ამირან ილიას ძე ქარცივაძე (დ. 21 იანვარი, 1920, თბილისი, — გ. 14 მაისი, 1989, იქვე) — ქართველი გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1967).

დაიბადა პედაგოგების — ილია ქარცივაძის (რეპრესირებულია 1938 წელს) და ივლიტა ფურცელაძის (ანტონ ფურცელაძის ქალიშვილი) ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1948 წელს. 1954 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში (1972 წლიდან ატომური ფიზიკის სექტორის ხელმძღვანელია). 1966-1983 წლებში ხელმძღვანელობდა აგრეთვე საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სეტყვასაწინააღმდეგო სამსახურს, 1984 წლიდან — საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის და გარემოს კონტროლის სამმართველოს. 1982 წლიდან იყო თელავის რაიონის დეპუტატთა საბჭოს წევრი.

ქარცივაძის შრომები ძირითადად ეხება ატომური ფიზიკის საკითხებს. მიღებული ჰქონდა სსრკ სახელმწიფო პრემია (1969, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით სეტყვასთან ბრძოლის მეთოდებისა და საშუალებების დამუშავებისა და დანერგვისათვის) და სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1985). დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის, ლენინის და შრომის წითელი დროშის ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება