არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე, ტობის II მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ასხის კირქვული მასივის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ტობის აუზში, სოფელ პირველი ბალდის აღმოსავლეთით 5 კმ-ზე, ზღვის დონიდან 790 მ სიმაღლეზე. აქვს დერეფნის ფორმა.[1]
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე | |
---|---|
კოორდინატები: 42°28′19″ ჩ. გ. 42°27′19″ ა. გ. / 42.471972° ჩ. გ. 42.455306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 790 მ |
სიგრძე | 1300 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
შესასვლელი ქარაფის გასწვრივ იხსნება. ჯამური სიგრძე 1300 მ-ს აღემატება. საშუალო სიმაღლე 9 მ, საშუალო სიგანე 5 მ. 100 მ-ზე აჩენს 550 მ სიგრძის მეანდრს, ხოლო 850 მ-ზე იკეტება სიფონური ტბით, რომლის ფართობია 150 მ². მღვიმის ჭერის სიმაღლე მერყეობს 8–30 მ ფარგლებში. მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ძირითადი მაგისტრალი ინვითარებს განშტოებებს. პირველი განშტოება შესასვლელიდან 100 მ-ზეა, მეორე პირველი განშტოებიდან 40 მ-ით მაღლაა.[2]
გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებიან კირქვებში. სამიარუსიან, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია, რომელთა შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „სალონი“, „ნანას დარბაზი“, „უნივერსიტეტი-50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები.[1] მღვიმიდან გამომავალი მდინარე საქართველოში ყველაზე მაღალ — 234 მ სიმაღლის ტობის ჩანჩქერს აჩენს.[3]
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე მდიდარია ჰემოგენური ნალექებით. ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები; მექანიკური ნალექებიდან ნგრევის ადგილობრივი მასალა — ლოდები და ალუვიონი. ჰავა დინამიკურია. ჰაერის ტემპერატურა შესასვლელთან 14,4 °C, 1000 მ-ზე 13 °C, 400 მ-ზე 12,4 °C. მღვიმეში გაედინება მიწისქვეშა ნაკადი, რომლის დებიტია 0,276 მ³/წმ, ხოლო წყლის ტემპერატურა 10,2 °C.[2]
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული, ხოლო შიგნით სამოგზაუროდ საჭიროა რეზინის ნავი. შედგენილია გეგმა. ბუნების ძეგლია.[4]
მღვიმეს სახელი ეწოდა ქართველი სპელეოლოგის არსენ ოქროჯანაშვილის სახელი, რომელიც 1965 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ამ მღვიმის გამოკვლევის დროს. 1966 წლის სამეცნიერო ნაშრომში — „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“, აღნიშნული მღვიმე რეგისტრირებულია არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის სახელით.[2]
2023 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტის განხორციელება დაიწყო.[5]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 24–25
- ↑ 2.0 2.1 2.2 ავტორთა კოლექტივი. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966, გვ. 79–80.
- ↑ საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, 1982, გვ. 224
- ↑ დაცული ტერიტორიების სააგენტო | ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები
- ↑ დაცული ტერიტორიების სააგენტო არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტს ახორციელებს