სამი ამოღარული ნახევარწრიული თაღისგან. შუა თაღს ბოლოებში პატარა ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ ჩასმულ შირიმის კვადრატულ ფილაზე, წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ჯვარიც და წრეც დაფარულია მუქი წითელი ფერის სღებავით. ეკლესიას სამ საფეხურიანი აგურის ლავგარდანი აქვს, გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა

რედაქტირება