აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი


აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი (აზერ. Azərbaycan Respublikasının Dini Qurumlarla İş üzrə Dövlət Komitəsi) პასუხისმგებელია რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებაზე და აზერბაიჯანში რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფაზე. კომიტეტს ხელმძღვანელობს მუბარიზ გურბანლი[1][2].

აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი
აზერ. Azərbaycan Respublikasının Dini Qurumlarla İş üzrə Dövlət Komitəsi
უწყების შესახებ
შეიქმნა 2001
იურისდიქცია აზერბაიჯანი აზერბაიჯანის დროშა
უწყების ხელმძღვანელი მუბარიზ გურბანლი
უწყების ტიპი კომიტეტი
საიტი
scwra.gov.az

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რელიგიური საქმიანობის რეგულირებისთვის, ყველა რელიგიური ორგანიზაციის კონტროლისა და რეგისტრაციისთვის, აუცილებელი გახდა შექმნილიყო ერთიანი ინსტიტუტი, რომელიც მოაგვარებდა შესაბამის საკითხებს.

კომიტეტი შეიქმნა 2001 წლის 21 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 48-ე პუნქტის შესაბამისად, პრეზიდენტის განკარგულებით რელიგიური თავისუფლებების შესახებ, ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაზე დაკვირვების, აგრეთვე აზერბაიჯანის მოქალაქეების და მაცხოვრებლების რელიგიური თავისუფლებების დასაცავად, პირობების და გარანტიების დასადგენად[3]. კომიტეტის შექმნის დღიდან რეგისტრირებულ იქნა აზერბაიჯანში მოქმედი 749 რელიგიური საზოგადოება, რომელთაგან 721 ისლამურია, 28 არაილამური (17 ქრისტიანი, 8 ებრაელი, 1 - კრიშნა, 2 - ბაჰაი)[4].

სტრუქტურა

რედაქტირება

კომიტეტს ხელმძღვანელობენ თავმჯდომარე, მისი თანაშემწეები და აპარატის უფროსი. კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია აზერბაიჯანში რელიგიის პრაქტიკისთვის პირობების შექმნა; კანონმდებლობასთან რელიგიური პრაქტიკის შესაბამისობის შემოწმება რელიგიის თავისუფლების შესახებ; რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაცია, კონტროლი იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა ამ ორგანიზაციების წესდებაში ცვლილებები, რელიგიური ორგანიზაციების დახმარება სხვადასხვა საკითხებზე, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის რელიგიათაშორისი დიალოგის შექმნა, ინფორმაციის მონაცემთა ბაზისა და ანალიზის შექმნა რელიგიური ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის და სტატისტიკის საფუძველზე, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა; რელიგიური სკოლების მიერ მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამების ანალიზი; აზერბაიჯანის მოქალაქეებისათვის სხვა ქვეყნებში რელიგიური პილიგრიმობისთვის პირობების შექმნა და იმ სახელმწიფოებისგან თანხმობის მიღება, სადაც მდებარეობს რელიგიური ადგილები.

რელიგიური პრაქტიკის განხორციელებამდე ყველა რელიგიური ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტში.

აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი საზოგადოებას ინფორმირებისთვის ორ თვეში ერთხელ უშვებს ბიულეტენს.

კომიტეტის მოვალეობები

რედაქტირება

კომიტეტის მოვალეობებია:

  • რელიგიური თავისუფლების განხორციელებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
  • რელიგიის თავისუფლების შესახებ კანონების დაცვაზე კონტროლის ორგანიზება;
  • რელიგიური სტრუქტურების სახელმწიფო რეგისტრაციის უზრუნველყოფა, აგრეთვე შესაბამისი პროცედურების საფუძველზე, ამ ორგანიზაციების წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება;
  • რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნით სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეთანხმების მიღწევა, აგრეთვე იმ დავალებების შესრულება, რომელთა შესრულებას მოითხოვს სახელმწიფო ინსტიტუტები;
  • ხელი შეუწყოს რელიგიურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებისა და პატივისცემის გაძლიერებას, მათ შორის შესაძლო პრობლემების მოგვარებას და სხვა ნეგატიური გამოვლინების პრევენცია;
  • საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, ინფორმაციის შეგროვება რელიგიური ცენტრების, დაწესებულებებისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების შესახებ;
  • რელიგიური ორგანიზაციების დახმარება რელიგიურ ღონისძიებებში, ფორუმებში მონაწილეობის მისაღებად და სხვა რელიგიურ ცენტრებთან და ინსტიტუტებთან მძლავრი ურთიერთობების დამყარება;
  • რელიგიური კვლევების ჩატარება რელიგიური ინსტიტუტების შესაბამისი წარმომადგენლებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;
  • აღმასრულებელი ორგანოების რელიგიურ საკითხებზე საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
  • რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო გეგმის ანალიზი, აგრეთვე სწავლების ხარისხის ანალიზი და ა.შ.

უფლებები და თავისუფლებები

რედაქტირება

შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, კომიტეტს აქვს შემდეგი უფლებები:

  • მიმართოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტს წინადადებებით შესაბამისი კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის, აგრეთვე სახელმწიფო-რელიგიური ურთიერთობების შესახებ;
  • კონტროლი ლიტერატურასა და რელიგიური საგნების წარმოებაზე, მის იმპორტსა და განაწილებაზე;
  • ექსპერტებისა და კონსულტანტების მონაწილეობა, აგრეთვე მათთან ხელშეკრულებების დადება შესაბამისი სამუშაოების შემუშავებისა და განხორციელებისთვის;
  • პერიოდული ბეჭდვის შექმნა, ბიულეტენებისა და სხვა პუბლიკაციების გამოქვეყნება კანონით დადგენილი წესით;
  • უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი სტრუქტურების შექმნა, მოვალეობების შესრულების მიზნით;
  • რესპუბლიკაში არსებული რელიგიური ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აგრეთვე რელიგიური ექსპერტების მოზიდვა რელიგიური განათლების ხარისხის მონიტორინგის მიზნით;
  • პრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტისთვის შეტყობინება შესაძლო რელიგიურ-პოლიტიკურ პროვოკაციებზე, რელიგიური სექტების დისკრიმინაციაზე, ასევე შესაბამის სახელმწიფოებრივ ორგანოებში საკითხის დაყენება ხსენებულ სიტუაციებთან დაკავშირებით;
  • რელიგიური ორგანიზაციების ან პირთა ქმედებების შემთხვევაში საკითხის დასმა, რომელიც ეწინააღმდეგება რელიგიური თავისუფლების კანონმდებლობას;
  • მიმართოს სასამართლოს, შეწყვიტოს კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობა რელიგიური თავისუფლების შესახებ კანონის დებულებების დარღვევის შემთხვევაში;
  • რელიგიური კვლევების, რელიგიის ისტორიის, რელიგიური და ფილოსოფიური ურთიერთობების სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების მომზადებაში მონაწილეობა;
  • კანონის შესაბამისად, გარკვეულ პერიოდში ჩამორთმეული და სხვა მიზნებისათვის გამოყენებული რელიგიური თემების ობიექტების დაბრუნების საკითხის წამოჭრა.

საერთაშორისო ურთიერთობები და რელიგიური ღონისძიებები

რედაქტირება

2001 წლის 20-21 დეკემბერს ბაქოში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ”ისლამის დამოკიდებულება ტერორისადმი: ჭეშმარიტი მოსაზრება და დამახინჯებული კომენტარი”. კონფერენციას ესწრებოდნენ 40 წამყვანი ისლამური მეცნიერი და სპეციალისტი შეერთებული შტატებიდან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და ზოგიერთი ისლამური ქვეყნიდან, აგრეთვე სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.

2002 წლის 17-18 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების ბიურომ, PACE- ს ბაქოს ოფისთან და სახელმწიფო კომიტეტთან ერთად, ბაქოში გამართეს სემინარი თემაზე: ”რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა ექსტრემიზმთან ბრძოლაში: სირთულეები აზერბაიჯანში და არსებული პრაქტიკა”. უცხოელ სტუმრებთან და აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებთან ერთად, სემინარს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ყველაზე რელიგიური თემების წარმომადგენლები.[5]

2003 წლის 9 მარტს ბაქოში გაიხსნა ახალი ებრაული სინაგოგა, რომელიც უდიდესია ევროპაში, [6]და სექტემბერში პირველი ებრაული სკოლა.[7]

2003 წლის 16-18 აპრილს, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის მიწვევით, რომის პატრიარქი ბართლომე I ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა.

2014 წლის ნოემბერში ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ”რელიგიური ტოლერანტობის გაძლიერება (აზერბაიჯანის მოდელი, გამოწვევები ეუთოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ)”. კონფერენცია მოეწყო ეუთოს ბაქოს პროექტის კოორდინატორის, კავკასიის მუსლიმთა ოფისის და იუნესკოს ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეუთოს პროექტის კოორდინატორი ბაქოში, ალექსის შახტახტინსკი, კავკასიის მუსლიმანთა ოფისის თავმჯდომარე შეიხ ულ-ისლამ ალაჰშუქიურ ფაშაზადე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი ბაჰარ მურადოვა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, აზერბაიჯანში ბრიტანეთის ელჩი ირფან სიდიგი. დისკუსიები გაიმართა აზერბაიჯანში ტოლერანტობის თემაზე და აღინიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მიუხედავად, ბაქოში სომხური ეკლესია არსებობს. [8][9]

2017 წლის დეკემბერში, ბაქოში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "2017 - ისლამური სოლიდარობის წელი: რელიგიათაშორისიდა კულტურათაშორისი დიალოგი". კონფერენციის მონაწილეებმა მოუწოდეს სახელმწიფოებს, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს, აგრეთვე რელიგიურ ლიდერებს გააგრძელონ კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის განვითარება, ურთიერთგაგება და თანამშრომლობის გაფართოება.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • scwra.gov.az - ოფიალური ვებ-გვერდი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. M.Q.Qurbanlının Azərbaycan Respublikasının Dini Qurumlarla İş üzrə Dövlət Komitəsinin sədri təyin edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı
  2. Roundtable with Dr. Mubariz Gurbanli, Chairman to the State Committee on Religious Associations of the Republic of Azerbaijan
  3. RELIGIOUS TOLERANCE IN THE REPUBLIC OF AZERBAIJAN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-27. ციტირების თარიღი: 2019-09-23.
  4. An ode to Azerbaijan’s State Committee on Religious Associations for ensuring religious harmony in Azerbaijan
  5. ГОСУДАРСТВЕННЫЙ КОМИТЕТ АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ ПО РАБОТЕ С РЕЛИГИОЗНЫМИ ОБРАЗОВАНИЯМИ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-29. ციტირების თარიღი: 2019-09-23.
  6. Азербайджан Баку Синагога Европейских Евреев.
  7. Еврейская школа в Баку
  8. В Баку проходит международная конференция, посвященная вопросам укрепления религиозной толерантности
  9. В Баку прошла международная конференция «Традиции религиозной толерантности на Кавказе и модель мультикультурализма Азербайджана»
  10. На проведенной в Баку международной конференции принято обращение к мировым политическим и религиозным лидерам