იაპონური სამზარეულო
იაპონური სამზარეულო — ერთ-ერთი ცნობილი სამზარეულო მსოფლიოში. იაპონური სამზარეულო აღიარებულია ჯანმრთელი კვების ეტალონად. სხვა ქვეყნების სამზარეულოებთან შედარებით მასში თითქმის არ გამოიყენება სანელებლები და მზადდება ბრინჯის, სოიოს პროდუქტების, თევზის, ზღვის წყალმცენარეებისა და ბოსტნეულის გამოყენებით. იაპონური სამზარეულო ცნობილია მარტივი, ლამაზად მომზადებული კერძებით, სადაც არცერთი ინგრედიენტი არ ფარავს დანარჩენების გემოს.
იაპონური სამზარეულოს ორიგინალურობა მჟღავნდება არა მარტო ინგრედიენტების სხვაობაში, არამედ კერძების მომზადების ხერხებსა და მოწოდებაში, მაგრამ თავისთავად იაპონური სამზარეულოს მთავარი განმასხვავებელი სხვა ქვეყნის კერძებისგან არის – ყურადღება დეტალებისადმი. მასში დაცულია მნიშვნელოვანი ნიუანსები, რიტუალები და წესები. აღნიშნული ამომავალი მზის ქვეყნის მზარეულები იცავენ „ხუთი ფერის წესს“, მაგალითად: ტრაპეზის დროს წარმოდგენილი უნდა იყოს – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, წითელი და შავი ფერის ინგრედიენტები.
იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთი უმთავრესი პროდუქტი არის ბრინჯი. საინტერესოა ის რომ, თვითონ სიტყვა „გოჰან“(კერძი) – „მოხარშულ ბრინჯს“ ნიშნავს. იაპონიის სოფლებში ბრინჯს, დღემდე, სამჯერ დღეში მიირთმევენ, ჩვეულებრივ თევზთან, თეფშ წვნიანთან და დამწნილებულ ბოსტნეულთან ერთადაც.
იაპონელებს აქვთ ერთი საინტერესო გამოთქმა - „საჭმელი არის როგორც ადამიანი, საზოგადოებაში შიშველი ვერ გამოჩნდება“.
მსოფლიოს არც ერთ სამზარეულოში არ აქცევენ გაფორმებას და მიტანას იმხელა ყურადღებას, რამხელასაც იაპონიაში. სუფრის ტრადიციული ჭურჭელი, მრავალფეროვანია ზომით, ფორმით და მატერიალით. იგივე შეიძლება ითქვას სუფრაზე საკვების განლაგებაზე, მაგალითად, საშიმი და სუში, მისი გაფორმება – ყვავილებით, ბალახით, ფოთლებით. სუფრაზე ყოველი თეფში უნიკალური.
იაპონურ სამზარეულოში ასევე ერთ-ერთ დიდ როლს ასრულებს ახალი ინგრედიენტები, ესენია: ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული და სოკოები და ასევე სხვადასხვა ასორტიმენტი, რომელიც დამოკიდებულია წელიწადის დროზე. გარდა ამისა, იაპონიის ყოველ რეგიონში არის ადგილობრივი კერძები, რისი დაგემოვნებასაც უპრობლემოდ შესძლებთ ტოკიოში.
იაპონური სამზარეულოდან ერთ-ერთი გამორჩეული კერძია - იშიკარი-ნაბე, ის არის ჰოკაიდოს ტიპური გამორჩეული და ტრადიციული კერძი, დამზადებულია ახალი ორაგულისგან – თავიდან კუდამდე. სახელი მომდინარეობს იშიკარი-გავასგან (მდინარე იაპონიაში), განთქმული მისი ორაგულის ჭერით. ამ კერძს ობიჰიროს რეგიონში ტოკაჩი-ნაბეს უწოდებენ. ორაგულის დიდი ნაჭრები ჩაშუშულია ბოსტნელულთან, ტოფუსთან და კონიაკუსთან (ეშმაკის ენა) ერთად მისოთი შეკაზმულ კელპის წვენში. აღნიშნული კერძი წარმოიშვა XVII-XVIII საუკუნეში აინუს ხალხის მიერ.
ტკბილეულიდან გამორჩეულია დორაიაკი, რომელიც არის იაპონური ტკბილი ნამცხვარი. იგი შედგება ორი ბლინის ფენისგან და ტკბილი წითელი ლობიოს შიგთავსისგან. პირველი დორაიაკი 1914 წელს, უენოში შეიქმნა და ის მხოლოდ ერთი ფენა ბლინისგან შედგებოდა. იაპონურად „დორა“ ნიშნავს – გონგს, რადგანაც ნამცხვარს დასარტყავი გონგის ფორმა აქვს, მას დორაიაკი უწოდეს (იაკი – შემწვარი, გამომცხვარს ნიშნავს).
კიდევ ერთი გამორჩეული კერძია ვასაბი. იგი არის მცენარე, რომელიც ყვავის მხოლოდ იაპონიის მთებში, მზადდება როგორც ცხარე საწებელი პასტა, აქვს მდოგვისებური გემო და არის მწვანე შეფერილობის. გამოიყენება ფართოდ იაპონურ სამზარეულოში, როგორც სანელებელი.
იაპონური სამზარეულოდან ძალიან საინტერესოა ერთი ფაქტი, იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ–ერთი მიზეზი მათი ტრადიციული დიეტაა. იაპონური სამზარეულო მნიშვნელოვნად იცავს სეზონურობის კანონს, რაც გამოიხატება მაგალითად ისეთი ინგრედიენტების შერჩევაში, რაც იმ აღნიშნული სეზონისთვის არის დამახასიათებელი. ეს არის ე.წ. „შუნის“ კონცეფცია, როდესაც თევზი, ბოსტნეული და ხილი ყველაზე მდიდარია ნივთიერებებით – წელიწადის მხოლოდ 10 დღის განმავლობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Hara, Reiko (2006) International Cuisine: Japan ISBN 0-340-90577-8.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იაპონური სამზარეულო დაარქივებული 2019-11-15 საიტზე Wayback Machine.
- იაპონური სამზარეულოს წესები