ავსტრიული სკოლა
ავსტრიული სკოლა (იგივე „ვენის სკოლა“ ან „ფსიქოლოგიური სკოლა“) — ეკონომიკური თეორიების ერთობლიობა, რომელიც განვითარდა მე-19 საუკუნის ბოლოს ავსტრიელი ეკონომისტების მიერ. იგი მხარს უჭერს მკაცრი მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის დაცვას. შედეგად, ავსტრიელები თვლიან, რომ ერთადერთი მოქმედი ეკონომიკური თეორია ლოგიკურად გამომდინარეობს ადამიანის მოქმედების ძირითადი პრინციპებიდან. თეორიისადმი ფორმალური მიდგომის გარდა, რომელსაც ხშირად პრაქსეოლოგიას უწოდებენ, სკოლა ტრადიციულად მხარს უჭერს ისტორიის ინტერპრეტაციულ მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ პრაქსეოლოგიური მეთოდი განსხვავდება თანამედროვე ეკონომისტების უმრავლესობის მიერ მიღებული მეთოდისგან, ავსტრიული მეთოდი მომდინარეობს დედუქციური ეკონომიკური აზროვნების გრძელი ხაზიდან, რომელიც გადაჭიმულია მეთხუთმეტე საუკუნიდან თანამედროვე ეპოქამდე და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ეკონომისტებს, როგორებიც არიან: რიჩარდ კანტიონი, დევიდ ჰიუმი, ა.რ.ჯ. ტურგო, ადამ სმიტი, ჟან-ბატისტ სეი, დევიდ რიკარდო, ნასაუ სენიორი, ჯონ ელიოტ კერნესი და კლოდ ფრედერიკ ბასტია.
ავსტრიული სკოლა შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც „სუბიექტივიზმის მიდგომა მარგინალური ეკონომიკისადმი“ და ფოკუსირება იმ აზრზე, რომ თეორიის ლოგიკური თანმიმდევრულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ემპირიული დაკვირვებების ნებისმიერი ინტერპრეტაცია. სკოლა ხაზს უსვამს პროდუქტის სარგებლიანობის მნიშვნელობას მომხმარებლისთვის. თუ პროდუქტი უხვად იქნება გავრცელებული იგი გამოყენებული იქნება ნაკლებად მნიშვნელოვანი გზებით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი მცირეა და მისი გამოყენებაც ნაკლებად მნიშვნელოვანი, წარმოება მიტოვებული იქნება. მათი მოსაზრება, რომ ღირებულება გამომდინარეობს სარგებლიანობიდან და არა მის წარმოებაში ჩადებული შრომიდან, ეწინააღმდეგებოდა კარლ მარქსის შრომის თეორიას, რომელიც უგულებელყოფდა ნივთის სარგებლიანობას, როგორც მისი ღირებულების საზომს.
ყველაზე ცნობილი ავსტრიელი მიმდევრები არიან კარლ მენგერი, ევგენ ფონ ბომ-ბავერკი, ფრიდრიხ ფონ ვისერი, ლუდვიგ ფონ მიზესი, ფრიდრიხ ჰაიეკი, გოტფრიდ ფონ ჰაბერლერი, მიურეი როტბარდი, ისრაელ კირზნერი, ჯორჯ რაისმანი, ჰენრი ჰაზლიტი და ჰანს-ჰერმან ჰოპი. მიუხედავად იმისა, რომ იგი გარკვეულწილად განსხვავდება ნეოკლასიკური თეორიის ძირითადი ნაწილისაგან — ისევე როგორც კეინსის თეორიის მტკიცე მოწინააღმდეგე — ავსტრიული სკოლა საკმაოდ გავლენიანი იყო შემოქმედებით ფაზაზე მისი აქცენტის გამო.