ამელია ბრიტანელი (1711-1786)

ამელია ბრიტანელი (ინგლ. Amelia of Great Britain; დ. 10 ივნისი, 1711, ჰანოვერი, გერმანია — გ. 31 ოქტომბერი, 1786, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ისა და დედოფალ კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის ქალიშვილი. მეფე ჯორჯ III-ის მამიდა.

ამელია ბრიტანელი
სრული სახელი
ამელია სოფია ელეონორი
წოდებები
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა
დაიბადა 10 ივნისი, 1711
ჰანოვერი, გერმანია
გარდაიცვალა 31 ოქტომბერი, 1786, (75 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო ჰანოვერები
მამა ჯორჯ II, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
რელიგია ანგლიკანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პრინცესა ამალია დაიბადა 1711 წლის 10 ივნისს ჰერენჰაუზენის სასახლეში, ჰანოვერში. იგი იყო ჰანოვერის მეფე გეორგ ლუდვიგის ვაჟის, პრინცი გეორგისა და მისი ცოლის, პრინცესა კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის შუათანა ქალიშვილი.

1714 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ანა უშვილოდ აღესრულა, რითაც შეწყდა სტიუარტთა დინასტია. ამის გამო ტახტი ჯეიმზ I-ის შვილთაშვილმა, ამელიას ბაბუამ დაიკავა ჯორჯ I-ის სახელით. ამის შემდეგ მათი ოჯახი ლონდონში გადასახლდა, მისი მშობლები კი უელსის პრინცი და პრინცესა გახდნენ. 1727 წელს, ჯორჯ I-ის დაღუპვის შემდეგ ტახტზე ამელიას მამა, ჯორჯ II ავიდა.

დედამისმა ამელიას საუკეთესო განათლება მისცა, რასაც წესით მისი სარფიანად გათხოვებისათვის ხელი უნდა შეეწყო. თავიდან იგი საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის საცოლედ მოიაზრებოდა, თუმცა ამელიამ რელიგიის შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც ლუიმ პოლონეთის მეფე სტანისლავ I-ის ასული მარია ლეშჩინსკა შეირთო ცოლად.

ამის შემდეგ, რიგით მეორე საქორწინო წინადადება წამოვიდა თავად ამელიას მამიდის, პრუსიის დედოფალ სოფია დოროთეა ჰანოვერელისაგან, რომელმაც მას თავის ვაჟ ფრიდრიხზე (შემდგომში მეფე ფრიდრიხ II დიდი) დაქორწინება შესთავაზა, თუმცა აქ მოლაპარაკებები სასიძოს მამამ, მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-მა ჩაშალა, რომელსაც აღარ სურდა კიდევ ერთი ბრიტანული ქორწინება, ამიტომაც თავისი ვაჟი გერმანელ პრინცესაზე — ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნელზე დააქორწინა.

ამის შემდეგ საქორწინო წინადადებები აღარ წამოსულა, მას სასურველ მამაკაცზე ქორწინების ნებაც არ დართეს, რის გამოც იგი გაუთხოვარი დარჩა.

რამდენადაც ცნობილია, პრინცესა ამელიას რომანი ჰქონდა მდაბიო წარმომავლობის მქონე თომარ არნოლდთან, რომლისგანაც მან 1740 წელს გააჩინა თავისი პირველი და უკანასკნელი უკანონო ვაჟი, გამოჩენილი ინგლისელი კომპოზიტორი სამუელ არნოლდი.

პრინცესა ამელიას სახელს მიეწერება ლონდონში რიჩნოლდისა და ჩარლზ I-ის სახელობის პარკების გაშენება. იგი ასევე ცნობილი იყო თავისი ქველმოქმედებებით, რომელთა უმეტესობაც ეკლესიების აღდგენასა და ღარიბ ავადმყოფებს ხმარდებოდა, რომელთაც სამკურნალოდ თანხები არ ჰქონდათ.

1760 წელს ამელიას მამა, მეფე ჯორჯ II გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე მისი ძმისწული, ჯორჯ III ავიდა, რომელსაც იგი ძალიან უყვარდა, ამიტომაც 1761 წელს მიდსექსში დიდი მამული აჩუქა, სადაც ამელიამ კიდევ ერთი: გუნერსბურის პარკი გააშენა. ასევე მის მფლობელობაში იყო დიდი მამულები და რამდენიმე სასახლე ლონდონში კავენდიშისა და სოჰოს ქუჩებზე, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. იგი 1786 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა 75 წლის ასაკში, სოჰოს სასახლეში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Panton, Kenneth J. (2011). Historical Dictionary of the British Monarchy. Scarebrow Press, Inc. ISBN 0-8108-5779-0.
  • Van der Kiste, John (1997) George II and Queen Caroline. Stroud, Gloucestershire: Sutton Publishing. ISBN 0-7509-1321-5.
  • Robert Hoskins: "Samuel Arnold", Grove Music Online ed. L. Macy (accessed 19 February 2009).