აინუური ენა, აინოური ენა (აინუურ ენაზე: თარგი:Lang-ain, aynu itak; იაპონ. アイヌ語 ainu-go) — აინების ენა, რომელიც გავრცელებულია ძირითადად იაპონიის (ჰოკაიდოზე) ტერიტორიაზე. აინუურ ენაზე საუბრობს იაპონელთაგან როგორც ეთნიკურად, ასევე კულტურულად და ენობრივად გასხვავებული ხალხი.

სავარაუდოდ აინუს ეთნოსს იაპონლებამდე ბევრად ადრე უნდა ჰქონოდა დაკავებული დღევანდელი იაპონიის ჩრდილოეთი ნაწილი.

ჰოკაიდოზე მხოლოდ 15.000 აინუს ეთნოსის წარმომადგენელი ცხოვრობს, რომელთაგან კიდევ უფრო ნაკლები ახერხებს მშობლიურ ენაზე საუბარს. აინუური ენის ცნობილი მკვლევრის ა. ვოვინის მიხედვით, 1996 წელს აინუურზე კომპეტენტურად მოსაუბრე 15 უხუცესიღა ცხოვრობდა, რის გამოც ეს ენა გამქრალ ენებს შეიძლება მივათვალოთ.

სახელი, ანუ თვითსახელდება აინუ ქართულად „ადამიანს“ ნიშნავს.

აინუური იზოლირებული ენაა; მისი ნათესაობის დადგენა ვერ ხერხდება. ზოგიერთი მკვლევარი პალეოციმბირული ენების ჯგუფის ციმბირულ ენებს მიაკუთვნებს მას. პალეოციმბირული ენები თავის მხრივ არ არის ენათა გენეტიკური ერთობის მიხედვით დაჯგუფებული ენები, არამედ ისინი წარმოადგენენ ძველი ციმბირისა და აღმოსავლეთ აზიის ენების ფრაგმენტებს. ეს იმ ხალხთა ენებია, რომლებზეც მანამდე ურალური, თურქული, კორეული და იაპონური ტომების შემოჭრამდე საუბრობდნენ ამ ტერიტორიაზე.

აინუურის გავრცელების არეალი რედაქტირება

აინუური ენა არის იზოლირებული ენა, რომელზე მოსაუბრეთა რიცხვის ჩამოთვლა ლამის თითზე შეიძლება. მიუხედავად აინუურის რევიტალიზების მიზნით გატარებული რიგი ღონისძიებებისა, ამ ენის მდგომარეობა მაინც უნუგეშო რჩება.

აინუს ეთნიკური ჯგუფი ანთროპოლოგიურად მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი მეზობლებისაგან – იაპონელების, ნივხებისა (გილიაკების) და ტუნგუსებისაგან. აინუ ხალხის რიცხვი რუსეთის ტერიტორიაზე სახალინსა და კურილის კუნძულებზე 1.500 კაცს შეადგენს, ხოლო იაპონიაში კი, ჰოკაიდოზე 15.000 კაცს.

კამჩატკაზე, სახალინზე, კურილებსა და იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე (ანუ რომაჯით ჰონშუ) შემორჩენილი აინუური ძირის ტოპონიმებისა და ჰიდრონიმების არსებობა იმას მიანიშნებს, რომ ამ ენას წარუსულში გავრცელების ბევრად უფრო მეტი არეალი უნდა ჰქონოდა, ვიდრე ეს დღესა აქვს. აინუს კულტურის ერთგვარი ცენტრი ჩრდილოეთ იაპონიის კუნძული ჰოკაიდო უნდა ყოფილიყო. ვარაუდობენ, რომ იაპონიის ერთ–ერთი ეროვნული სიმბოლოს ფუჯის მთა, ჰოკაიდოს სხვა გეოგრაფიულ სახელებთან ერთად აინუური ენიდან უნდა მომდინარეობდეს.

ენობრივ–პოლიტიკური სიტუაცია იაპონიაში რედაქტირება

1990–იან წლებში იაპონიაში ნელ–ნელა დაიწყო დისკუსია აინუს უმცირესობის ენობრივი მდგომარეობის შესახებ. 1994–დან 1998–მდე აინუს ხალხს უფლება დართეს ჰყოლოდა საკუთარი წარმომადგენელი (იაპონ. 萱野 茂 [Kayano Shigeru] – კაიანუ შიგერუ) იაპონიის პარლამენტში, რომელიც ამ ეთნოსის უფლებებს დაიცავდა. სწორედ კაიანუ შიგერუმ დააყენა საკითხი აინუს ხალხის მიმართ მეტი ყურადღების შესახებ და ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიაც შეიქმნა. 1997 წელს მიღებულ იქნა კანონი აინუს ხალხისა და აინუური ენის შესახებ, ანუ აინუ შიმპო (Ainu Shimpō). აინუური ენის ფაქტობრივი მდგომარეობა დიდად არაფრით შეცვლილა, რადგან ამ კანონის არ ხალხში გატანასა და მის გახმოვანებაზე მაინცადამანიც არ უზრუნიათ.

1997 წლიდან გამოდის „აინუ ტაიმსი“, ხოლო 1998 წელს აინუურ ენაზე მაუწყებლობას შეუდგა რადიო–გადაცემა, რომელი ჰოკაიდოზე ვრცელდება. ამასობაში იზრდება აინუური ენის შესწავლის მსურველ იაპონელთა რიცხვი, სხვადასხვა ქალაქებში გამოიცემა აინუური ენის სახელმძღვანელოები და ლექსიკონები.

2005 წელს ტოკიოში მცხოვრებმა რამდენიმე აინუმ ჰიპ-ჰოპ-ჯგუფი შექმნა – Ainu Rebels. ეს ჯგუფი ცდილობდა თავისი მუსიკით ყურადღება მიეპყრო აინუს ხალხის მდგომარეობაზე. ეს ჯგუფი ამღერებდა აინუურ ენაზე შექმნილ ლექსებს ხალხური ინსტრუმენტების (ისეთებით, როგორიცაა მაგალითად სიმებიანი საკრავი მუკ(კ)ური) თანხლებით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება