ალექსანდრე მაისურაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაისურაძე.

ალექსანდრე (სანდრო) მაისურაძე (დ. 15 აგვისტო, 1884, დგვრისი, ახლანდელი ცხინვალის გარეუბანი — გ. 19 დეკემბერი, 1918, ეკატერინენფელდი) — ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (მენშევიკი).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში, შემდეგ იყო მუშა (ზეინკალი) თბილისში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში თბილისში (იყო „წითელი რაზმის“ მეთაური), შემდეგ მუშაობდა ლიახვის ხეობის სოფლებში. 1908 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ერთწლიანი ტუსაღობის შემდეგ კატორღა მიუსაჯეს. 1913 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო „სახალხო უნივერსიტეტის“ ქართული სექციის თავმჯდომარე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. მონაწილეობდა თბილისში სახალხო გვარდიის წინამორბედ „წითელი რაზმის“ შექმნაში. იყო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი და ფაქტობრივი უფროსის, ვალიკო ჯუღელის მოადგილე. მონაწილეობდა თბილისის არსენალის იერიშში (1917), ქართული ნაციონალური პოლკების ბოლშევიკური გამოსვლების ჩახშობაში (1918), ბრძოლებში ოსმალეთის, აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ფრონტებზე (1918). 1918 წლის დეკემბერში თავი გამოიჩინა სომხეთთან ომში, განსაკუთრებით ეკატერინენფელდის ბრძოლაში, სადაც დაიღუპა. დაკრძალულია ხუდადოდვის ტყის სასაფლაოზე (ზუსტი ადგილი უცნობია).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საითიძე, გოჩა. ვინ იყო ალექსანდრე (სანდრო) მაისურაძე : [საქართველოს სახალხო გვარდიის თავმჯდომარის მოადგილის, სოციალ-დემოკრატ სანდრო მაისურაძის (1883-1918) ცხოვრება და მოღვაწეობა] / გოჩა საითიძე // საისტორიო ვერტიკალები. - , 2002. - N2. - გვ.111-112;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 253.
  • სანდრო მაისურაძე (1884-1918), რაჟდენ არსენიძის რედაქტორობით, თბ., 1920.