ანდერძი მეფე დავით IV აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი
ანდერძი მეფე დავით IV აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი — ანდერძი დაწერილია 1123–1124 წლებში დავით აღმაშენებლის შირვანში ლაშქრობის წინ, როდესაც მეფე შიომღვიმის ლავრაში მისულა და წმინდა მამა შიოს გამარჯვებას შევედრებია: „ჟამსა ჩემსა შირვანსა ზედა განმართვისასა შევევედრე შეწევნად ჩემდა, შესავედრებელსა ჩემსა, წმიდასა მამასა შიოს… და სასომან და განმანათლებელმან ჩემმან ბერამან არსენი მიბრძანა ამის ანდერძისა დაწერა“. სიგელით დავით აღმაშენებელმა შიომღვიმის ლავრას უანდერძა ქართლში მდებარე რამდენიმე სოფელი, საეკლესიო ნივთები და სურსათი.[1] შესრულებულია ნუსხახუცური დამწერლობით, ხოლო პირველი და ბოლო სტრიქონები — მხედრულით, სავარაუდოდ, დავით აღმაშენებლის ხელით.[2]
მადლიერმა მეფემ შიომღვიმის მონასტერს ამ ანდერძით დიდძალი ქონება და მრავალი ყმა-მამული უბოძა. არსენ ბერისა და მოძღვარ იოვანეს რჩევით დავითმა მონასტერს საგანგებო ტიპიკონი დაუწესა, ხოლო ძველი განუახლა და დაუმტკიცა. მისი ბრძანებით მონასტრის შუა ადგილას ააშენეს ღვთისმშობლის დიდი გუმბათოვანი ეკლესია (მოგვიანებით გივი ამილახვარმა ეს ტაძარი ხელახლა ააშენებინა, XIX საუკუნეში ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ იგი შეაკეთა და მოახატვინა). ამ დროს მონასტრის წინამძღვარი იყო მთავარი მამა-მემღვიმე მიქაელი. ანდერძის მიხედვით შიომღვიმის მონასტერს სასამართლო შეუვალობა ადრე ჰქონდა მინიჭებული. დავითმა კი ეს შეუვალობა აღუდგინა. მეფემ ასევე განაახლა დროთა განმავლობაში დარღვეული შიომღვიმის სოფლებისათვის ნაბოძები ძვეკი შეუვალობა-შეწირულობანი; დაამტკიცა და გადასახადებისაგან გაათავისუფლა შიომღვიმის მფლობელობა თბილისში. დავითმა შიომღვიმე სამეფო მონასტრად აქცია და უშუალო მფარველად და პატრონად მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი დაუნიშნა, რითაც მის ხელშეუხებლობას მეტი სიმტკიცე შესძინა. ანდერძის მიხედვით, მონასტერს მეფის სათანადო პატივისცემით შეხვედრაც ევალებოდა სიმბოლური ძღვნით. დავითი თავის ანდერძში მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, არსენ ბერს და თავის ძეს დემეტრეს უბარებს შიომღვიმეში სამშენებლო საქმეების დასრულებას, კათოლიკოს იოანე VI-ის მიერ მის კურთხევას და სთხოვს მათ იზრუნონ ამ ანდერძის შესრულებაზე.
ანდერძი მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის მეფის მიერ ბედიელ-ალავერდელის ინსტიტუტის დაარსების შესახებ. იგი ერთადერთი ისტორიული საბუთია, საიდანაც ვგებულობთ მუხრანის ციხისა და ზედაზნის ციხის მფლობელი ურჩი ფეოდალების — ძაგანისა და მოდისტოსის — მეფის წინააღმდეგ ამბოხის ამბავს (დოკუმენტიდან არ ჩანს, თუ რომელი საგვარეულოს წარმომადგენლები არიან). 1103 წელს, როდესაც დავითმა ზედაზნის ციხე აიღო, მამა-მემღვიმეებმა (ბერები) ძაგანი შეიპყრეს და მეფეს გადასცეს..
