ავტორიტარიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან ავტორიტარული რეჟიმი)

ავტორიტარიზმი — მმართველობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის აბსოლუტურ მორჩილებას. მოსახლეობის უსიტყვო მორჩილებისაკენ სწრაფვის გამო ავტორიტარიზმს ხშირად „დესპოტიის“ მნიშვნელობით ხმარობენ. ავტორიტარიზმი, როგორც სისტემა, ძირითადად პოლიტიკურ სფეროს მოიცავს - იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები. ამასთანავე, ტოტალიტარიზმისაგან განსხვავებით, ავტორიტარიზმი მოსახლეობას თავისუფალი მოღვაწეობის გაცილებით უფრო ფართო არეალს უტოვებს. ეს განსაკუთრებით ითქმის ეკონომიკის სფეროზე, როდესაც მმართველობის ავტორიტარული წესი ეგუება ეკონომიკურ ლიბერალიზმს და არ ზღუდავს კერძო სამეწარმეო თუ კომერციულ საქმიანობას. ფრანკოს მმართველობა ესპანეთში (1939-1975) ან პინოჩეტის რეჟიმი ცივი ომის პერიოდში ჩილეში (1973 წლიდან)[1] სწორედ მმართველობის ამგვარი წესის ნიმუშია.

რეფერენდუმისა და არჩევნების პროცესი ექვემდებარება მთავრობის კონტროლს, აქედან გამომდინარე, ხშირად ფალსიფიცირებულია და ატარებს ფორმალურ ხასიათს. ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების რეალური მექანიზმი განსხვავებულია საკონსტიტუციო ნორმებისგან.[2]

ავტორიტარულ სახელმწიფოში ძალაუფლება ცენტრშია თავმოყრილი, თუმცა, ტოტალიტარიზმისგან განსხვავებით, ავტორიტარული რეჟიმის მთავარი მიზანი მმართველი ჯგუფის და ლიდერის ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა სახელმწიფო იდეოლოგიის გაბატონება, შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს სფეროები, სადაც ადამიანებს მეტ-ნაკლებად თავისუფლად საქმიანობის საშუალება ეძლევათ მანამ, სანამ ავტორიტარული მმართველის ძალაუფლებას არ დაუპირისპირდებიან ან მის ინტერესებს არ გადაკვეთენ. ავტორიტარული რეჟიმიც უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც კონკურენტად აღიქვამს, თუმცა, ამისთვის ტოტალური რეპრესიების ნაცვლად არაფორმალურ მეთოდებს იყენებს. ავტორიტარულ სახელმწიფოში ფორმალურად ადამიანის უფლებები აღიარებულია.[3]

ზოგადი მახასიათებლები

რედაქტირება

ავტორიტარიზმის დასახასიათებლად გამოყოფენ შემდეგ ნიშნებს:

  • ავტოკრატიულობა - ანუ ძალაუფლების მატარებელთა მცირე რაოდენობა. ძალაუფლების მატარებელი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, მონარქი ან ტირანი, ან პირთა ჯგუფი: სამხედრო ხუნტა, ოლიგარქიული ჯგუფი და სხვ.
  • ძალაუფლების შეუზღუდაობა - როდესაც მოქალაქეებს ხელისუფლების კონტროლის არავითარი საშუალებები არ გააჩნიათ. ამავე დროს, ხელისუფლებას შეუძლია მართოს საზოგადოება კანონთა დახმარებით, მაგრამ მათ თავისებურ განმარტებას აძლევს;
  • რეალურ თუ პოტენციურ ძალაზე დაყრდნობა - ავტორიტარულ რეჟიმს შეუძლია არ მიმართოს მასობრივ რეპრესიებს და ისარგებლოს მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარობით, მაგრამ იგი ფლობს საკმაო ძალას, რათა აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენოს ძალა და აიძულოს მოქალაქეებს მორჩილება;
  • ძალაუფლების და პოლიტიკის მონოპოლიზაცია, რეალური პოლიტიკური ოპოზიციისა და კონკურენციის არარსებობა. ავტორიტარული რეჟიმის დროს შესაძლებელია პარტიების, პროფკავშირებისა და სხვა ორგანიზაციების შეზღუდული რაოდენობით არსებობა, მაგრამ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ;
  • ავტორიტარიზმი უარს ამბობს საზოგადოების ტოტალურ კონტროლზე. მმართველი ძალის მიზანია საკუთარი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის და სტატუს ქვო მდგომარეობის უზრუნველყოფა. ატარებს საკმაოდ აქტიურ სოციალურ პოლიტიკას ისე, რომ იმავე დროს არ არღვევს საბაზრო თვითრეგულირების მექანიზმებს;
  • პოლიტიკური ელიტის რეკრუტირება ხდება არა კონკურენციულ ელექტორალური ბრძოლის, არამედ კოოპტაციის, ზემოდან დანიშვნის გზით.

ავტორიტარიზმის ამ ნიშნების გათვალისწინებით, შეიძლება იგი განისაზღვროს, როგორც „ერთი პირის ან პირთა ჯგუფის ძალაუფლება, რომელიც არ უშვებს პოლიტიკური ოპოზიციის არსებობას, მაგრამ ინარჩუნებს პიროვნებისა და საზოგადოების ავტონომიას არაპოლიტიკურ სფეროებში“. ავტორიტარიზმის დროს იკრძალება საქმიანობის მხოლოდ განსაზღვრული, ძირითადად, პოლიტიკური ფორმები, დანარჩენ სფეროებში მოქალაქეები თავისუფლანი არიან. ადამიანის უფლებები პოლიტიკურის გარდა პატივისცემით სარგებლობს და დაცულია, თუმცა, ავტორიტარიზმის პირობებში მოქალაქეებს უსაფრთხოებისა და თავისუფლების არავითარი ისეთი ინსტიტუციონალური გარანტიები არ აქვს, როგორიცაა: დამოუკიდებელი სასამართლო, ოპოზიციური პარტიები და სხვ. ავტორიტარული რეჟიმები მთლიანად შეთავსებადია ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, რელიგიურ და ზოგჯერ იდეოლოგიურ პლურალიზმთანაც კი.[4]

ენდრიუ ჰეივუდის თანახმად, ავტორიტარიზმი ესაა სახელმწიფოს „ზემოდან მართვის“ რწმენა ან პრაქტიკა, სადაც უფლებამოსილება საზოგადოებისგან თანხმობის მიუხედავად ხორციელდება. ამგვარად, ავტორიტარიზმი ხელისუფლების კლასიკური გაგებისგან განსხვავდება. ეს უკანასკნელი ლეგიტიმურობას ემყარება და ამ მნიშვნელობით იგი „ქვემოდან“ ხორციელდება.

ავტორიტარული რეჟიმი ხელისუფლებისადმი საკუთარ სწრაფვას პიროვნების უფლებებზე მაღლა აყენებს. თუმცა, როგორც წესი, ავტორიტარიზმი ტოტალიტარიზმისაგან მაინც განსხვავდება: სახელმწიფოს „ზემოდან მართვა“ - მონარქიული აბსოლუტიზმის, ტრადიციული დიქტატურებისა თუ სამხედრო რეჟიმების დროს - უფრო მეტად ოპოზიციისა და პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვაში გამოიხატება, ვიდრე რადიკალური საბოლოო მიზნით - მთლიანად წაშალოს ზღვარი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის; ამიტომ ავტორიტარული რეჟიმი გარკვეულ ეკონომიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის თავისუფლებებს ხშირად ეგუება ხოლმე.[5]

პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებობს ავტორიტარული მთავრობების სხვადასხვა ტიპოლოგია.[6] ავტორიტარული რეჟიმი შეიძლება იყოს ავტოკრატიული, ოლიგარქიული და ემყარებოდეს პარტიის ან სამხედრო მმართველობას.[7]

ავტორიტარიზმის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი, ხუან ლინცი, თავის 1964 წლის ნაშრომში[8] ავტორიტარიზმის მახასიათებელ შემდეგ ელემენტებს გამოყოფს:

  • შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმი, რაც გამოიხატება საკანონმდებლო ორგანოს, პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული ინტერეს ჯფუფების შევიწროებაში;
  • ტოტალიტარიზმისგან გასნხვავებით, სადაც სისტემის ლეგიტიმაცია საერთო და დომინირებულ იდეოლოგიას ემყარება, ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია პოლიტიკური ლეგიტიმაციის არარსებობა, უფრო სწორად, ლეგიტიმაცია ემყარება ემოციებით მანიპულაციას (ლინცი ამას მენტალობებს უწოდებს) და ზოგად ღირებულებებს (პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი, მოდერნიზაცია, წესრიგი და ა.შ.). რეჟიმი განიხილება როგორც მძიმე სოციალური პრობლემების (უმუშევრობა) დაძლევის ერთადერთი საშუალება;
  • შეზღუდული პოლიტიკური მონაწილეობა (დეპოლიტიზაცია) და სუსტი პოლიტიკური მობილიზაცია, რეჟიმის საწინააღმდეგო ყველანაირი აქტივობების შეზღუდვა;
  • აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციის ბუნდოვანება, ხშირად ადგილი აქვს ძალაუფლების გადამეტებას[8]

