ანაბაჯი
ანაბაჯი — სახელგანთქმული ქართველი ქალი, ერეკლე II-ის თანამედროვე. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით. ეხერხებოდა ცხენზე ჯდომა, ხმლის ხმარება, მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, ჭიდაობა და სახელოვან ფალავანთა დამარცხება. ანაბაჯის სახელი ქართველ ხალხს ძველი თბილისის აშუღმა, პოეტმა საიათნოვამ შემოუნახა. ერეკლე მეფის დაკვეთით მას დაუწერია ლექსი, რომელიც ასახავს ანას ვინაობას და გმირულ ბრძოლებს. საიათნოვას ლექსიდან ჩანს, რომ „პატარა კახი“ ანას პირადად იცნობდა, განსაკუთრებით აფასებდა და პატივს სცემდა. ისიც ცნობილია, რომ მეფეს სამშობლოს წინაშე თავდადებისათვის ანასთვის წარწერიანი ხმალი უჩუქებია. ძველი თბილისის აშუღს იეთიმ გურჯს დაწერილი აქვს საკმაოდ ვრცელი პოემა „გმირი ქალი ანა-ბაჯი“, რომელშიც მოთხრობილია ანას მამაცური თავგადასავალი. როგორც იოსებ გრიშაშვილი წერს, თათრებმა გულადობისათვის ქალს ძმობა აღუთქვეს და ანაბაჯი დაარქვეს. ანამ ბავშვობა თბილისში გაატარა, 16 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა მუხათელ კაცს და მუხათშივე დასახლებულა. ანას და მისი ქმრის გვარი ცნობილი არ არის. ახალგაზრდა ქალს ოჯახში 7 რძალი დახვდა და მათთან ერთად მუყაით შრომას შეუდგა, რითაც უფროსების დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ჰყავდა სამი შვილი, — ორი ვაჟი და ერთი ქალი. „ბაჯი“ შერქმეული სახელია და „დას“ ნიშნავს. ამ ქალის შთამომავლები მისი პატივისცემის მიზნით დღესაც ბაჯიაშვილებად იწოდებიან. ხალხის გადმოცემით, ანა უნდა დაბადებუიყო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ქალაქ თბილისში, სიონის უბანში, ქართველი ღარიბი ხელოსნის ოჯახში. ანამ სახელი გაითქვა გულადობითა და განსაკუთრებული ფიზიკური ძალით.
აღსანიშნავია, რომ მუხათში ერთ დილით რძლები კამეჩებს წველიდნენ, როდესაც უცებ მოვარდა ბუღა და პირუტყვს დაერია. ქალები წივილ-კივილით აქეთ-იქით გაიფანტნენ, ხოლო იქვე მდგომმა ანამ ბუღას ფეხეფში ხელი დაავლო და შორს მოისროლა. ანა გათხოვების ორი წლის თავზე სტუმრად იყო სოფელ წყნეთში. საღამო ხანს მეზობელი ქალები და გოგონები ტყეში შინდის საკრეფად წავიდნენ და თან ანაც წაიყვანეს. მოულოდნელად დაჭრილ დათვს გადააწყდნენ, რის გამოც ქალებმა წივილ-კივილი ატეხეს. ანა არ დაიბნა, ნადირს წინ დახვდა და შეებრძოლა, ფეხებში ხელი დაავლო და მიწაზე დააგდო. ამ დროს წყნეთში მისული იყო ცნობილი მონადირე თევდორე, რომელსაც ანამ ხმალი ამოაცალა და მხეცს ჩასცა. დათვის მოკვლის ამბავი მთელ სოფელს მოედო. ახალგაზრდა ქალს ყველა ულოცავდა სახელოვან გამარჯვებას.
ანაბაჯმა სახელი გაითქვა აგრეთვე როგორც კარგმა მოჭიდავემ. იგი მეუღლისა და მამამთილის თანხლებით წავიდა კვირაცხოვლობის დღეობაზე, სადაც იქ მყოფმა მამაკაცებმა ჭიდაობა გამართეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახლომახლო სოფლებიდან ჩამოსულებმა. თელეთელმა გიორგიმ წააქცია მუხათელი სიმონა. ამის შემდეგ მუხათიდან საჭიდაოდ აღარავინ გამოდიოდა. მუხათი დამარცხებულად გამოაცხადეს და ანამ თავი დამცირებულად იგრძნო.
ქმრისა და მამამთილის დაუკითხავად საჭიდაოდ წრეში შევიდა და რამდენიმე კაცი ზედიზედ წააქცია. თბილისელმა მოჭიდავემ გეო ტერტერაშვილმა გაიგო ანას ასეთი ძლევამოსილება და გიორგობა დღეს ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დალი-ხაჩინში საჭიდაოდ გამოიწვია. ანა საჭიდაოდ მამამთილისა და მაზლის თანხლებით წავიდა. ბორჩალოელმა ყაღაღმა ბაირამმა 8 ამხანაგით მდინარე ხრამთან დაიწყო მგზავრების ძარცვა. შედეგად მძარცველებმა ანას მამამთილი მოუკლეს, ხოლო მაზლი მკლავში დაჭრეს. ბაირამს ანა მოეწონა, ხელი საკოცნელად გადახვია, მაგრამ ანამ ყაჩაღს ხანჯალი ამოაცალა და თავი მოკვეთა, შემდეგ კი დანარჩენებიც დახოცა. ანამ მაზლს ხელი შეუხვია, ხოლო მკვდარი მამამთილი ცხენზე დასვა და მაზლს მუხათში გაატანა, ხოლო თვითონ ბაირამის იარაღი აიღო, შეჯდა მისსავე ცხენზე და ბოლნისისკენ დაიძრა.
შემოდგომის სუსხიან დღეს ბოლნისის სიონის ეზოში შეკრებილი ხალხი მოუთმენლად ელოდებოდა ანას მოსვლას. ანამ იარაღი და ცხენი რომელიღაც მაყურებელს ჩააბარა, შევიდა საჭიდაოდ წრეში და მოწინააღმდეგე გეო ტერტერაშვილი გამოითხოვა. მოჭიდავეები ერთმანეთს დაეტაკნენ. ანამ ძლიერი მეტოქე ზურგზე წამოიკიდა და ძირს ისე დაახეთქა, რომ დაცემულს ცხვირ-პირიდან სისხლი წასკდა, ხოლო სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
მუხათში დაბრუნებულ ანას გარდაცვლილი მამამთილი დიდი პატივით დაუსაფლევებია. არსებობს გადმოცემა, რომ ანას ოჯახში ჰყავდა სტუმრები, ერთ-ერთმა მას საჭმელში საწამლავი ჩაუყარა, რის გამოც ანა შეუძლოდ გახდა, ხოლო მეორე დღეს გარდაიცვალა. თბილისიდან და ახლომახლო მდებარე სოფლებიდან ბევრი პატივისმცემელი ჩავიდა გმირი ქალის ცხედრის გამოსამშვიდობებლად. გარდაცვალების მეოთხე დღეს, დაკრძალეს მუხათის ტაძრის ეზოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქორიძე, დ., ქართველი ქალები უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე, გვ, 199-207, თბ., 1976.