სვიმონ ციციშვილი
სვიმონ ციციშვილი (დ. 1886 — გ. 1973) — ქართველი გეოლოგი და ინჟინერი.
ბიოლოგია
რედაქტირებაინჟინერ–ნავთობგეოლოგი და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ–ერთი თვალსაჩინო მოღვაწე სვიმონ ციციშვილი დაიბადა ბაგრატიონ–გრუზინსკების საგვარეულოს წარმომადგენლის, თავად არჩილ ციციშვილის ოჯახში. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ, უმაღლესი საინჟინრო განათლება მიიღო მენავთობე ინჟინერ–გეოლოგის სპეციალობით. ოჯახურმა ტრადიციებმა ხელი შეუწყო ჭაბუკი სვიმონის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას და იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1906 წელს გახდა საქართველოს სოციალ–ფედერალისტთა პარტიის წევრი, თანაუგრძნობდა და აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან.
1920 წლის დამლევს სვიმონ ციციშვილი წამყვანი ნავთობმომპოვებელი კომპანიის მიერ მიწვეული იქნა საფრანგეთში, სადაც 1921 წლის დასაწყისში გაემგზავრა და მალე ნავთობმომპოვებელ საზოგადოებასთან კონტრაქტიც გააფორმა. მას დაევალა კავკასიაში ნავთობის დამუშავებისა და მოპოვების საკითხების კვლევა. 1921 წლის თებერვალ–მარტში, ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სვიმონ ციციშვილი იძულებული გახდა, საფრანგეთში დარჩენილიყო.
1924 წლის დასასრულს პარიზში შეიქმნა ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგი", რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ემიგრაციის ეროვნულ–განმათავისუფლებელ ბრძოლაში. 1928 წელს ორგანიზაციის წევრად მიიწვიეს სვიმონ ციციშვილიც. ამის შემდეგ თითქმის 20 წლის მანძილზე, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო „თეთრი გიორგის" საქმიანობასთან, რომლის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს ხსნა საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან.
II მსოფლიო ომის დაწყებამ ქართულ ემიგრაციას და „თეთრი გიორგის" ორგანიზაციის წევრებს იმის იმედი ჩაუსახა, რომ მესამე რაიხის გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს განთავისუფლება. ომის დაწყებისთანავე სვიმონ ციციშვილი ბერლინში ჩავიდა და სხვა ემიგრანტებთან ერთად აქტიურად იღწვოდა „ქართული ეროვნული კომიტეტის" ჩამოყალიბებისთვის (1942 წ.).
„თეთრი გიორგის" მესვეურთა უდიდესი ნაწილისათვის საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საუკეთესო ფორმას წარმოადგენდა კონსტიტუციური მონარქია. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესო და ორიგინალურია სვიმონ ციციშვილის მიერ 1941-1942 წლებში პარიზსა და ბერლინში შედგენილი ნაშრომი „საქართველოს ნაციონალურ–სოციალისტური სამეფოს გარიგება", რომლის დედანი დაცულია საქართველოს შსს სამინისტროს საარქივო სამმართველოს საარქივო ფონდში. ნაშრომი განთავსებულია დიდი ფორმატის ორ ფურცელზე და შედგება ორი ნაწილისგან - სქემა და ტექსტი. „გარიგების" სქემის მიხედვით, სახელმწიფოს სათავეში დგას საქართველოს მეფე, პარლამენტის ფუნქციას ასრულებს „ერის დარბაზი", რომელსაც განაგებს „მეთაური". „ერის დარბაზი" ირჩევს „ბელადს" – „ქართული ეროვნული პოლიტიკის ხელმძღვანელს" (იგივე პრემიერ–მინისტრს), რომელიც აკომპლექტებს მთავრობას. მთავრობაში კონკრეტულ მიმართულებებს განაგებენ „მთავრები" (ე. ი. მინისტრები). მთავრობა ორ ბლოკად იყოფა: 1. საგარეო საქმეები და 2. საშინაო საქმეები. ავტორი საგანგებოდ განიხილავს დინასტიურ საკითხს. მრავლისმეტყველია ის გარემოება, რომ ხსენებული საკითხის განხილვისას ავტორი ზნეობრივ პრინციპებს ანიჭებს პრიორიტეტს, კერძოდ, იგი აღნიშნავს: „ქართული ისტორიისა და ჩვეულების მიხედვით საქართველოს ტახტის მემკვიდრეობა ეკუთვნოდა მეფე–ბაგრატიონთა მოდგმას. ეხლაც ეს წესი უნდა ვიქონიოთ ვარაუდში და ბაგრატიონ–მეფის ჩამომავლობაში ვეძიოთ და შევარჩიოთ ღირსეული პიროვნება: ზნეობით, ქართველობით, მშვენებით, გონიერებით, გამჭრიახობით და მოდგმით. მაგრამ, თუ ასეთი სათაყვანებელი პიროვნება ვერ აღმოჩნდა, ცხადია, ქართველი ერის ინტერესებს ვერ შევწირავთ „გვარიშვილობას": ბაგრატიონობა უფლებას არ ნიშნავს და არც მემკვიდრეობას". ავტორი მიუთითებს, რომ თუ ბაგრატიონთა საგვარეულოს წიაღში არ აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც ზედმიწევნით დააკმაყოფილებს უკლებლივ ყველა კრიტერიუმს, ტახტის ღირსეული პრედენდენტი უნდა გამოიძებნოს სხვა წარჩინებული საგვარეულოდან.
