ანისის შემოერთება (1124)
ანისის შემოერთება (1124) | |||
---|---|---|---|
ქართულ-სელჩუკური ომების ნაწილი | |||
ქალაქ ანისის რუკა | |||
თარიღი | 1124 წლის აგვისტო | ||
მდებარეობა | ანისი | ||
შედეგი | საქართველოს გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ანისის შემოერთება — საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ სამხრეთ კავკასიიდან თურქ-სელჩუკთა განდევნისა და ქვეყნის გაძლიერებისათვის გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიება.
საქართველოს სამეფო, დიდგორის ბრძოლისა და შემდგომ მოპოვებული წარმატებების წყალობით, იწყებს აქტიურ მოქმედებას მეზობელი სომხეთის ყოფილი სამეფოების ტერიტორიების სელჩუკი დამპყრობლებისაგან გათავისუფლებისათვის.
როგორც ჩანს, დავითი IV ანისის ასაღებად სომეხმა თავკაცებმა მიიწვიეს. ანისის თავკაცების მისიის შესახებ წერს დავითის ისტორიკოსი: „და აგვისტოსა ოცსა მივიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა“. როგორც „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისიდან“ ჩანს, ანელი თავადები დავითს ეახლნენ დმანისის შემოერთების (1124 წლის მარტი), სომხეთის ციხეთა დაკავებისა (1124 წლის აპრილი) და ჯავახეთიდან ბასიანამდე დავითის მიერ ჩატარებული სამხედრო ექსპედიციის (1124 წლის ივნისი) შემდეგ, აგვისტოს თვეში, 1124 წელს. ამ თარიღის მართებულობას ამაგრებს სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს „კუალ სომეხთა წელთაღრიცხვის 573 (1124) წელს ქართველთა მეფე დავითმა მოახდინა სპარსთა ჯარების სასტიკი ჟლეტა, თითქმის 20 000 კაცი მოსპო და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, რომელიც სამოც წელს იმყოფებოდა ტყვეობაში“. ამრიგად, დავითის ისტორიკოსისა და ურჰაეცის ცნობებით სრულიად ნათელია, რომ მეფემ ანისი 1124 წელს აიღო.
ქალაქი ანისი დასავლეთ აზიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი იყო. ამ პერიოდში ქალაქს მართავდა აბულ-ასვარი შედადიანების დინასტიიდან, რომელმაც 1118 წელს მამამისი მანუჩარი შეცვალა.
აბულ-ასვარი ავიწროებდა ქალაქის ქრისტიანულ მოსახლეობას, უდიერად ეპყრობოდა მათ რელიგიურ რწმენას. ვარდან ბარძბერდეცი გადმოგვცემს, რომ მან ქალაქ ხლათიდან ჩამოიტანა ვერცხლისაგან გამოჭედილი უზარმაზარი ნალი (ნახევარმთვარე) და სომხური ეკლესიის გუმბათზე დაადგმევინა. ამასთან, მან გადაწყვიტა ანისი 60 000 დინარად ქალაქ კარის ამირასათვის (იგი სელჩუკი იყო) მიეყიდა. ბუნებრივია, აბულასვარის ამგვარმა მოქმედებამ ანისის მოსახლეობის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ანელებმა გადაწყვიტეს დახმარებისათვის მიემართათ საქართველოს მეფისათვის. დავითი თანაგრძნობით შეხვდა ანელ თავადთა თხოვნას, სასწრაფოდ გააგზავნა „წიგნები წვევისა“, სამ დღეში 60 000 მხედარი შეკრიბა და ანისისკენ გაემართა. სომეხი ისტორიკოსი სამუელ ანელის ცნობით, ანისისა მცხოვრებლებმა ზურგი აქციეს აბულსუვარს და გაუღეს ქალაქის კარი საქართველოს მეფე დავითს.
დავითმა „მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და სოფელნი და ქვეყანანი მიმდგომნი ანისისანი.“ ისტორიკოსები ერთხმად აღნიშნავენ, რომ „უჭირველად“ მოხდა ანისის აღება. სამუელ ანელი აღნიშნავს, რომ „ერთ სულსაც არ მოსვლია სისხლის ზიანი“. დავითს მანუჩეს შვილები ანისიდან გაუძევებია, თბილისს გაუგზავნია.
საქართველოს მეფემ ანისის მიზგითად ქცეული ტაძარი გაათავისუფლა. ტაძრის აღმშენებელი ბერძენთა დედოფალი კატრონიკე იქვე იყო დაკრძალული. დავითმა კათალიკოსთან და ეპისკოპოსებთან ერთად მიცვალებულს წესი აუგო და საფლავს სამგზის ჩასძახა „გიხაროდეს შენ წმინდაო დედოფალო რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.“
დავითმა ანისი და მისი მიმდგომი ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემოუერთა და მცველებად მესხი აზნაურები დატოვა. ვარდან ბაზბერდეცის მიხედვით, მეფემ ანისი აბულეთს და მის შვილ ივანეს გადასცა. ამის შემდეგ დავითმა დაიპყრო ვანანდისა და არარატის პროვინციაში მდებარე ოლქები, რომლებიც ერთ დროს სომეხ მეფეებს კვირიკესა და აბასს ეკუთვნოდათ, აგრეთვე ქვეყნები კასპიის ზღვამდე ხაბანდა დიდი სომხეთის აცახის პროვინციაში და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მეტრეველი, როინ (2011). წმინდა დავით აღმაშენებელი. თბილისი. ISBN 978-9941-425-50-9.