ავტორიტარულ სახელმწიფოებში შესაძლებელია ფორმალურად არსებობდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგალითად, პოლიტიკური პარტიები, საკანონმდებლო ორგანო, არჩევნები, თუმცა ისინი იმგვარად ფუნქციონირებენ, რომ გააძლიერონ ავტორიტარული მმართველობა.[9] პოლონელი პოლიტოლოგის, ადამ პჟევორსკის თანახმად, „ავტორიტარული წონასწორობა ემყარება ტყუილებს, შიშსა და ეკონომიკურ კეთილდღეობას“.[10] ავტორიტარიზმში მიღებულია არაფორმალური პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენება. სახელმწიფო ბიუროკრატია რეჟიმის მომხრეებით არის დაკომპლექტებული და მისდამი ერთგულება ინდოქტრინაციის სხვადასხვა მეთოდით მყარდება.

ავტორთა ნაწილი, ავტორიტარულ რეჟიმს, რეჟიმის ტიპის განმსაზღვრელი ოთხი განზომილების - პლურალიზმის, იდეოლოგიის, მმართველობის და მობილიზების ფორმის მიხედვით აფასებს:[11][12]

  • პლურალიზმი — ავტორიტარიზმი არის პოლიტიკური სისტემა შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმით და შესაძლოა ხშირად საკმაოდ ექსტენსიური სოციალური და ეკონომიკური პლურალიზმით.
  • იდეოლოგია — ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემას არ გააჩნია დახვეწილი და წარმმართველი იდეოლოგია, მაგრამ აქვს განმასხვავებელი მენტალიტეტი.
  • მობილიზაცია — გარდა რამდენიმე მომენტისა, მასების პოლიტიკური მობილიზაცია სუსტია.
  • ლიდერობა — ავტორიტარულ სისტემაში ლიდერი ან მმართველი პატარა ჯგუფი ახორციელებს ძალაუფლებას ფორმალურად განსაზღვრული ნორმებით. არის ძველი ელიტური ჯგუფების კოოპტაციის მცდელობა. სახელმწიფო აპარატს აქვს გარკვეული ავტონომია.

ავტორიტარიზმში შეიძლება იყოს შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმი, მაგრამ საკმაოდ ფართო სოციალური და ეკონომიკური პლურალიზმი. ავტორიტარული სოციალური პლურალიზმი მოიცავს ტრადიციულ ფორმებს, ტრადიციულ საზოგადოებას. ავტორიტარიზმი ცდილობს მოახდინოს ძალაუფლებაში იმ ჯგუფების ლიდერების კოოპტირება, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული ძალაუფლება რეჟიმის მიერ შექმნილ სტრუქტურებს გარეთ. ავტორიტარული რეჟიმების უმრავლესობა არ ქმნის ასოციაციათა ქსელს, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის მობილიზებისთვის. მათ შეიძლება ჰქონდეთ ინტენსიური მობილიზაციის მოკლე პერიოდები, მაგრამ ეს მობილიზება ნაკლებ ინტენსიურია, ვიდრე ტოტალიტარულ რეჟიმში და ნაკლებ ექსტენსიურია, ვიდრე პოსტტოტალიტარულში. კონკრეტულ ავტორიტარულ რეჟიმს შეიძლება ჰყავდეს განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, კონსტიტუციონალიზმისა და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი სამართლებრივი კულტურა, პროფესიული სახელმწიფო ბიუროკრატია და ინსტიტუციონალიზებული ეკონომიკური საზოგადოება.[13]

ავტორიტარული რეჟიმების ტიპოლოგია ლინცის მიხედვით

რედაქტირება

ფრანკოს ესპანეთის მაგალითზე, ხუან ლინცი დიქტატურისა და ტოტალიტარიზმისგან განასხვავებდა ავტორიტარიზმის ახალ ფორმებს. პერსონიფიცირებული დიქტატურისგან განსხვავებით, ავტორიტარიზმის ახალ ფორმებში ხდება სხვადასხვა აქტორების ინსტიტუციონალიზებული რეპრეზენტაცია (ესპანეთის შემთხვევაში ეს იყო როგორც სამხედრო ძალები, ისე კათოლიკური ეკლესია, ფალანგები, მონარქისტები, ტექნოკრატები და სხვ.); ტოტალიტარული სახელმწიფოსგან განსხვავებით, რეჟიმი ემყარება მასების პასიურ მიმღებლობას და არა პოპულარულ მხარდაჭერას.

