ანდრია ჭიაბრიშვილი
ანდრია (ანდრო) ჭიაბრიშვილი (დ. 13 მაისი, 1884, ტფილისი — გ. უცნობია) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ანდრია ჭიაბრიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 აპრილი, 1884 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | არაუადრეს 1926 |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანდრია (ანდრო) ჭიაბრიშვილი დაიბადა 1884 წლის 13 მაისს, ტფილისში. დაამთავრა ტფილისის პირველდაწყებითი საქალაქო სასწავლებელი.
იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი; პარტიული მეტსახელი „ჭრელი“. რსდმპ ლონდონის მე-5 ყრილობის (1907) დელეგატი თბილისის ორგანიზაციიდან. 1911 წლის 5 მაისს დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის, შემდგომში სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს არჩეული იყო თბილისის სამაზრო ერობის ხმოსნად. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს 1919 წლის 12 მარტიდან; იყო საბიუჯეტო-საფინანსო და სამხედრო კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დატოვა საქართველო და მცირე ხნით ემიგრაციაში ცხოვრობდა სტამბოლში, საიდანაც მალევე დაბრუნდა საქართველოში, სადაც საგანგებო კომისიამ (ჩეკა) დააპატიმრა და რამდენიმე თვით მოთავსებული იყო მეტეხის „N2 გამასწორებელ სახლში“. გათავისუფლების შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წლის 16 დეკემბერს სხვა 52 პოლიტპატიმართან ერთად ეტაპით გადაგზავნეს მოსკოვში, რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად. სსრკ შინსახკომის კომისიის გადაწყვეტილებით 1923 წლის 12 იანვარს არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს. 1925 წელს გადასახლებიდან წერილით მიმართა ლევ ტროცკის, სადაც ბოლშევიკურ რეჟიმს აკრიტიკებდა. 1926 წლის 24 ივნისს ბანაკიდან გაათავისუფლეს. შემდგომი ბედი უცნობია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 471.