ბრიტანული სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრიტანული სამზარეულო გაერთიანებულ სამეფოსთან დაკავშირებული კულინარიული ტრადიციებისა და პრაქტიკის ერთობლიობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთს თანდაყოლილად ჰქონდა უხვი კულინარიული ტრადიციები, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გამდიდრდა კოლონიალიზმისა და ბრიტანეთის იმპერიის წლებში. ბრიტანეთის სამზარეულომ შეითვისა მისი პოსტ-კოლონიალური ტერიტორიების, განსაკუთრებით კი სამხრეთ აზიის კულტურული ასპექტები.[1][2]

თევზი და ჩიფსები

კარგად ცნობილ ტრადიციულ ბრიტანულ კერძებს მიეკუთვნება:

• სრული საუზმე — სრული საუზმე შედგება ბეკონის, სოსისების, კვერცხების, შავი პუდინგის, პომიდვრების, სოკოს და გახუხული პურისგან. ამ ყველაფერს ბრიტანელები როგორც წესი ჩაის ან ყავას აყოლებენ.

• თევზი და ჩიფსები — თევზი და ჩიფსები ცხელი კერძია, რომელიც ფრისთან ერთად მორთმეული შემწვარი თევზისგან შედგება.

• ტრადიციული საშობაო სადილი შემწვარი ხორცეულითა და პუდინგით.

• სტეიკი და თირკმლის ღვეზელი — კუბიკებად დაჭრილი საქონლის ხორცის, ასეთივე ნაჭრებად დაჭრილი საქონლის, ბატკნის ან ღორის თირკმლის, მოხრაკული ხახვისა და საწებლისგან დამზადებული ღვეზელია.

• Bangers and mash - კარტოფილის პიურესთან ერთად მორთმეული სოსისებისგან შედგება, რასაც შესაძლოა თან მოთუშული ხახვი და ბარდა ახლდეს.

თუმცა ამ და სხვა ტრადიციული საკვების გარდა ბრიტანელები ხშირად მიირთმევენ ევროპული, ინდური და სხვა მსოფლიოს ქვეყნების კერძებს. ბრიტანულ სამზარეულოს რეგიონული მრავალფეროვნება ახასიათებს. ფართო გაგებით შეგვიძლია დავყოთ ინგლისურ, შოტლანდიურ, უელსურ და ჩრდილო ირლანდიურ სამზარეულოებად. თითოეულ ამათგანს კი უკვე საკუთარი რეგიონული სახესხვაობები აქვს.

 
ჰერიფორდული ჯიშის საქონელი

კელტური სოფლის მეურნეობა, ძალიან ნაყოფიერი მიწები და ცხოველთა შეჯვარების განვითარებული მოდელი, ფართო სფექტრისა და მაღალი ხარისხის საკვებს ქმნიდა ბრიტებისთვის. ანგლო-საქსებმა ხორცისა და არომატული ბალახეულის მოთუშვის ტექნიკა განავითარეს. ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობამ სამზარეულოში ეგოზტიკური სანელებლები დააბრუნა. პროტესტანტული რეფორმაციიდან მოყოლებული, მე-16 და მე-17 საუკუნეებში ბრიტანული რაციონის მთავარი ფიგურა ე.წ "მარტივი და ძლიერი" საკვები იყო. მე-18 და მე-19 საუკუნეებში, კოლონიალურმა ბრიტანეთის იმპერიამ ინდური სამზარეულოთი იწყო შთაგონება, რაც ძირითადად ძლიერ სანელებლებსა და სამკურნალო ბალახეულს მოიცავდა. გაერთიანებულმა სამეფომ მსოფლიო რეპუტაცია მოიპოვა მას შემდეგ რაც აქედან ახალ მსოფლიოში მაღალი ხარისხის ადგილობრივი ჰერიფორდული ჯიშის მსხვილფეხა საქონლის გადაყვანა დაიწყეს გამრავლებისა და მოშენების მიზნით.

მე-20 საუკუნეში მსოფლიო ომების დროს წარმოიშვა საკვების მარაგის პრობლემა, რაზეც სახელმწიფომ ოფიციალური საპასუხო სვლები გაატარა, მათ შორის იყო საკვების ნორმირებაც. ამ პრობლემამ უფრო მეტად მეორე მსოფლიო ომის დროს იჩინა თავი, რასაც სურსათის სამინისტროს ჩამოყალიბება მოჰყვა. ომის შემდგომი ეკონომიკური პრობლემების გამო ნორმირება მომდევნო წლებიც გაგრძელდა და გარკვეულ შემთხვევებში ომისდროინდელზე უფრო მკაცრადაც. ნორმირება არ მოხსნილა იქამდე, სანამ თითქმის ათწლეული არ გავიდა ევროპაში ომის დასრულებამდე, შესაბამისად მთელი თაობა გაიზარდა მრავალ ისეთ ინგრედიენტს მოკლებული, რომლებიც მანამდე ფართოდ იყო ხელმისაწვდომი. სწორედ ბრიტანული მთავრობის გადადგმულ ამ ნაბიჯებს ადანაშაულებენ ხშირად ე.წ მე-20 საუკუნის ბრიტანული სამზარეულოს დაკნინებაში.[3]

საშობაო სადილი

რედაქტირება
 
ტრადიციული ბრიტანული კერძი - Bangers and mash

საშობაო სადილებზე გამოჩენის შემდეგ ინდაურის ხორცი უფრო მეტად პოპულარული გახდა. მას დესერტად საშობაო პუდინგი მოსდევს.[4][5] ქვეყანას ინდაურის ხორცი მე-16 საუკუნის ინგლისელმა მოგზაურმა უილიამ სთრიქლენდმა გააცნო. შემწვარ ინდაურს ხშირად შემწვარი საქონლის ხორცი ან ლორი ახლავს, შიგნიდან კი ის შემწვარი კარტოფილებით, კარტოფილის პიურეთი და ბოსტნეულითაა სავსე.

  1. Robin Cook's chicken tikka masala speech The Guardian. London. 25 February 2002. Retrieved 19 April 2001.
  2. BBC E-Cyclopedia (20 April 2001) Chicken tikka masala: Spice and easy does it bbc.co.uk. Retrieved 28 September 2007.
  3. [1] Austerity in Britain: Rationing, Controls and Consumption, 1939–1955, Oxford UP (2002) ISBN 978-0-19-925102-5.
  4. Broomfield, Andrea (2007). "Food and cooking in Victorian England: a history". pp. 149–150. Greenwood Publishing Group, 2007
  5. John Harland The house and farm accounts of the Shuttleworths of Gawthorpe Hall in the county of Lancaster at Smithils and Gawthorpe: from September 1582 to October 1621 p. 1059. Chetham society,