ალექსი ველიამინოვი

ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვი (რუს. Алексей Александрович Вельяминов; დ. 1785 — გ. 27 მარტი, 1838, სტავროპოლი) — რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1829).

ალექსი ველიამინოვი
დაბადების თარიღი 1785
გარდაცვალების თარიღი 1838
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები მესამე კოალიციის ომი, რუსეთ-ოსმალეთის ომი, საფრანგეთ-რუსეთის ომი, მეექვსე კოალიციის ომი, რუსეთ-სპარსეთის ომი, რუსეთ-ოსმალეთის ომი და კავკასიის ომი
ჯილდოები წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, Order of St. George, 3rd class, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი და ოქროს ხმალი მამაცობისათვის

მონაწილეობდა ომებში მესამე ანტიფრანგული კოალიციის ომში (1805), რუსეთ-ოსმალეთის (1806-1812) და რუსეთ-საფრანგეთის (1812-1814) ომებში. 1816-1829 წლებში იყო კავკასიის ჯარების შტაბის უფროსი. 1818 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

იმერეთის 1819–1820 წლების აჯანყების დროს, მთავარმართებელ ალექსი ერმოლოვის დავალებით, ხელმძღვანელობდა აჯანყებულთა წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებას, იმერეთში სერიოზული სამხედრო ძალა გააგზავნა, თუმცა შემდეგ შეეცადა დაპირებებით დაეცხრო მოძრაობა, თბილისიდან პროკლამაციით მიმართა იმერეთის მოსახლეობას და დაპირდა, რომ აღარ განახორციელებდა საეკლესიო რეფორმას, უკან გაიწვევდა საყოველთაოდ საძულველ ეგზარქოს თეოფილაქტეს. შედეგად აჯანყება დროებით დაცხრა. რუსებმა განსაკუთრებით დაარბიეს რაჭა, ცეცხლს მისცეს და მიწასთან გაასწორეს სოფლები, დაანგრიეს ციხესიმაგრეები. რაჭის შემდეგ ველიამინოვი გურიაში გაემართა. 24 ივლისს სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ შემოქმედის ციხე აიღო.

ველიამინოვი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთისა (1826-1828) და რუსეთ-ოსმალეთის ომებში. 1831 წლიდან გარდაცვალებამდე (1838) იყო კავკასიის ხაზის ჯარების სარდალი და კავკასიის ოლქის უფროსი, ხელმძღვანელობდა კავკასიის მთიელების წინააღმდეგ მიმართულ ექსპედიციებს. მისი ძმა იყო გენერალი ივანე ველიამინოვი.

ლიტერატურა

რედაქტირება