ანდერძში ვხვდებით ცნობებს სამონასტრო წესწყობილების, გამგებლობის, წესდება-ტიპიკონისა და მეურნეობის შესახებ. იგი მნიშვნელოვანი წყაროა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკურ-სახელისუფლო ტერმინების შესასწავლად. დაცულია ცნობები ისტორიუკ გეოგრაფიაზე; დამოწმებულია მეფეთა, კათოლიკოსთა, ეპისკოპოსთა, დიდ თუ მცირე ფეოდალთა მონასტრისადმი შეწირულობების 40-ზე მეტი ძველი შიომღვიმური საბუთი. პირველად ამ ანდერძის შესახებ ცნობა საზოგადოებას პლატონ იოსელიანმა მიაწოდა წიგნში „Описание Шиомгвимской пустыни в Грузии“ (Тфл., 1845). ჩვენამდე მოღწეულია ანდერძის დედნის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი: მისი თავდაპირველი ზომა 2 მეტრს აღემატებოდა. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, ანდერძი სხვა დანარჩენ საბუთებთან და საარქივო მასალასთან ერთად ჩრდილოეთ კაკასიაში — რომანოვსკში გახიზნეს. 1919 წელს საბჭოთა ჯარების ამ ტერიტორიების დაკავების შემდეგ იქ დაცული 3000 ქართული სიგელ-გუჯარი ერთიანად განადგურებულ იქნა. დავით აღმაშენებლის სიგელის გადარჩენილი ფრაგმენტი, გიორგი II-ის საბუთის ფრაგმენტთან ერთად, გადაარჩინა და 1923 წელს სარგის კაკაბაძეს გადასცა ადგილობრივმა მკვიდრმა აბრამ ევანგულოვმა. თუმცა არსებობს სრულ დედანზე დამყარებული გამოცემები, ასევე მისი ფოტოპირები (ამ ფოტოპირების დამზადებაში დიდი ღვაწლი ცნობილ ფოტოგრაფს ა. როინაშვილს მიუძღვის). ანდერძი რამდენჯერმეა გამოცემული.
დავით IV აღმაშენებელს მრავალწლიანი ბრძოლა ჰქონდა ქართლის ფეოდალებთან, მუხრანისა და ზედაზნის მფლობელებთან ძაგან- თან და მის ძმასთან მოდისტოსთან (დოკუმენტიდან არ ჩანს, თუ რომელი საგვარეულოს წარმომადგენლები არიან). 1103, როდესაც დავითმა ზედაზნის ციხე აიღო, მამა-მემღვიმეებმა (ბერები) ძაგანი შეიპყრეს და მეფეს გადასცეს.
მეფე ეწვია შიომღვიმის ლავრას კურთხევის მისაღებად მეტად მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ და ასევე ღვთის მშობლის მიძინების ტაძრის სანახავად, რომლის აგება მის სახელს უკავშირდება. ანდერძი წარმოადგენს საგულისხმო ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროს და დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული სამართლისა და დიპლომატიკის ისტორიისათვის. საბუთს თავსა და ბოლოში დავით აღმაშენებლის ავტოგრაფული წარწერები ჰქონდა დართული. XX საუკუნის დასაწყისამდე სიგელი სრული სახით იყო დაცული: მისი თავდაპირველი ზომა 2 მეტრს აღემატებოდა. იგი 5 კეფისაგან და 165 სტრიქონისაგან შედგებოდა. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, ანდერძი სხვა დანარჩენ საბუთებთან და საარქივო მასალასთან ერთად ჩრდილოეთ კაკასიაში — რომანოვსკში გახიზნეს. 1919 წელს საბჭოთა ჯარების ამ ტერიტორიების დაკავების შემდეგ იქ დაცული 3000 ქართული სიგელ-გუჯარი ერთიანად განადგურებულ იქნა. დავით აღმაშენებლის სიგელის გადარჩემილი ფრაგმენტი, გიორგი II-ის საბუთის ფრაგმენტთან ერთად, 1923 წელს სარგის კაკაბაძეს გადასცა ადგილობრივმა მკვიდრმა აბრამ ევანგულოვმა. დოკუნენტი დაუბრუნდა საქართველოს ცენტრალურ არქივს (ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). არსებობს სრულ დედანზე დამყარებული გამოცემები, ასევე მისი ფოტოპირები (ალექსანდრე როინაშვილი, 1895).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გოგოლაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.