შალვა აზმაიფარაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან აზმაიფარაშვილი, შალვა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აზმაიფარაშვილი.

შალვა ილიას ძე აზმაიფარაშვილი (დ. 7 იანვარი, 1903 [ძვ. სტ. 25 დეკემბერი , 1902], თბილისი — გ. 17 მაისი, 1958, იქვე) — ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941).

შალვა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი, კომპოზიტორი
დაიბადა 7 იანვარი, 1903
გარდაიცვალა 17 მაისი, 1958 (55 წლის)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საორკესტრო (პროფესორი ა. ილინსკის კლასი), საკომპოზიციო (პროფ. ს. ბარხუდარიანის კლასი) და სადირიჟორო (პროფ. მ. ბაგრინოვსკის კლასი) განხრით, 1933 წელს კი — ასპირანტურის სადირიჟორო განყოფილება პროფ. ა. გაუკისა და ევგენი მიქელაძის ხელმძღვანელობით. 1923–1928 წლებში უკრავდა სასულე და სიმფონიურ ორკესტრებში. 1932 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირიჟორი, ხოლო 1938–1952 წლებში მთავარი დირიჟორი. 1943–1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოს სიმფონიურ ორკესტრს, 1954–1957 — საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს.

აზმაიფარაშვილის მუსიკალური ხელმძღვანელობით დაიდგა მრავალი ქართული ოპერა, მათ შორია მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“ , ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“ (ორივე 1937), შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“ (1946, სახელმწიფო პრემია, 1947), გრიგოლ კილაძის „ლადო კეცხოველი“, ივანე გოკიელის „პატარა კახი“ (1943), დავით თორაძის „მთების ძახილი“ (1947) და სხვა.

აზმაიფარაშვილის მუსიკალური ნაწარმოებებია: სიმფონიური პოემა „ყვარლის მთები“ (1939), საორკესტრო სიუიტა „ძველი თბილისის სურათები“ (1941), სიმფონის (1945), ვოკალურ-სიმფონიური პოემა „ქართლი“ (1946), ოპერა „ხევისბერი გოჩა“ (1951), მუსიკალური კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1952) და სხვა. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს I, II, III მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩხიკვაძე გ., საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 213-214.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 35, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება