არალის ზღვა
არალის ზღვა, ასევე არალის ტბა (ყაზახ. Арал теңізі; უზბეკ. Orol dengizi; რუს. Аральскοе мοре) — მლაშე ტბა ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთისა და უზბეკეთის საზღვარზე. ამჟამად ტბის დიდი ნაწილი დამშრალია; დარჩენილია მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ნარჩენები, რომლებიც ერთმანეთს ამ დროისთვის წყლით არ უკავშირდება. არალის ტბის დაშრობა იმითაა გამოწვეული, რომ ტბაში ჩამდინარე ცენტრალური აზიის ორი უდიდესი მდინარე სირდარია და ამუდარია 1960-იანი წლებიდან გამოიყენება ყაზახეთსა და უზბეკეთში ბამბის მინდვრების სარწყავად, რის შედეგადაც მდინარეების წყალი ტბამდე პრაქტიკულად ვეღარ აღწევს. 1960-იანი წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად მიიჩნევა. დაშრობამდე ტბის ფართობი დაახლოებით 68 000 კმ²-ს შეადგენდა და ამ მონაცემით იგი მეოთხე ტბა იყო მსოფლიოში; სიდიდის გამო ეწოდა არალის ტბას „ზღვა“.
არალის ზღვა | |
---|---|
ყაზახ. Арал теңізі უზბეკ. Orol dengizi | |
არალის ზღვა 1989 წელს (მარცხნივ) და 2014 წელს (მარჯვნივ) | |
კოორდინატები: 44°48′47″ ჩ. გ. 59°36′55″ ა. გ. / 44.81306° ჩ. გ. 59.61528° ა. გ. | |
მდებარეობა | ყაზახეთი უზბეკეთი |
ფართობი | 18,24 ათასი კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | სირდარია ამუდარია |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
წყლის სწრაფ დაშრობას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ წლის განმავლობაში ნალექის რაოდენობა აქ ძალიან მცირეა, მხოლოდ 100 მმ. აორთქლებული წყალი მიღებულზე 12-ჯერ მეტია. აორთქლებამ გამოიწვია ზღვაში მარილიანობის მომატება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ფლორისა და ფაუნის მრავალი ჯიშის განადგურება. თევზის გაქრობის შედეგად შეწყდა მანამდე ტბაზე გავრცელებული მეთევზეობა. დამშრალ ტერიტორიაზე რჩება მარილის სქელი ფენები. დაშრობის შედეგად 1989 წელს ტბა ორად გაიყო: ჩრდილოეთის და სამხრეთის არალის ზღვებად. 2003 წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგენდა, ხოლო წყალი პირვანდელის 10%-ს.