სვიმონ ციციშვილი ავტორია საქართველოს უნიკალური ხელნაწერი რუკისა „ძველი საქართველოს ანუ გიორგიის რუკა", რომელიც 1935-1936 წლებში პარიზშია შედგენილი. აღსანიშნავია, რომ სვიმონ ციციშვილი საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი იყო. რუკას თან ახლავს ქართველ მეფე–მთავართა დეტალური გენეალოგია და ქრონოლოგია, სავარაუდოდ, შემდგენელს კონსულტაციას იმხანად პარიზში მცხოვრები ექვთიმე თაყაიშვილი უწევდა. ციციშვილისეული რუკა დიდძალ ინფორმაციას შეიცავს, მასზე დატანილია დეტალური ინფორმაცია ეკლესია–მონასტრების, ციხეების, ქალაქების, სოფლების, მეფეთა და მთავართა განსასვენებლების, სასახლეებისა და ისტორიული გზების შესახებ. ქართველი ემიგრანტების გადაწყვეტილებით 2008 წლის 9 ივნისს რუკა საზეიმოდ გადაეცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.
1942 წელს სვიმონ ციციშვილი დასახელებულ იქნა საქართველოს ტახტის პრეტენდენტად, აქაც იჩინა თავი მისმა პრინციპულობამ და მაღალმა ზნეობამ. თბილისის ლიტერატურის მუზეუმის შალვა ამირეჯიბის პირად ფონდში ინახება 1942 წლის 25 მაისით დათარიღებული დოკუმენტი – „პოლიტიკური გამჭრიახობისა და თადარიგისათვის". დოკუმენტი წარმოადგენს ბაგრატიონთა გენეალოგიურ ცხრილს, რომელსაც თან ახლავს სვიმონ ციციშვილის ხელით შესრულებული საგანგებო მოწოდება: „ამჟამად მთავარი მიზანია ქართველი ერის გადარჩენა განადგურებისგან. ამისათვის საჭიროა ყველა ქართული ძალების გაერთიანება, შეკუმშვა და ერთ პიროვნებაში გამოსახვა. მოგიწოდებთ ჩემს მეგობრებს, მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს, ყოველი კუთხის ქართველს – მხარი დაუჭირეთ და მორჩილება გამოუცხადეთ თავად ირაკლი ბაგრატიონს, ბატონიშვილს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქართველი ერის და მისი წარმომადგენლობის წინაშე, მოგიწოდებთ, დაცული იყოს სრული მორჩილება, ერთგულება და თავდადება. – „საქართველო უწინარეს ყოვლისა".
ომის შემდეგ, 1947 წელს საბჭოთა რეჟიმმა მოახერხა ზოგიერთი ემიგრანტის საქართველოში შემოტყუება, ეს ნაბიჯი საბედისწერო აღმოჩნდა მათი უმრავლესობისათვის... დაბრუნებულთა შორის იყვნენ სვიმონ ციციშვილი, მისი ქალიშვილი ელენე, სიძე ირაკლი ლორთქიფანიძე და შვილიშვილები. 1951 წლის 4 დეკემბერს საბჭოთა „სუკ"–მა „სამშობლოს ღალატის" ბრალდებით დააპატიმრა სვიმონ ციციშვილი, მისი ქალიშვილი და სიძე. სვიმონ ციციშვილს მიესაჯა დახვრეტა, ირაკლი ლორთქიფანიძეს 25 წლით, ხოლი ელენე ციციშვილს 10 წლით გადასახლება. ბოლო მომენტში სვიმონ ციციშვილს განაჩენი ციმბირში გადასახლებით შეუცვალეს, სადაც თითქმის ათი წელი გაატარა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში, ქალიშვილ ელენესთან ერთად. გარდაიცვალა 1973 წელს.