ახალი ზელანდიის სამზარეულო

ახალი ზელანდიის სამზარეულო (ინგლ. New Zealand cuisine) — ტრადიციული ახალზელანდიური კერძების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა აბორიგენებისა და ბრიტანული გასტრონომიების შერწყმით. ამ კუნძულოვანი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკა მთლიანად ხმელეთიდან და ზღვიდან მოიპოვებს პროდუქციას. ავსტრალიურის მსგავსად, ახალზელანდიური სამზარეულოც მდიდარია ბოსტნეულისა და ზღვის პროდუქტების კერძებით, რაზეც გავლენას მისი მდებარეობა ახდენს, თუმცა ბოლო პერიოდში ხმელთაშუა ზღვის კულტურებმაც აქტიურად დაიწყო აქ დამკვიდრება.

პავლოვა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავსტრალიური და ახალზელანდიური დესერტი

ძირითადად ახალზელანდიური გასტრონომია იყოფა ბრიტანულ და მაორის კულინარიებად. უკვე 1970-იანი წლებიდან პოპულარული გახდა სხვა, უფრო ახალი გასტრონომიებიც, მაგალითად: ამერიკული, ინდონეზიური, ჩინური, ტაილანდური, ინდური, იაპონური და ა.შ. მიუხედავად ამისა, დღემდე მძლავრად იგრძნობა ახალზელანდიურ სამზარეულოში მაორის კულინარიის გავლენა.

ძირითადი კერძები რედაქტირება

 
ჰანგი

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ახალზელანდიური გასტრონომია ერთობ მულტიკულტურულია, რამეთუ მასში ერთდროულად თავმოყრილია მაორების, ბრიტანელების, ფრანგების, ამერიკელების, აზიელებისა და ავსტრალიელების სამზარეულოები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალზელანდიური დესერტია ტორტი პავლოვა, რომელიც მას ავსტრალიასთან აქვს საზიარო, რამეთუ იგი ორივე ქვეყნის გასტრონომიის ნაწილია. ბრიტანული სამზარეულოს გავლენა განსაკუთრებით იმაში გამოიხატა, რომ ზელანდიაში მათი ჩასვლის შემდეგ მომრავლდა წვნიანები, ნამცხვრები და ტორტები.

ახალ ზელანდიაში განსაკუთრებულად პოპულარულია ცხვრის ხორცი, რაც ისევ ბრიტანული გავლენითაა. ამასთან, ზეითუნის ზეთთან ერთად აქ აქტიურად გამოიყენება ავოკადოს ზეთი. სხვა სამზარეულოებიდან ახალზელანდიურში დამკვიდრებულია ისეთი ცნობილი კერძები, როგორებიცაა: ქაბაბი, კუსკუსი, სუში, პასტა, პიცა, ჰამბურგერი და ა.შ.

შეიძლება ითქვას, რომ ავთენტური ზელანდიური კერძები ძირითადად მაორების შექმნილია. ასეთი კერძებია: კუმარა, ჰანგი და სხვა. უმეტესობა მაორული კერძებისა, გამოიყენებოდა რელიგიური რიტუალების შესრულებისას, ამიტომაც მათ მომზადების თავისებური ტექნიკა და მეტად ავთენტური გემო აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი კერძები სასარგებლოა ისეთი ადამიანებისათვის, რომელთაც აქვთ დიაბეტი, გულის პრობლემები და აწუხებთ ჭარბი წონა.

ახალზელანდიური სასმელები რედაქტირება

 
ახალზელანდიური ღვინოები

ახალ ზელანდიას ღვინის წარმატებული ინდუსტრია აქვს. მხოლოდ 2007 წლის ივნისში ექსპორტზე გავიდა 76 მილიონი ლიტრი ღვინო. მიიჩნევა, რომ ამ ქვეყანაში ვაზის პირველი ჯიშები 1817 წელს ჩაიტანა და დარგო ბრიტანელმა მისიონერმა ჩარლზ გორდონმა. 1833 წელს კერიკერში მეღვინეობის კულტურას ჩაუყარა საფუძველი ჯეიმზ ბასბიმ, რომელზეც ჩარლზ დარვინი თავის დღიურებშიც საუბრობდა, ვინაიდან იგი მას 1835 წელს ეწვია.

1840-იანი წლებიდან ახალ ზელანდიაში ვენახების გაშენება დაიწყეს ფრანგმა იმიგრანტებმაც. მიუხედავად ამისა, თავდაპირველად აქ ღვინო მცირე რაოდენობით მოიხმარებოდა. 1996 წლის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 2,6 ლიტრი ღვინო მოდიოდა. იმპორტირებული ღვინის რაოდენობა ხელს უშლიდა ზელანდიელებს მისი წარმოების ტექნიკის დახვეწაში, თუმცა მათ მაინც მოახერხეს მისი ნელ-ნელა გაუმჯობესება.1963 წელს ზელანდიურმა ღვინოებმა სამი ოქროს და ცამეტი ვერცხლის მედალი მოიპოვეს საერთაშორისო გამოფენაზე. 1980-90-იან წლებში ეკონომიკის დარეგულირების მიზნით აქტიურად დაიწყეს ადგილობრივი ღვინის ექსპორტზე გატანა, რამაც ახალზელანდიურ ღვინოს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა.

ახალ ზელანდიაში ღვინის მწარმოებელი 10 მთავარი კომპანია არსებობს. მალბოროს ბრენდი სოვინიონითაა სახელგანთქმული, გისბორნი — შარდონეთი, ხოლო ცენტრალური ოტაგო და მარტინბოროუ — პინო-ნუარითა და პინო-გრით. უაიჰეკის კუნძული ცნობილია თავისი კაბერნეთი, სადაც მის 20-მდე ვარიაციას ამზადებენ.

მიუხედავად ღვინის ასეთი მსხვილი წარმოებისა, ახალ ზელანდიაში ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელი ლუდია. ქვეყანაში გაყიდული ალკოჰოლური სასმელების 63% ლუდზე მოდის. ახალი ზელანდია ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარებით მთელს მსოფლიოში 27-ე ადგილს იკავებს, რაც წელიწადში ერთ სულზე 64,7 ლიტრ ლუდს უდრის. ქვეყანაში 100-ზე მეტი ლუდსახარში ქარხანაა, რომელიც მომხმარებელს მის ფართო არჩევანს სთავაზობს. ახალი ზელანდიის ორი უდიდესი ლუდსახარში კომპანიაა Lion Nathan და DB Breweries. ისინი ქვეყანაში ლუდის გაყიდვების 90%-ს ფლობენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • "umu". Maori Dictionary. Te Aka Online Māori Dictionary. Retrieved 9 November 2018.
  • Satyanand, Anand. "Hangi for Prince William". The Governor-General. Retrieved 9 November 2018.
  • "He whakatairanga i ngā ahuatanga mahi mō te tunu hāngi: Food safety practices in preparing and cooking a hāngi". New Zealand Food Safety. Retrieved 9 November 2018.
  • "The New Zealand Maori Hangi: Foods, Preparations and Methods Used". Genuine Maori Cuisine. Epuro Hands International Limited. 2005. Retrieved October 2, 2012.
  • "About the MultiKai Cooker". Multi KC Ltd. 2011. Retrieved October 2, 2012.
  • Knight, Hardwicke (1966). "Umu-ti". The Journal of the Polynesian Society. 75 (3): 332–347. Retrieved 9 November 2018.