არჩილ ციციშვილი-ფანასკერტელი (დ. 1916, ბორჯომი — გ. 2009) — ქართველი არქიტექტორი, სამხედრო პირი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა სვიმონ ციციშვილის ოჯახში. სვიმონ ციციშვილი ახალგაზრდობიდანვე მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1906 წელს იგი გახდა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1918-1921 წლებში კი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან. პროფესიით სვიმონ ციციშვილი მენავთობე ინჟინერ-გეოლოგი იყო, 1920 წლის ბოლოს იგი წამყვანი ნავთობმომპოვებელი კომპანიის მიერ მიწვეულ იქნა საფრანგეთში, სადაც 1921 წლის დასაწყისში გაემგზავრა და მალე ნავთობმომპოვებელ საზოგადოებასთან კონტრაქტიც გააფორმა. მას დაევალა კავკასიაში ნავთობის დამუშავებისა და მოპოვების საკითხების კვლევა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სვიმონ ციციშვილი სამშობლოში აღარ დაბრუნდა. მისმა მეუღლემ მარიამ (მარი) ყანჩელმა სამ ბავშვთან ერთად მოახერხა საფრანგეთში ჩასვლა და ოჯახის გაერთიანება. ციციშვილემმა პარიზში დაიდეს ბინა. 1938 წელს არჩილ ციციშვილმა მისაღები გამოცდები ჩააბარა პარიზის ნატიფი ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის არქიტექტურის განყოფილებაზე, მაგრამ სწავლა მალევე შეწყვიტა, რადგან საფრანგეთის არმიაში გაიწვიეს. ჯარში სამსახურისას მან თავისი ნიჭიერებით ერთ-ერთი მეთაურის ყურადღება მიიპყრო და იგი სენ-სირის კურსანტთა სასწავლებელში მიავლინეს. 1940 წელს არჩილ ციციშვილმა ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი, როდესაც ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საფრანგეთს, იგი ქვეყნის დამცველთა რიგებში ჩადგა. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ იბრძოდა ოკუპანტთა წინააღმდეგ. 1940 წლის 21 ივნისს მან მოახერხა შვედურ გემ „თაბორგზე“ ასვლა და ჩრდილოეთ აფრიკაში, კასაბლანკაში გაემგზავრა, სადაც შეუერთდა უცხოურ ლეგიონს. თავიდან ალჟირში იმყოფებოდა, შემდეგ მისი თხოვნით გადაიყვანეს მაროკოში, სადაც მას ქართველი მებრძოლებიც იყვნენ. 1940 წლის ბოლოს, ვიშის მთავრობის ბრძანებით, ოფიცერი არჩილ ციციშვილი დემობილიზებულ იქნა, 1942 წლის იანვრამდე სამხედრო ნაწილის ოფიცერთა თხოვნით სამხედრო სამსახურს ინსტრუქტორად გააგრძელა მუშაობა, შემდეგ კი საბოლოოდ დემობილიზებული, იძულებული გახდა საფრანგეთში დაბრუნებულიყო. 1942-1944 წლებში არჩილ ციციშვილმა პარიზში არქიტექტურის შესწავლა გააგრძელა, თუმცა ხშირად იბარებდნენ გესტაპოში. გერმანელები ცდილობდნენ იმის გაგებას, თუ როგორ მოხვდა უცხოურ ლეგიონში. 1944 წლის ზაფხულში, როცა საფრანგეთში გადმოსხდნენ მოკავშირეთა ჯარები და დაიწყო ქვეყნის გერმანელი ოკუპანტებისგან განთავისუფლება, ოფიცერი ციციშვილი კვლავ ჩაეწერა უცხოელთა ლეგიონში და ქვეითთა I ბატალიონის შემადგენლობაში, 1945 წლის თებერვლიდან იბრძოდა ჯერ ალზასში, ხოლო შემდეგ – გერმანიაში. ნორდჰაიმთან ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის იგი დააჯილდოვეს სამხედრო ჯვრით. ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ „მუდმივი საფრთხის მიუხედავად, მისი მეთაურობით უზრუნველყოფილ იქნა შენაერთის ტანკებისა და ჯავშანტექნიკის ნაწილში დაბრუნება“. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ არჩილ ციციშვილი დაუბრუნდა სამოქალაქო საქმიანობას და წარმატებით გააგრძელა არქიტექტორის კარიერა. არჩილ ციციშვილი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან ნათელა ნოეს ასული ჟორდანიასთან ჰყავდა მარი-ელენ (ელიკო) და ირენ ციციშვილები. მეორე ქორწინებიდან ჟაკლინ ეიგლიუნანთან – სოფი და ვერონიკა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველო — დასავლეთი: ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან, რუსუდან დაუშვილი, შოთა უტიაშვილი, თბ., 2012, გვ. 162

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება