ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანა ყიფიანი — ქართველი მუსიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1994 წელს, მოსკოვში. ანა ყიფიანი უამრავი პრემიის, გრან-პრის მფლობელი და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორებიცაა: ვლადიმირ კრაინევის სახელობისა და არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსები, „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალი, მარია ჰერეროს პიანისტთა კონკურსი იგი, ასევე, ჟიურის წევრად იყო მიწვეული რუმინეთში, პიანისტების საერთაშორისო კონკურსზე „ფრედერიკ შოპენი“.

ანას მშობლები ხელოვნების სფეროში არ მოღვაწეობენ. მამა, კახა ყიფიანი თბილისის მკვიდრია, პროფესიით - ინჟინერ მშენებელი. დედა, ნანა ნაყოფია სოხუმიდანაა. აფხაზეთის ომის დროს ის უკვე სტუდენტი იყო და მოსკოვში სწავლობდა მედიცინას. სოხუმში ჰყავდა დედა, რომელმაც ომის შემდეგ სხვა დევნილებთან ერთად ჭუბერის გზაც გამოიარა. ანა ამბობს, რომ დედას და ბებიას დიდი წვლილი მიუძღვით მის მუსიკოსად ჩამოყალიბებაში.

ანა ყიფიანის მშობლებმა ერთმანეთი ომის შემდეგ გაიცნეს და საკმაოდ მალე დაქორწინდნენ. ანა მათი ერთადერთი შვილია. ის 1994 წელს, იგი მოსკოვში დაიბადა. სამწლინახევრისა იყო, როცა დედამ ექსპერიმენტულ ბაღში მიიყვანა, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრასაც ასწავლიდნენ. მალე, მისმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ლეილა შელეგიამ დედას დაურეკა, - ვფიქრობ, ნიჭიერთა ათწლედიდან ხალხი უნდა მოვიწვიოთ და თქვენი შვილი მოვასმენინოთო. ასეც მოხდა. ანას მოსასმენად მივიდა დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი და ჩვეულებრივი მუსიკის გაკვეთილები გადაიზარდა სერიოზულ, პროფესიონალურ მეცადინეობებში. უკვე 5 წლის ასაკში ანა ყიფიანმა ორკესტრთან ერთად შეასრულა ბერკოვიჩის სამნაწილიანი კონცერტი, რომელსაც ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორიბდა.

ანა თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ნიჭიერთა ათწლედი კი პროფესორ ნუცა ჭირაქაძის კლასში დაამთავრა. დამამთავრებელ წელს ათწლედიდან თელავის ფესტივალზე მიიწვიეს ელისო ვირსალაძის მასტერკლასზე. ქალბატონმა ელისომ თავად გამოიჩინა კეთილი ნება და გამოთქვა სურვილი, რომ ანას მის კლასში ესწავლა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში. მშობლებს არ უნდოდათ მისი რუსეთში გაშვება, მაგრამ ელისო ვირსალაძის ავტორიტეტმა გადასძლია. ანამ უმაღლესი ქულებით ჩააბარა მისაღები, ურთულესი გამოცდები და მისი მოსკოვური ცხოვრებაც დაიწყო.

მოსკოვის კონსერვატორია ანა ყიფიანმა წითელ დიპლომზე დაამთავრა (2012-2017). გარდა ამისა, სწორედ სტუდენტობის წლებში გახდა უამრავი პრემიისა და გრან-პრის მფლობელი. 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ სერჟ-პონტუაზში ახალგაზრდა პიანისტთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე - Piano Campus - კი ერთდროულად ექვსი მთავარი ჯილდო, მათ შორის, კონკურსის ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.

ახალგაზრდა მუსიკოსი 2017 წლის მარტში, პარიზში გამართული კონკურსის ლაუერატი გახდა. აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა იან ოლივერიც, რომელიც „artmedeo“-ს პრეზიდენტი და დამფუძნებელია. იან ოლივერმა პირადად შსთავაზა ანა ყიფიანს თანამშრომლობა. შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა და იგი ამჟამად ანას მენეჯერია. რექორდ ლეიბლთან თანამშრომლობაც აქვე გადაწყდა. ეს ფრანგული სააგენტოს, დოიჩე გრამაფონეს პროდიუსერის ინიციატივა გახლდათ. 2019 წლის დასაწყისში ანა ყიფიანმა მოიგო სრული სასწავლო გრანტი პარიზის მუსიკალურ კოლეჯ-უნივერსიტეტში - Ecole Normale de Musique de Paris.

ქართველი პიანისტი უკვე გამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკალურ არენაზე, მათ შორის, ამსტერდამის სამეფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიდერლანდებში. ასევე დაუკრა ლიეტუვაში ვილნიუსის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით. ჰქონდა კონცერტები ესპანეთში, მონტერეიში, სან-პედროს აუდიტორიაში და სარაგოსაში, მოცარტის აუდიტორიაში. აღსანიშნავია, რომ იგი კონცერტზე მიიწვიეს, როგორც მარია ჰერეროს კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი. ჯერჯერობით ანა ყიფიანი საქართველოს საკონცერტო დარბაზების იშვიათი სტუმარია, თუმცა ამის გამოსწორებას უახლოეს მომავალში აპირებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_ყიფიანი“-დან