ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი

ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი (გერმ. Adelheid von Löwenstein-Wertheim-Rosenberg, პორტ. Adelaide de Löwenstein-Wertheim-Rosenberg; დ. 3 აპრილი, 1831 — გ. 16 დეკემბერი, 1909) — პორტუგალიის მეფე მიგელ I-ის მეუღლე, თუმცა იგი მხოლოდ მისი ჩამოგდების შემდეგ დაქორწინდა მასზე, ამიტომაც დედოფალი არასდროს ყოფილა. ბრაგანსის ჰერცოგინია 1851-1866 წლებში. თავისი ქალიშვილების ხაზით, მრავალი ევროპელი მონარქის წინაპარი.

ადელაიდა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი
წოდებები
ბრაგანსის ჰერცოგინია
დაიბადა 3 აპრილი, 1831
მიუნხენი, ბავარია, გერმანიის კონფედერაცია
გარდაიცვალა 16 დეკემბერი, 1909, (78 წლის)
უაითი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი
მეუღლე(ები) მიგელ I, პორტუგალიის მეფე
შვილ(ებ)ი მარია დეს ნევესი, სან-ხაიმეს ჰერცოგინია
მიგელი, ბრაგანსის ჰერცოგი
მარია ტერეზა, ავსტრიის ერცჰერცოგინია
მარია ჟუზეფა, ბავარიის ჰერცოგინია
ადელგუნდეში, ხიმარესის ჰერცოგინია
მარია ანა, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია
მარია ანტონია, პარმის ჰერცოგინია
მამა კონსტანტინე, ლოვენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგის მთავარი
დედა აგნესა ჰოენლოჰ-ლანგენბურგელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პრინცესა ადელაიდა დაიბადა 1831 წლის 3 აპრილს მიუნხენში. იგი იყო ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგის მთავარ კონსტანტინესა და მისი მეუღლის, პრინცესა აგნესა ჰოენლოჰ-ლანგენბურგელის ქალიშვილი. ოთხი წლის ასაკში მან დედა, ხოლო შვიდი წლის ასაკში მამაც დაკარგა. ადელაიდასა და მისი ძმის, კარლის აღზრდა მათმა პაპა-ბებიამ, მთავარმა კარლ ტომასმა და პრინცესა სოფია ფონ ვინდიშ-გრაეცმა იკისრეს.

ადელაიდა წარმოადგენდა ბავარიის მმართველ ვიტელსბახების დინასტიის უკანონო წარმომავლობის ლოვენშტაინურ შტოს, ამიტომაც მისი ქორწინება რომელიმე ევროპელ მონარქზე რთულად წარმოსადგენი იყო. მიუხედავად ამისა, 1851 წლის 24 სექტემბერს ადელაიდა დაქორწინდა პორტუგალიის მეფე მიგელ I-ზე. ამ დროს პატარძალი 20 წლის, სიძე კი 49-ის იყო. აღსანიშნავია, რომ მიგელი ამ დროს უკვე აღარ იყო პორტუგალიის მეფე და მხოლოდ ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას, ამიტომაც ადელაიდა დედოფალი არ ყოფილა. მათ პორტუგალიის სამეფო ოჯახმა უბრალოდ ბრაგანსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის წოდება მიანიჭათ, რათა შემოსავალი ჰქონოდათ.

ტახტისათვის პირველი ბრძოლა მიგელს ჯერ კიდევ 1828 წელს მოუხდა თავის ძმისწულ მარია II-თან. მარიას ზურგს მამამისი, ბრაზილიის იმპერატორი პედრუ I-ც უმაგრებდა, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში აბსოლუტიზმის აღდგენას ცდილობდნენ. 1828-34 წლებში მიმდინარე პორტუგალიის სამოქალაქო ომის შემდეგ, სადაც მიგელი დამარცხდა, ტახტი მარიას დარჩა, რომელმაც იგი ქვეყნიდან გააძევა.

პორტუგალიიდან გაძევებული მიგელი დიდ ბრიტანეთში, უაითის კუნძულზე დასახლდა, ამიტომაც ადელაიდა ქორწინების შემდეგ სწორედ იქ ცხოვრობდა. მასა და მიგელს შვიდი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ყველა გადაურჩა ბავშვობაში სიკვდილს, რაც დიდი იშვიათობა იყო. მიგელი 1866 წელს გარდაიცვალა 64 წლის ასაკში. დაქვრივებულმა ადელაიდამ მეორე ქორწინებაზე უარი თქვა და დარჩენილი ცხოვრება თავისი შვილების აღზრდა-განათლებასა და სარფიანად დაქორწინებას შეალია.

1897 წლის 12 ივნისს, თავისი უკანასკნელი ქალიშვილის გათხოვების შემდეგ ადელაიდა მონაზვნად აღიკვეცა. უკანასკნელი წლები მან უაითზე მდებარე რიდეს მონასტერში გაატარა, სადაც გარდაიცვალა 1909 წლის 16 დეკემბერს, 78 წლის ასაკში.

  1. მარია დეს ნევესი (1852-1941), ცოლად გაჰყვა სან-ხაიმეს ჰერცოგ ალფონსო კარლოს დე ბურბონს, რომელიც კარლისტთა პარტიის კანდიდატი იყო ესპანეთის სამეფო ტახტზე, მათ შვილები არ ჰყოლიათ;
  2. მიგელი (1853-1927), ბრაგანსის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ელიზაბეთ ფონ თურნ უნდ ტაქსისი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მარია ტერეზა ფონ ლოივენშტაინ-ვერთეიმ-როზენბერგი. ორივე ცოლთან სულ თერთმეტი შვილი შეეძინა;
  3. მარია ტერეზა (1855-1944), ცოლად გაჰყვა ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგ ავსტრიელს, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა, მათ შორის ლიხტენშტაინის პრინცესა ელიზაბეთ ამალია, რომლის ხაზითაც იგი ლიხტენშტაინის სამთავროს სამეფო ხაზის წინაპარია;
  4. მარია ჟუზეფა (1857-1943), ცოლად გაჰყვა ბავარიის ჰერცოგ კარლ თეოდორს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის ბელგიის დედოფალი ელიზაბეთ ბავარიელი, რომლის ხაზითაც იგი ბელგიის სამეფო დინასტიის წინაპარია;
  5. ადელგუნდეში (1858-1946), ცოლად გაჰყვა ბარდის გრაფ ენრიკე პარმელს, პარმის ჰერცოგ კარლო III-ის უმცროს ვაჟს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  6. მარია ანა (1861-1942), ცოლად გაჰყვა ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგ გულიემ IV-ს, რომელთა შთამომავლებიც არიან ლუქსემბურგის დინასტიის წარმომადგენლები;
  7. მარია ანტონია (1862-1959), ცოლად გაჰყვა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგ რობერტო I-ს, რომელთანაც ცამეტი შვილი შეეძინა, მათ შორის ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ზიტა დე ბურბონ-პარმელი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ფელიჩე და პარმის ჰერცოგი ქსავიერი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "The Book of Kings: A Royal Genealogy" by C. Arnold McNaughton.
  • "Burke's Royal Families of the World", edited by Hugh Montgomery-Massingberd.