ლინცი ავტორიტარული რეჟიმის ორ ძირითად ტიპს გამოყოფდა - ტრადიციულ ავტორიტარულ და ბიუროკრატიულ-მილიტარისტულ ავტორიტარულ რეჟიმებს. ტრადიციულ ავტორიტარულ რეჟიმში „მმართველი ძალა (უმეტესად ეს არის ერთი პირი)“ ძალაუფლებას ინარჩუნებს „ტრადიციების, პატრონ-ყმური ურთიერთობების და რეპრესიების მეშვეობით, რომლის აღსრულებასაც ახორციელებს მმართველ ძალასთან პირადი ერთგულებით დაკავშირებული აპარატი“. ამის მაგალითად ლინცს მოყავს ჰაილე სელასიე Iის იმპერატორობის პერიოდის (1930-1974) ეთიოპია. ბიუროკრატიულ-მილიტარისტულ რეჟიმებში მმართველობას ახორციელებს სამხედრო ოფიცრებისა და ტექნოკრატების კოალიცია, რომელიც „თავისი ბიუროკრატიული მენტალობის ფარგლებში მოქმედებს უფრო პრაგმატულად (ვიდრე იდეოლოგიურად)“.

ლინცი ასევე გამოყოფდა კიდევ სამ ქვეტიპს ავტორიტარული მმართველობის: კორპორატიულს, რასობრივ და ეთნიკურ „დემოკრატიას“ და პოსტ-ტოტალიტარულს. კორპორატიულ ავტორიტარულ რეჟიმში სახელმწიფო აქტიურად მიმართავს კორპორატიულ ინსტიტუტებს ძლიერი ინტერეს ჯგუფების დემობილიზებისთვის. მმართველობის ეს ფორმა დამახასიათებელია ლათინო-ამერიკული ქვეყნებისთვის;

რასობრივი და ეთნიკური „დემოკრატიები“ არის რეჟიმები, სადაც ცალკეული რასისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადეგნლები სრულად სარგებლობენ დემოკრატიული უფლებებით, მაშინ როდესაც სხვა ჯგუფებს ჩამორთმეული აქვთ ეს უფლებები. მაგალითად განიხილება სამხრეთ აფრიკა აპართეიდის პერიოდში. ზოგიერთი მკვლევარი ამ ქვეჯგუფს მიაკუთვნებს ასევე ისრაელს. პოსტ-ტოტალიტარული ავტორიტარული რეჟიმები არის ის სახელმწიფოები, რომლებშიც ტოტალიტარული ინსტიტუტები (პარტია, საიდუმლო პოლიცია, სახელმწიფოს მიერ მართული მას-მედია) ნარჩუნდება, მაგრამ იდეოლოგიური ორთოდოქსია რუტინამ ჩაანაცვლა, ხოლო რეპრესიები შესუსტდა. ამასთან, სახელმწიფოს მმართველობა ნაკლებ პერსონიფიცირებულია. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის საბჭოთა ბლოკის ქვეყნები 1980-იან წლებში.[8]

ავტორიტარული რეჟიმების ზოგადი ტიპოლოგია

რედაქტირება

არ არსებობს ავტორიტარული რეჟიმების განმსაზღვრელი ერთგვაროვანი კრიტერიუმები, ვინაიდან სხვადასხვა მკვლევარები განსხვავებულ პრინციპებზე დაყრდნობით აანალიზებენ მას. მაგალითად, არსებობს მიდგომა, რომელიც ექვსი მახასიათებლის საფუძველზე ახდენს ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიზაციას, ეს მახასიათებლებია: რეჟიმის სოციალური და პოლიტიკური საყრდენი, მისი ლეგიტიმაციისა და იდეოლოგიის პატერნები, შინაგანი სტრუქტურა და მმართველობის აპარატი, ურთიერთობის ფორმა მმართველსა და მის დაქვემდებარებულებს შორის, ისტორიული კონტექსტი და პოლიტიზირების ხარისხი.[14] ამერიკელი პოლიტოლოგი და ავტორიტარიზმის მკვლევარი ბარაბარა გედესი, ავტორიტარული მმართველობის სამ ფორმას გამოყოფს - მილიტარისტულს, ერთპარტიულს და პერსონიფიცირებულ/დიქტატურას. თავის მხრივ ქვეკატეგორიებად ყოფს ამ სამი ფორმის სხვადასხვა კომბინაციას.[15]

ავტორიტარული რეჟიმის სხვა ფორმების ტიპოლოგია, განვითარებად ქვეყნებში მმართველობის სისტემების ანალიზისას გამოიყენება. ბიუროკრატიულ-ავტორიტარული სახელმწიფოს კონცეფციამ მნიშვნელობა მოდერნიზაციის თეორიასთან დაპირისპირებაში შეიძინა,[16] რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და დემოკრატიას ერთმანეთს უკავშირებდა. უმეტეს შემთხვევაში, ავტორიტარული რეჟიმის ახალი ტიპის განსაზღვრა ცალკეული ქვეყნების შესწავლის შედეგად მოხდა. თუმცა, სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმების ტიპოლოგიისთვის ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და პატერნების განსაზღვრა ჯერ კიდევ კვლევისა და ანალიზის პროცესშია.

ავტორიტარული რეჟიმების ქვეკატეგორიზება ასევე ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად არის ისინი პოპულისტური თუ პერსონიფიცირებული. პერსონიფიცირებული ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია თვითნებური მმართველობა, სადაც უფლებამოსილების განხორციელება ხდება არა ინსტიტუტებისა და ფორმალური კანონების მეშვეობით, არამედ პატრონაჟული ქსელებითა და იძულებით. ასეთი რეჟიმები დამახასიათებელია პოსტ-კოლონიური აფრიკისთვის. მისგან განსხვავებით, პოპულისტურ ავტორიტარულ რეჟიმში გვხვდება ძლიერი, ქარიზმატული, მანიპულატორი ლიდერი, რომელიც საზოგადოების მთავარი სოციალური ჯგუფების კოალიციის მეშვეობით ახორციელებს თავის ძალაუფებას. ამის მაგალითად განიხილება სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.[17]

პოლიტოლოგები ბრაიან ლაი და დენ სლეიტერი ავტორიტარული რეჟიმების ტიპოლოგიისას ოთხ კატეგორიას განასხვავებენ: ოლიგარქიული პარტიული დიქტატურა, ავტოკრატიული პარტიული დიქტატურა, ე.წ. სამხედრო ხუნტები, ანუ ოლიგარქიული მილიტარისტული დიქტატურები და ავტოკრატიული მილიტარისრული დიქტატურები.[18] მათი მტკიცებით, ერთპარტიული რეჟიმები მილიტარისტულისგან განსხვავებით უკეთ ახერხებენ იმ ინსტიტუციების განვითარებას (მაგალითად, მასების მობილიზაცია, პატრონაჟული ქსელები, ელიტების კოორდინაცია), რომლებიც ეფექტურად უზრუნველყოფენ რეჟიმის შენარჩუნებას და შიდა მოწინააღმდეგეების გაქრობას. ხოლო მილიტარისტული ავტორიტარული რეჟიმები მმართველობისა და კონტროლის შესანარჩუნებლად, ხშირად ახდენენ სამხედრო კონფლიქტების ინიციირებას.[19]

ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი

რედაქტირება

ავტორიტარიზმი წარმოადგენს ერთგვარ შუალედს ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. იგი არის გარდამავალი პერიოდი ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიაზე ტრანზიციის პროცესში და პირიქით. ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელია ტოტალიტარიზმის პოლიტიკური, ხოლო დემოკრატიის ეკონომიკური ასპექტები.

ტოტალიტარიზმსა და ავტორიტარიზმს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ავტორიტარიზმში არსებობს სოციალური და ეკონომიკური ინსტიტუტები, რომლებიც არ ექვემდებარება მთავრობის კონტროლს. ამდენად, ავტორიტარულ სისტემაში უფრო მეტი სივრცე არსებობს პირადი ცხოვრებისთვის, ვინაიდან იგი არ არის იმდენად იდეოლოგიზირებული, მას არ შეუძლია მოსახლეობის დიდი მასების ორგანიზება ეროვნული ინტერესების ირგვლივ.

ხუან ლინცის ნაშრომებზე დაყრდნობით კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ სონდროლმა შეიმუშავა ავტორიტარი და ტოტალიტარი მმართველების მთავარი მახასიათებლები:[20]

  • ტოტალიტარული რეჟიმების მმართველებს ახასიათებთ გარკვეული ქარიზმატული მისტიკა და მათი პიროვნების ირგვლივ ერთგვარი მესიანური სახეხატი იქმნება;
  • განსხვავდება მათი როლის აღქმაც. ავტორიტარი საკუთარ თავს ხედავს როგორც ინდივიდს, მისთვის მთავარია კონტროლი და სტატუს კვოს შენარჩუნება. მაშინ, როდესაც ტოტალიტარის მიერ თვითაღქმა უმეტესად ტელეოლოგიურია. ტირანი არის ერთადერთი და შეუცვლელი მესია, რომელმაც უნდა შეცვალოს და გაუძღვეს სამყაროს.
  • პირადი კეთილდღეობისთვის ძალაუფლების გამოყენება უფრო დამახასიათებელია ავტორიტარი მმართველისთვის.

ენდრიუ ჰეივუდის თანახმად, ტოტალიტარიზმის იმით განსხვავდება ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმისაგან, რომ „სრული ძალაუფლების“ მოპოვებას საზოგადოებრივი და ინდივიდუალური არსებობის ყოველი ასპექტის პოლიტიზირებით ცდილობს. ავტოკრატიულ და ავტორიტარულ რეჟიმებს პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიზების შედარებით უფრო ზომიერი მეთოდები ახასიათებს, რაც ჩვეულებრივ, მასების პოლიტიკიდან გამოდევნაში გამოიხატება; ტოტალიტარიზმი კი სამოქალაქო საზოგადოების სრულ განადგურებას და ყოველივე „კერძოს“ მოსპობას გულისხმობს.[21]

ავტორიტარიზმი და დემოკრატია

რედაქტირება

ავტორიტარიზმი და დემოკრატია აუცილებლად ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკურ სისტემებს არ წარმოადგენენ. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი დემოკრატია ავტორიტარიზმის გარკვეულ ელემენტებს ატარებდეს და პირიქით.[22] მკლვევარები პროცედურულ (არალიბერალურ) დემოკრატიას ლიბერალური (არსებითი) დემოკრატიისგან იმით განასხვავებენ, რომ პირველში არ გვხვდება კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებების დაცვა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა.

ავტორიტარული სისტემიდან მმართველობის უფრო დემოკრატიულ ფორმაზე ტრანზიციას დემოკრატიზაციას უწოდებენ. ამ პროცესის მთავარი მახასიათებელია პოლიტიკური უფლებების, საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა და საბაზრო რეფორმები. დემოკრატიზაცია სამ, ზოგჯერ ურთიერთდამთხვევად პროცესს მოიცავს. პირველი, რეჟიმის დამხობას ლეგიტიმურობის დაკარგვა მოჰყვება, რასაც ეკონომიკის დაცემა, არმიისა და პოლიციის ხელისუფლებისაგან განდგომა სდევს თან; მეორე, „დემოკრატიაზე გადასვლის“ ეტაპი - ყალიბდება ახალი, ლიბერალურ-დემოკრატიული სტრუქტურები და პროცესები; მესამე, დემოკრატიული კონსოლიდაციის ეტაპი, როდესაც ახალი სტრუქტურები და პროცესები იმდენად მყარად იდგამს ფესვს ელიტისა და მასების შეგნებაში, რომ მათ შეცვლაზე უკვე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.[22]

ავტორიტარიზმის კვლევების ორი ტალღა

რედაქტირება

ავტორიტარიზმის კვლევებს ორ ტალღად ყოფენ, იმის მიხედვით, თუ რა იყო დისკუსიის მთავარი განხილვის საგანი. ამ ორი ტალღის ფუნდამენტურ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ის, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ სხვადასხვა მკვლევარები პოლიტიკური რეჟიმების ინსტიტუციურ ასპექტებს. პირველი ტალღის ფარგლებში, 1960-1970-იან წლებში, არადემოკრატიული პოლიტიკური წყობის ანალიზი ხორციელდებოდა ფართო სოციო-ეკონომიკურ ჭრილში - ფოკუსირება ხდებოდა იმაზე თუ რა ურთიერთკავშირები არსებობდა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ქვესისტემებს შორის. 1990-იანი წლებიდან დაიწყო მეორე ტალღა, რომლის ფარგლებშიც ანალიზი შეუზღუდა პოლიტიკური რეჟიმის მახასიათებლებზე და ფოკუსმა გადაინაცვლა ფორმალურ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებზე.[23]

დემოკრატიის ინდექსი და ავტორიტარული რეჟიმები

რედაქტირება

2006 წლიდან ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევითი ჯგუფი, მის მიერვე დადგენილი „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით ზომავს დემოკრატიის დონეს მსოფლიოს 167 ქვეყანაში. ინდექსი ეფუძნება 60 ინდიკატორს, რომელიც ხუთ სხვადასხვა კატეგორიად იყოფა: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. ქულათა სისტემისა და რანგირების მეთოდით ინდექსი ქვეყნებს ოთხ რეჟიმად ახარისხებს: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი.

დემოკრატიის ინდექსის 2019 წლის ფოტო

რედაქტირება

2019 წლის მონაცემებით 54 ქვეყანა არის იდეტიფიცირებული, როგორც ავტორიტარული რეჟიმი. საქართველო იდენტიფიცირებულია როგორც ჰიბრიდული რეჟიმი. დემოკრატიის ინდექსის კვლევითი ჯგუფი ავტორიტარულ რეჟიმებს შემდეგნაირად აღწერს: ავტორიტარულ სახელმწიფოებში პოლიტიკური პლურალიზმი ან საერთოდ არ გვხვდება, ან იგი უკიდურესად შეზღუდულია. ამ კატეგორიაში შესულ ბევრ ქვეყანაში დიქტატურაა. ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუტი ფორმალურად შესაძლოა არსებობდეს, თუმცა ისინი ძალიან სუსტია. არჩევნები, თუ ტარდება, არ არის დამოუკიდებელი და სამართლიანი. სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები უგლუვებელყოფილია. მედია უმეტესად სახელმწიფოს საკუთრებაშია ან კონტროლირდება მმართველი გუნდის მიერ. მთავრობის კრიტიკა რეპრესირებულია და ძლიერია ცენზურა. არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.[24]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენდრიუ ჰეივუდი, პოლიტიკა, მესამე გამოცემა, საქართველოს მაცნე, 2007;
  • ჟორჟოლიანი გ., ბერეკაშვილი თ., მუსხელიშვილი მ., დემოკრატიზაცია, თბ., 2001;
  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი, სარედ. ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია; თბილისი, ლოგოს პრესი, 2004;
  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი, გაეროს განვითარების პროგრამა, შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე; თბილისი, 2004;
  • Juan J. Linz, An Authoritarian Regime: The Case of Spain, 1964;
  • Juan J. Linz, Totalitarian and Authoritarian Regimes, London, 2000;
  • Furio Cerutti, Conceptualizing Politics: An Introduction to Political Philosophy. Routledge, 2017;
  • Natasha M. Ezrow & Erica Frantz, Dictators and Dictatorships: Understanding Authoritarian Regimes and Their Leaders. Continuum, 2011;
  • Milan W. Svolik, The Politics of Authoritarian Rule. Cambridge University Press, 2012;
  • Adam Przeworski, Democracy and the Market: Political and Economic Reforms in Eastern Europe and Latin America. Cambridge University Press, 1991;
  • J.J.Linz, A.Stephan, Problem of Democratic Transition and Consolidation: Southern Europe, South America, and Post-Communist Europe, The Johns Hopkins University Press, 1996;
  • Nohlen, D., 1987, Autoritäre Systeme, in: Nohlen, D./Waldmann, P. (Ed.): Dritte Welt, Munich/Zurich;
  • Geddes, B., 1999, What do we know about Democratization after twenty years?, in: Annual Review of Political Science, (2);
  • Collier, D., 1979, The New Authoritarianism in Latin America, Princeton. O'Donnell, G. 1973. Modernization and Bureaucratic-Authoritarianism, Berkeley;
  • Mark J. Gasiorowski, The Political Regimes Project, in On Measuring Democracy: Its Consequences and Concomitants (ed. Alex Inketes), 2006;
  • Brian Lai & Dan Slater, 2006, Institutions of the Offensive: Domestic Sources of Dispute Initiation in Authoritarian Regimes, 1950-1992, American Journal of Political Science, 50 (1);
  • Natasha M. Ezrow & Erica Frantz, 2011, Dictators and Dictatorships: Understanding Authoritarian Regimes and Their Leaders, Continuum;
  • Paul C. Sondrol, Totalitarian and Authoritarian Dictators: A Comparison of Fidel Castro and Alfredo Stroessner, Journal of Latin American Studies, Col. 23, No.3, 1991;
  • Erica Frantz, 2018, Authoritarian Politics: Trends and Debates, Politics and Governance, 6 (2);
  • Kevin Koehler, Jana Warkotsch, Putting Institutions into Perspective: Two Waves of Authoritarianism Studies and the Arab Spring, 2011;
  • The Economist Intelligence Unit, Democracy Index 2019, A year of democratic setbacks and popular protest.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი, სარედ. ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია; თბილისი, ლოგოს პრესი, 2004, 351გვ.
  2. მოხელის სამაგიდო ლექსიკონი, გაეროს განვითარების პროგრამა, შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე; თბილისი, 2004, გვ.483.
  3. პოლიტიკური იდეოლოგიები და რეჟიმები
  4. პოლიტიკურ სისტემათა ტიპები
  5. ჰეივუდი ე., პოლიტიკა, მესამე გამოცემა, საქართველოს მაცნე, 2007, გვ., 62
  6. Furio Cerutti, Conceptualizing Politics: An Introduction to Political Philosophy. Routledge, 2017, p.17.
  7. Natasha M. Ezrow & Erica Frantz, Dictators and Dictatorships: Understanding Authoritarian Regimes and Their Leaders. Continuum, 2011, p.17.
  8. 8.0 8.1 8.2 Juan J. Linz, An Authoritarian Regime: The Case of Spain, 1964.
  9. Milan W. Svolik, The Politics of Authoritarian Rule. Cambridge University Press, 2012, pp. 8, 12, 22, 25, 88, 117.
  10. Adam Przeworski, Democracy and the Market: Political and Economic Reforms in Eastern Europe and Latin America. Cambridge University Press, 1991, p.58
  11. J.J.Linz, A.Stephan, Problem of Democratic Transition and Consolidation: Southern Europe, South America, and Post-Communist Europe, The Johns Hopkins University Press, 1996, pp.44-45.
  12. ჟორჟოლიანი გ., ბერეკაშვილი თ., მუსხელიშვილი მ., დემოკრატიზაცია, თბილისი, 2001, გვ., 70.
  13. ჟორჟოლიანი გ., ბერეკაშვილი თ., მუსხელიშვილი მ., დემოკრატიზაცია, თბილისი, 2001, გვ., 75-78
  14. Nohlen, D., 1987, Autoritäre Systeme, in: Nohlen, D./Waldmann, P. (Ed.): Dritte Welt, Munich/Zurich, pp.64-84.
  15. Geddes, B., 1999, What do we know about Democratization after twenty years?, in: Annu. Rev. Polit. Sci. (2), pp.115-144.
  16. Collier, D., 1979, The New Authoritarianism in Latin America, Princeton. O'Donnell, G. 1973. Modernization and Bureaucratic-Authoritarianism, Berkeley.
  17. Mark J. Gasiorowski, The Political Regimes Project, in On Measuring Democracy: Its Consequences and Concomitants (ed. Alex Inketes), 2006, pp. 110-111.
  18. Brian Lai & Dan Slater, 2006, Institutions of the Offensive: Domestic Sources of Dispute Initiation in Authoritarian Regimes, 1950-1992, American Journal of Political Science, 50 (1): pp.113-126.
  19. Natasha M. Ezrow & Erica Frantz, 2011, Dictators and Dictatorships: Understanding Authoritarian Regimes and Their Leaders, Continuum. p. 17.
  20. Paul C. Sondrol, Totalitarian and Authoritarian Dictators: A Comparison of Fidel Castro and Alfredo Stroessner, Journal of Latin American Studies, Col. 23, No.3, 1991, pp.599-620.
  21. ენდრიუ ჰეივუდი, პოლიტიკა, მესამე გამოცემა, საქართველოს მაცნე, 2007, გვ.49.
  22. 22.0 22.1 Erica Frantz, 2018, Authoritarian Politics: Trends and Debates, Politics and Governance, 6 (2): p. 87.
  23. Kevin Koehler, Jana Warkotsch, Putting Institutions into Perspective: Two Waves of Authoritarianism Studies and the Arab Spring, 2011, p.3
  24. The Economist Intelligence Unit, Democracy Index 2019, A year of democratic setbacks and popular protest, p:53.