არადეთის წმინდა გიორგის ეკლესია

არადეთის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ არადეთში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. 1970-იანი წლების ბოლოს ნაგებობა მთლიანად იქნა აღდგენილი.

ეკლესია დარბაზულია (8,5 X 5,5 მ), ნაგებია მოყვითალო ფერის ნატეხი ქვით. ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით და დასავლეთით მიუშენებიათ გარშემოსავლელი, ხოლო აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხეში ოთხკუთხა სათავსი (სამკვეთლო), რომლის აღმოსავლეთის კედელში ერთი მცირე სარკმელია. ეკლესიას ნატეხი ქვის ფილით გადახურული სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია. აფსიდის იატაკი რამდენიმე საფეხურითაა ამაღლებული. დასავლეთით ერთი სარკმელია, სამხრეთით — ორი. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით. პილასტრების შუა საფეხურს ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა, ხოლო გვერდით საფეხურს — კედლის დეკორატიული თაღები. ყოველ თაღში კიდევ ჩაწერილია კონსოლზე დაყრდნობილი ორმაგი ნახევარწრიული დეკორატიული თაღედი. შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის კვალი.

არადეთის წმინდა გიორგის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება