ავრანლოს ქვა — ქვა ასომთავრული წარწერით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი, მდებარეობს სოფ. ავრანლოს (თეზი) ჩრდილოეთით, მთის კალთაზე, მდინარე ქციის ნაპირზე, წალკიდან 32 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1580 მეტრზე.

ისტორიულ წყაროებში ავრანლო თეზის სახელწოდებით პირველად 1691 წელს მოიხსენიება, როდესაც მეფე ერეკლე I-მა ის ფარემუზ ჯავახიშვილს უწყალობა. „ავრანლო“ კი უწოდეს 1828-1829 წლებში ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. სოფელს გადმოჰყურებს ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო მეოთხედის დიდი ნაციხარი, რომლის ციკლოპური წყობით ნაგები 2-2,5 მ სისქის კედლები განლაგებულია სამ იარუსად: მთის ძირას, ფერდობსა და წვერზე. ნაციხრის მიდამოებში შემორჩენილია განვითარებული ფეოდალური ხანის ეკლესია. მის სამხრეთით, კლდოვან ფერდზე, საფლავის ქვაზე XII–XIII სს.-ის ექვსსტრქონიანი ნუსხურ წარწერაა, საიდანაც ირკვევა, რომ ეს საფლავი ვინმე დაყუდებულ მწიგნობრის ძისაა.

სოფლის ეკლესიები ახალია და ძველ ქართულ სალოცავებზეა აგებული, რასაც მათ წყობაში ჩაყოლებული არქიტექტურულ დეტალები მოწმობს. აქვე (ვახუშტი ბაგრატიონის თქმით) ყოფილა კლდეში გამოკვეთილი აბიბოს ნეკრესელის მონასტერი. კანიონში მართლაც არის გამოქვაბულები და შიგ ორი დარბაზული ეკლესიაა. მათ გვიანდელი ხანის გადაკეთების კვალი ეტყობა, მაგრამ ადრინდელი ფეოდალური ხანის უნდა იყოს. ზედა საყდრის საკურთხეველში შერჩენილია სტელის ან ქვაჯვარის კვარცხლბეკი, რომელზედაც ჯვარია გამოსახული. ქვედა საყდარს მშრალი წყობის გალავანი არტყია, ასეთივე წყობისაა მცირე სადგომები. მონასტერს ჰქონია დარან-სამალავებიც. სოფელში მოქმედებს წმ.გიორგის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია.

ავრანლოს ქვა 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დევი ბერძენიშვილი ავრანლოს ძეგლები // ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.13, გვ. 17-18, თბ. 2006 წელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება